აკამანტი თეზევსის ძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აკამანტი.

აკამანტი (ბერძნ. Ἀκάμας, -αντος) — ათენელი გმირი, თეზევსისა და ფედრას ვაჟი. გადმოცემის თანახმად, აკამანტი დიომიდესთან ერთად ტროაში გაგზავნეს მოსალაპარაკებლად ელენეს მშვიდობიანი გზით დაბრუნების თაობაზე. აკამანტს ტროაში პრიამოსის ქალიშვილი ლაოდიკე შეუყვარდა და მასთან კავშირით შეეძინა ვაჟი მუნიტოსი. მას შემდეგ, რაც ელჩთა მოთხოვნა უარყვეს და ტროას ომი დაიწყო, აკამანტი თავის ძმა დემოფონტესთან ერთად, ბერძნების მხარეზე იბრძოდა. აკამანტი სხვა გმირებთან ერთად იმყოფებოდა "ტროას ცხენში". ომის დამთავრების შემდეგ, სხვა ბერძენი გმირების მსგავსად, აკამანტმაც დიდ ხანს იხეტიალა, სანამ შინ დაბრუნდებოდა. ხეტიალში იგი კუნძულ კვიპროსზე გადავიდა და იქ კოლონია დააარსა. შინ დაბრუნების შემდეგ, აკამანტი დემოფონტესთან ერთად ათენის მმართველად ითვლებოდა.