ჰიპატია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Hypatia (Charles William Mitchell).jpg

ჰიპატია ალექსანდრიელი (ძვ. ბერძნ. Ὑπᾰτία ἡ Ἀλεξάνδρεῖα; 370(?)—415) — ანტიკური სამყაროს და ერთ-ერთი უძველესი თვალსაჩინო ბერძენი ქალი-მეცნიერი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი. ასწავლიდა ალექსანდრიაში. იყო ალექსანდრიული ნეოპლატონური სკოლის წინამძღვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

განათლება ჰიპატიამ თავის მამისგან, ტეო ალექსანდრიელისგან მიიღო, რომელიც ალექსანდრიული სკოლის მეცნიერთა რიგს ეკუთვნოდა. დაახლ. 400 წელს ჰიპატია სკოლაში ლექციების წასაკითხად მიიწვიეს, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ფილოსოფიის კათედრა დაიკავა. ასწავლიდა პლატონის და არისტოტელეს ფილოსოფიას. აგრეთვე მათემატიკას. ითვლიდა ასტრონომიულ ცხრილებს. აკომენტირებდა სხვადასხვა მეცნიერთა ნაშრომებს. მაგალითად აპოლონიოს პერგელის და დიოფანტე ალექსანდრიელის. ამ ნაშრომებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ისტორიკოსი სოკრატ სქოლასტიკოსი ასე ახასიათებდა ჰიპატიას:

ვიკიციტატა
„ მან ისეთი ცოდნა მოიხვეჭა, რომ თანამედროვე ფილოსოფოსებს გადააჭარბა. იყო პლატონის სკოლის მემკვიდრე და მსურველებს ასწავლიდა ყველა ფილოსოფიურ მეცნიერებას. ამიტომაც ფილოსოფიის შესწავლის მსურველნი მისკენ ყველა მხრიდან მიემართებოდნენ. თავისი განათლებით და თავდაჯერებულობის ღირსეული გრძნობით, იგი მოკრძალებით მდგარა მბრძანებელთა წინაშეც კი. არ განიცდიდა არავითარ სირცხვილს რომ მამაკაცთა გარემოცვაში იმყოფებოდა, რადგან არაჩვეულებრივი მოკრძალების გამო ყველა პატივს სცემდა და აღმერთებდა მას.“

გარდაცვალება[რედაქტირება]

ჰიპატია მონაწილეობას იღებდა ალექსანდრიის საქალაქო პოლიტიკაში, გააჩნდა რა გავლენა ქალაქის პრეფექტ ორესტეზე. ეს ეპისკოპოს კირილეს მუდმივ უკმაყოფილებას იწვევდა. ამასთან ერთად კირილეს ქალი-მეცნიერის დამოუკიდებელი და განათლებული, არაქრისტიანული ფიგურა აღიზიანებდა. პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, სწორედ მისი ორგანიზებული უნდა იყოს ბრბოს მიქსევა ჰიპატიაზე და მისი ძალადობრივი სიკვდილი, რაზეც ქრისტიანობას დღემდე ბოდიში არ მოუხდია.

ორიგინალი[რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ἐπεὶ γὰρ συνετύγχανε συχνότερον τῷ Ὀρέστῃ͵ διαβολὴν τοῦτ΄ ἐκίνησε κατ΄ αὐτῆς παρὰ τῷ τῆς ἐκκλησίας λαῷ͵ ὡς ἄρα εἴη αὕτη ἡ μὴ συγχωροῦσα τὸν Ὀρέστην εἰς φιλίαν τῷ ἐπισκόπῳ συμβῆναι. Καὶ δὴ συμφρονήσαντες ἄνδρες τὸ φρόνημα ἔνθερμοι͵ ὧν ἡγεῖτο Πέτρος τις ἀναγνώστης͵ ἐπιτηροῦσι τὴν ἄνθρωπον ἐπανιοῦσαν ἐπὶ οἰκίαν ποθέν• καὶ ἐκ τοῦ δίφρου ἐκβαλόντες͵ ἐπὶ τὴν ἐκκλησίαν ᾗ ἐπώνυμον Καισάριον συνέλκουσιν͵ ἀποδύσαντές τε τὴν ἐσθῆτα ὀστράκοις ἀνεῖλον• καὶ μεληδὸν διασπάσαντες͵ ἐπὶ τὸν καλούμενον Κιναρῶνα τὰ μέλη συνάραντες πυρὶ κατηνάλωσαν. Τοῦτο οὐ μικρὸν μῶμον Κυρίλλῳ καὶ τῇ Ἀλεξανδρέων ἐκκλησίᾳ εἰργάσατο• ἀλλότριον γὰρ παντελῶς τῶν φρονούντων τὰ Χριστοῦ φόνοι καὶ μάχαι καὶ τὰ τούτοις παραπλήσια. Καὶ ταῦτα πέπρακται τῷ τετάρτῳ ἔτει τῆς Κυρίλλου ἐπισκοπῆς͵ ἐν ὑπατείᾳ Ὁνωρίου τὸ δέκατον͵ καὶ Θεοδοσίου τὸ ἕκτον͵ ἐν μηνὶ Μαρτίῳ͵ νηστειῶν οὐσῶν.“

ქართული თარგმანი[რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ვინაიდან იგი ძალზე ხშირად საუბრობდა ორესტესთან, ამან განარისხა [ეკლესიის მეთაურნი], რადგან ფიქრობდნენ რომ პითია არ აძლევდა ორესტეს კირილესთან მეგობრობის საშუალებას. ამიტომაც ცხელთავიანი ხალხი, ვინმე პეტრეს მეთაურობით ერთხელ შეითქვნენ და თავს დაესხნენ ამ ქალს, როცა იგი საიდანღაც სახლში ბრუნდებოდა. მათ იგი ძალით წაათრიეს კესარიად წოდებულ ეკლესიაში, გააშიშვლეს და თავის ქალა გაუხეთქეს, [დაჯიჯგნეს], სხეულის [ნაწილები] დაყარეს ადგილზე, რომელსაც კინარონი ეწოდება და დაწვეს. ამან არცთუ ისე ცოტა მწუხარება და [სირცხვილი] მოუტანა როგორც კირილეს, ასევე ალექსანდრიის ეკლესიას, რადგანაც მხეცური მკვლელობა სრულებით უცხოა ქრისტეს სულით მოფიქრალთათვის. ეს მოხდა ეპისკოპოს კირილეს მეოთხე წელს, კონულ ჰონორიას მეათე და კონსულ თეოდოსის მეექვსე წელს. მარტის თვეში, მარხვის დროს“

შედეგები[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსი სოკრატი ჰიპატიას ძალადობრივ სიკვდილში ,,ვინმე პეტრეს" ადანაშაულებს, გვიანდელი ავტორები დამნაშავედ კირილეს ასახელებენ, რომლის მოგვიანებით წმინდანად კანონიზაცია მოხდა. საინტერესოა, რომ 1970 წელს კრებულ ,,ეკლესიის რეფორმატორებში" ეპისკოპოს კირილეზე აღნიშნულია: ,,ის სულ ცოტა მორალურად პასუხისმგებელია კეთილშობილი წარმართის, ჰიპატიას მკვლელობაში." ტინეფელდი აღნიშნავს: ,,შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ რომ კეთილშობილი და მაღალი განათლების მქონე ქალი იყო ფანატიკოსი ეპისკოპოსის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი." მიუხედავად ამ და ბევრი სხვა ავტორის ერთსულოვანი თანხმობისა, ეკლესია დღემდე ჯიუტად უარყოფს კირილეს მაპროვოცირებელ როლს ჰიპატიას ტრაგედიაში. ვატიკანის პოზიცია დღემდე უარყოფითია.

ჰიპატიას სიკვდილს მოგვიანებით მეცნიერთა მასობრივი ემიგრაცია მოჰყვა ალექსანდრიიდან, რითიც დაუყოვნებლივ ისარგებლეს ქრისტიანმა ფანატიკოსებმა და ანტიკური ეპოქის საგანძური - ალექსანდრიის ბიბლიოთეკა დაწვეს. ამდენად, ანტიკური ცოდნის კოლოსალური და ფასდაუდებელი ნაწილი სამუდამოდ დაიკარგა. მისი სიკვდილის შემდეგ ალექსანდრიის ნეოპლატონური სკოლა დაკნინდა და უბრალო ღვთისმეტყველების სკოლად იქცა.

ფილოსოფია და სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება]

ადრე ითვლებოდა, რომ ჰიპატია წარმართი წამებული იყო. დღეს ბევრი ვარაუდობს, რომ იგი ლოიალურად იყო განწყობილი ქრისტიანობის მიმართ. თუმცა ამასთან ერთად, აღიარებდა გონების პრიმატს რელიგიაზე. აყალიბებდა რა პიროვნული თავისუფლების, თავისუფალი ეკონომიკის და მერიტოკრატიის საფუძვლებს, ჰიპატია თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ მატრიარქად მიიჩნევა. ჰიპატიას ბიზანტიის იმპერატორის, იულიანესეულ წარმართობის რესტავრაციაში მონაწილეობა არ მიუღია.

ითვლება, რომ ჰიპატიას გამოგონილია ან მისი სრულყოფილია დისტილატორი (ხელსაწყო გამოხდილი წყლის მისაღებად), არეომეტრი (ხელსაწყო სითხის სიმკვრივის გასაზომად); მისი სრულყოფილია კლავდიუს პტოლემაიოსის ასტროლაბი (ტელესკოპამდელი ასტრონომიის უმთავრესი დამზერითი ხელსაწყო მნათობთა გადაადგილების კუთხეების საანგარიშოდ) და პლანისფერო. (ზეცის ბრტყელი და მოძრავი რუკა).

ჰიპატიას მამამისთან, ტეოსთან თანამშრომლობით ეკუთვნის გვიანანტიკური ეპოქის ისეთი შედევრები როგორიცაა: დიოფანტეს მ-13 წიგნის ,,არითმეტიკის" კომენტარები, ალმაგესტ პტოლემაიოსის ტეოსეული კომენტარების მესამე წიგნის რედაქცია, ევკლიდეს საწყისების ტეოსეული კომენტარების რედაქცია, კომენტარები აპოლონის პერიგესადმი, ასტრონომიის კანონები.

ხსოვნა[რედაქტირება]

  • ,,ჰიპატია," კრატერი მთვარეზე.
  • 238 ჰიპატია-ასტეროიდი, აღმოჩენილი 1884 წელს.
  • 1720 წელს ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯონ ტოლანდმა ჰიპატიას თავისი ერთ-ერთი თხზულება ,,ტეტრამიდა" მიუძღვნა, სადაც იგი წერს:
ვიკიციტატა
„კეთილშობილი, ქველმოქმედი და ღირსეული ქალბატონი ალექსანდრიელმა სამღვდელოებამ ნაფლეთებად აქცია, რათა დაეკმაყოფილებინათ თავიანთი არქიეპისკოპოსის სიამაყე, შური, სიხარბე, ფანატიზმი და სისასტიკე, რომელიც მოგვიანებით დაუმსახურებლად წმინდანად შერაცხეს.“
  • ჰიპატიაზე ალეგორიულად წერდა ვოლტერი პარიზში მომხდარ ამბავზე, სადაც კარმელისტი ბერები აწამებენ პარიზელ ლამაზმანს იმისთვის რომ იგი მარიამ მაგდალინელისადმი მიძღვნილი კარმელიტების პოემის კითხვას ჰომეროსის კითხვას ამჯობინებს.
  • XIX საუკუნის ფრანგი მწერალი ლეკონტ დე ლილი ჰიპათიას მომაკვდავი ელინისტური კულტურის, პლატონის სულის და აფროდიტეს სხეულის უკანასკნელ განსახიერებად წარმოაჩენს.
  • ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ჩარლზ კინგსილმა ჰიპათიას რომანი მიუძღვნა.
  • ოლდოს ჰაქსლი თავის რომან ,,კონტრაპუნქტში" ქალი-გმირის დასახასიათებლად შემდეგ შედარებას იყენებს: ,,ძალიან საყვარელი კია, მაგრამ ჰიპათია ნამდვილად არაა."
  • უკრაინელი მწერალს ოლესია ბერნიკს თავის ნაწარმოებში ერთ-ერთ პერსონაჟად ჰიპათია შემოჰყავს.
  • ასტროფიზიკოსი და მეცნიერების პოპულარიზატორი კარლ საგანი წიგნში ,,კოსმოსი" დეტალურად აღწერს ჰიპათიას ტრაგედიას და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის განადგურებას.
  • რომან ,,ბაუდოლინოში" უმბერტო ეკო აღწერს იდუმალ ჰიპათიების ტომს, ჰიპათიას შთამომავლებს. ტომი არაჩვეულებრივი სილამაზის და ჭკუის ქალებისგან შედგება, რომლებიც ამტკიცებენ რომ ჰიპათიას შთამომავლები არიან და ალექსანდრიიდან მისი სიკვდილის შემდეგ გაიქცნენ.
  • 2009 წლის ალეხანდრო ამენაბარის მაღალბიუჯეტიან ფილმში ,,აგორა," რომელიც ჰიპათიას ისტორიას აღწერს, ჰიპათიას როლს რეიჩელ ვაისი თამაშობს.

ლიტერატურა[რედაქტირება]