აბასთუმნის სურბ-გევორქის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის სურბ-გევორქის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. ეკლესია ძირითადად თლილი ქვითაა ნაგები, გამოყენებულია აგრეთვე აგური, რომლითაც ამოყვანილია თაღები და კამარები. მის არქიტექტურაში ძველი ქართული ეკლესიის ორნამენტული დეკორის ელემენტებია ჩართული. ეკლესია დგას ტყით დაფარული ფერდობის ძირში, სპეციალურად მოსწორებულ ადგილზე, რომელიც ქუჩის სავალი ნაწილიდან ფლეთილი ქვით ნაგები საყრდენი კედლითაა გამიჯნული. ნაგებობის აღმოსავლეთი ფასადი კლდეზეა მიბჯენილი. დანარჩენი სამი მხრიდან შენობის აღქმა თავისუფლადაა შესაძლებელი, რადგან განაშენიანება ამ მონაკვეთში არ არის. გასულ საუკუნეში აქ პურის საცხობი ფუნქციონირებდა, რის გამოც მას მიაშენეს უსახური სათავსოები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ჩრდილოეთის მინაშენი მთელ სიგრძეზე გაუყვება ფასადს, ხოლო სამხრეთი მინაშენი ფასადის შუამდე აღწევს. დასავლეთიდან შენობას დამოუკიდებელი ორფერდა სახურავით გადახურული კარიბჭე აქვს მიდგმული. მას აშკარად ემჩნევა გვიანდელი განახლების კვალი, რაზეც მეტყველებს საფასადე წყობაში უსისტემოდ ჩართული პროფილირებული ქვები. ფასადები მოზრდილი, ერთმანეთზე კარგად მორგებული ქვებითაა ნაწყობი. ჩრდილოეთ და დასავლეთ ფასადის ზედა ნაწილებში ძველი ქართული ეკლესიის (სავარაუდოდ XIII საუკუნის) ორნამენტული კოპებია ჩართული წყობაში. მოზრდილ თაღოვან სარკმლებს პროფილირებული საპირეები აქვს. ზოგიერთი მათგანის ფრამუგაში შერჩენილია ის საცხოვრებელი არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ალათები. ეკლესიის ძირითად ნაწილს აქვს ლილვისა და წრეთარგისაგან შემდგარი კარნიზი. დასავლეთი კარიბჭე პორტალითაა გაფორმებული, რომლის ძირითად ელემენტს ორმაგი ლილვისგან შემდგარი ნახევარწრიული კედლის თაღი შეადგენს. შენობის ინტერიერი ძალზე სახეცვლილია. კედლები ნაწილობრივ ზეთის საღებავითაა დაფარული. ირგვლივ პურის საცხობის ნამსხვრევები და სამშენებლო ნაგავია მიმოფანტული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6261