ავლაბრის ფერისცვალების ეკლესია
ავლაბრის ფერისცვალების ეკლესია, თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი, დარიის მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი თბილისში, ავლაბარში, ურბნისის ქუჩის №1-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა ფერისცვალების ეკლესია მეფე ერეკლე მეორის მეუღლემ, დარეჯან დედოფალმა ააშენა, როგორც მის მიერვე აგებული სასახლის — „საჩინოს“ კარის ეკლესია. სასახლის კომპლექსში შედიოდა, ასევე, მისი საცხოვრებელი და სხვადასხვა დამხმარე სათავსები. ეკლესია აგებულია 1770-ან წლებში დარეჯან დედოფლის მიერ შემოზღუდულ ციხე-სიმაგრის კედლებზე, რომლის კოშკები, ბურჯები და კედლები ამოყვანილია რიყის ქვისა და ქართული აგურის შერეული წყობით.
ეგნატე იოსელიანის კატალოგში ვკითხულობთ:
1795 წელს აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აღებისას ეკლესია და სასახლე დაზიანდა, მაგრამ მალე აღადგინეს. საქართველოს ეგზარქოსმა მიტროპოლიტმა თეოფილაქტემ აქ დააარსა სამრევლო სასწავლებელი და სასულიერო პირთა ბავშვებისათვის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სემინარია. პლატონ იოსელიანის ცნობით, საქართველოს ეგზარქოსმა მიტროპოლიტმა იონამ წმინდათა ერეკლესა და დარიას ეკლესია ფერისცვალების ეკლესიის სახელზე აკურთხა 1822 წელს.
მოსე ჯანაშვილი მოგვითხრობს:
საქართველოს გასაბჭოებისა და მოქალაქეების სტიქიურად შესახლების შემდეგ კომპლექსი არაერთხელ გადაკეთდა, დაემატა მინაშენები. 1970 წლებში დაიწყო საჩინოდან მობინადრეთა გასახლება. ეკლესიაში განთავსებული იყო 26 კომისრის მუზეუმი, შემდეგ ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი.
ძეგლის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესია აგურისა და ქვის შერეული წყობით არის ნაგები. ის დარბაზული ტიპისაა, გადახურულია კამარით, რომელსაც შუაზე საბჯენი თაღი აქვს. ორქანობიანი სახურავი დაბურულია კრამიტით. საკურთხევლის აფსიდი გარედან ნახევარწრიულად არის შვერილი. ფასადებზე აგურის წყობაში გამოყვანილია ჯვრების და რომბების ვერტიკალური მწკვრივები. შენობაში გამოყენებულია ირანული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ელემენტები — დაბალი შეისრული თაღები, აგურის კბილანებიანი წყობის ტიმპანები. XIX საუკუნეში მიაშენეს უყელო გუმბათით გადახურული, სივრცესთან ფართო თაღით დაკავშირებული კარიბჭე, რომელსაც კლასიცისტური ყაიდის შპილიანი სამრეკლო ადგას.
ეკლესიის ინტერიერის მოხატულობა XIX საუკუნის II ნახევრით თარიღდება და ანტონ და დავით გეგელიძეთა მიერ არის შესრულებული. საკურთხევლის აფსიდი 2001 წელს თავიდან მოიხატა.
მონასტრის ტერიტორიაზე 1999 წლიდან არქიტექტორების თეიმურაზ ბერიძისა და ზაზა ციციშვილის პროექტის მიხედვით ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. მოიხსნა შელესილობა და აღდგა აგურის კედლების თავდაპირველი წყობა. მოიხსნა, ასევე, ცრუ გუმბათი ტაძრის ორქანობიანი სახურავიდან. ეკლესიის სამხრეთ მხარეს აშენდა სატრაპეზო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 292-297