ადოლფ რემერტის საფლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რემერტის საფლავი

ადოლფ რემერტის საფლავი — „თბილისის გუბერნიის მინერალური წყლების საგანგებო სამმართველოს“ ხელმძღვანელის, ადოლფ რემერტის საფლავი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.

რემერტის დამსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბასთუმნის, როგორც დასახლების აყვავების ხანა დაკავშირებულია ადოლფ რემერტის სახელთან. იგი იყო ახალშექმნილი ორგანიზაციის „თბილისის გუბერნიის მინერალური წყლების საგანგებო სამმართველოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც დაევალა მინერალური წყლების ტერიტორიების კეთილმოწყობა. იმავე წელს ადოლფ რემერტმა აღძრა შუამდგომლობა დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის წინაშე აბასთუმანში გზის გაყვანის თაობაზე. მოგვიანებით ადოლფ რემერტმა თავისი პროგრამა წარუდგინა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას, საბოლოოდ, პროგრამა მოიწონა დიდმა თავადმა, კავკასიის მეფისნაცვალმა.

კავკასიის სამედიცინო უწყებამ 1870-იანი წლების ბოლოს აბასთუმნის კეთილმოსაწყობად დააბანდა 500 000 მანეთი. ამის შემდეგ აბასთუმანი გახდა სანიმუშო ბალნეოთერაპევტული კურორტი. აიგო საუკეთესო სააბაზანო შენობა მარმარილოს აბაზანებით (აბანოს კომპლექსი), მოეწყო ცხელი წყლის გამაგრილებელი და გადამყვანი სისტემები, სხვადასხვაგვა შხაპები, მინერალური წყლის ინჰალაციის აპარატურა, ელექტროაბაზანება და სხვა. მთავარი სააბაზანო შენობის წინ გაშენდა "რემერტის პარკი" აუზითა და შადრევნით. პარკის ბოლოს 1883 წელს აშენდა „რემერტის ხიდი“.

ადოლფ რემერტის სახელს უკავშირდება კურორტ აბასთუმნის განვითარება. მას შედგენილი ჰქონდა არა მარტო საკუთრივ წყაროების გამოყენებისა და მოწესრიგების, არამედ მთელი კურორტის კეთილმოწყობის პროგრამა. პროგრამაში გათვალისწინებული იყო:ხეივნის, სანაპიროს, წყალსადენის, კანალიზაციის მოწყობა, „კურზალის“ აგება, დიდი სასტუმროს მშენებლობა, ამ პერიოდში აშენდა მდინარე ოცხეს ჯებირები და მოწესრიგდა მისი კალაპოტი. ასეთი ფართო პროგრამა იზიდავდა აბასთუმანში სააგარაკო მიწის ნაკვეთების შეძენის მრავალ მსურველს.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადოლფ რემერტი აბასთუმანში მოღვაწეობდა 1890-1891 წლებში. იგი გარდაიცვალა სამშობლოში, გერმანიაში, თუმცა მისი სურვილის თანახმად დაკრძალულია აბასთუმანში, დღევანდელი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მისი საფლავი პირდაპირ გადაჰყურებს მინერალური წყლების ტერიტორიას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20160