Strv-103

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Strv-103c

Stvr 103 — შვედური ტანკი STRV-103, რომელიც ასევე ცნობილია აღნიშვნით „S“. ამ ტანკის პირველი საცდელი ნიმუშები 1961 წელს დამზადდა, ხოლო 1977 წლამდე მისი სერიული წარმოება მიმდინარეობდა. სულ გამოშვებული იყო 330 ეგზემპლარი და ისინი დღემდე შვედეთის არმიის ჯავშანსატანკო ბრიგადების შეიარაღებაზეა.

ტანკის კონსტრუქციას საფუძვლად უდევს სქემა, რომელიც სრულიად განასხვავებს მას სხვა ტანკებისგან. ეს არის მანქანა კოშკურის გარეშე, რომლის ძირითადი შეიარაღება — 105 მმ-იანი ქვემეხი — მყარად არის დამაგრებული კორპუსის შუაში, საბრძოლო განყოფილებაში. დამიზნება კი ხდება ტანკის შესაბამის მხარეზე მობრუნებით და მთელი კორპუსის გადახრით. სხვა ტანკებისგან განსხვავებით, იგი უნდა გაჩერდეს და მხოლოდ ასე აწარმოოს სროლა. ტანკის წინა ნაწილში ძრავა-ტრანსმისიული განყოფილებაა მოთავსებული. უკანა ნაწილში კი დამონტაჟებულია ქვემეხის გადამტენი ავტომატი. ტანკის საბრძოლო განყოფილება იმავდროულად მართვის განყოფილებაც არის. აქ იმყოფება ეკიპაჟის ყველა წევრი: მეთაური — ქვემეხის მარჯვნივ, დამმიზნებელი (იმავე დროს, იგი მძღოლი-მექანიკოსიცაა) — ქვემეხის მარცხნივ, დამმიზნებლის უკან, მისკენ ზურგშექცევით ზის რადისტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია უკუსვლის დროს მართოს ტანკი.

STRV-103-ის კორპუსი შედუღებულია ჯავშნიანი ფოლადის ფურცლებისგან. ჯავშანტყვიის ეფექტურობა გაზრდილია იმით, რომ ჯავშანფურცლები ვერტიკალის მიმართ დიდი კუთხით არის დახრილი.

ქვემეხის უძრავი დანადგარის ვარიანტი კონსტრუქტორებმა იმისთვის აირჩიეს, რათა მას ჰქონოდა შედარებით მარტივი და საიმედო გადამტენი ავტომატი, რომელიც შედგებოდა გამომტანი და მიმწოდებელი მექანიზმებისა და სამი მჭიდისგან. ერთი მჭიდი დაყენებულია ქვემეხის მარჯვნივ, რომლის ტევადობაა 25 ჭურვი, ორი დანარჩენი მჭიდი 20 და 5 ჭურვით — ქვემეხის მარცხნივ. ავტომატი უზრუნველყოფს საკმაოდ მაღალი სროლის სიჩქარეს — 12-15 გასროლა წუთში. გასროლილი მასრები ამოვარდება ლუქიდან, ლუქი ასევე ვენტილაციისთვის გამოიყენება.

გადატენვის ავტომატის საკმაო გამარტივების პარალელურად, კონსტრუქტორებმა ამავე ხარისხით გაართულეს მისი სავალი ნაწილი, რომელიც გამოიყენება ქვემეხის დამიზნებისთვის. ვერტიკალურ სიბრტყეში დამიზნება ხორციელდება კორპუსის უკანა ნაწილის აწევა-დაწევით, ჰიდროპნევმატური სისტემის დახმარებით, ჰორიზონტალურ სიბრტყეში — მთელი ტანკის მობრუნებით.

STRV-103-ის დამხმარე შეიარაღებას წარმოადგენს ორი 7,62 მმ-იანი საკურსო (მიმართულებითი) ტყვიამფრქვევი, რომლებიც დაყენებულია კორპუსის მარცხენა წინა ნაწილში, ჯავშნიან კოლოფში. ასევე 7,62 მმ-იანი საზენიტო ტყვიამფრქვევი, რომელიც სამეთაურო კოშკურის მარცხნივ არის დაყენებული. იგი იმართება დისტანციურად საბრძოლო განყოფილებიდან და შეუძლია აწარმოოს სროლა როგორც მიწისზედა, ისე დაბალსიჩქარიანი საჰაერო მიზნების მიმართ. კვამლის „ფარდების“ შესაქმნელად სამეთაურო კოშკურის ორივე მხარეს დაყენებულია ოთხლულიანი ყუმბარმტყორცნები, კოშკურის უკან კი მოთავსებულია ორლულიანი 71 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი „ლირანი“ მანათობელი ყუმბარების სროლისთვის.

რესურსები ინტერტნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Strv-103&oldid=2539821“-დან