ადგილის დედა (გომბორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადგილის დედა (მრავალმნიშვნელოვანი).

ადგილის დედა — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის ჩრდილოეთით სამიოდე კილომეტრზე. განეკუთვნება სავარაუდოდ გვიანდელ შუა საუკენეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,78X4,32 მეტრზე), ნაგებია სხვადასხვა ზომის, სრულიად დამუშავებული, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. ქვები, ზომისა და ფორმის მიხედვით, შერჩეული არ არის. ისინი შემთხვევით არის დაწყობილი რის გამოც წყობა ქაოსურია.

ძეგლი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. მისგან მხოლოდ აფსიდი დგას, თუმცა, ისიც შუაშია განგრეული. გვერდები გადმოხრილია ცენტრისაკენ და ნგრევის პირასაა მისული. დანარჩენი კედლები მიწის დონიდან 0,5-1 მეტრზეა შემორჩენილი. მთავარი შემოსასვლელის სამხრეთ კედლის შუა ნაწილი, ხოლო დასავლეთ კედლის სამხრეთი ნახევარი აკლია. ინტერიერში ამოსულია ხეები და დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე, ნანგრევებითა და მიწითა ამოვსებული.

შესასვლელი (გასუფთავების გარეშე კვალი არ ჩანს) ეკლესიას სამხრეთით ჰქონია. დარბაზი იმდენად მოკლეა, რომ მისი განივი ღერძი, დაახლოებით 1 მეტრით, აღემატება გრძივ ღერძს. აფსიდი ნახევარწრიულია, მასში განიერი, გარეთკენ შევიწროვებული სარკმელია გაჭრილი. მის ორივე მხარეს კი სიმეტრიულად განლაგებული მცირე ზომის, ორი ოთხკუთხა ნიშაა მოწყობილი. ნაშთებიდან ჩანს, რომ სარკმელი თაღოვანი ყოფილა.

ეკლესიის შემორჩენილ კედლებს საფასადე წყობა თითქმის მთლიანად აქვს ჩამოცვენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]