ჯონ მეინარდ კეინსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ კეინსი

ჯონ მეინარდ კეინსი (John Maynard Keynes; დ. 5 ივნისი, 1883 - გ. 21 აპრილი, 1946) — ბრიტანელი ეკონომისტი, რომლის იდეებმა (კეინსიანიზმი) უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია თანამედროვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაზე, ასევე მრავალი მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზე. ის ქადაგებდა ინტერვენციულ სამთავრობო პოლიტიკას, რომლითაც მთავრობას ფისკალური და მონეტარული ზომების გამოყენებით ეკონომიკური ვარდნის, დეპრესიებისა და ბუმის უარყოფითი ეფექტების შემსუბუქება შეეძლო. მას თანამედროვე თეორიული მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მამად მიიჩნევენ.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა კემბრიჯში. მისი მოძღვრება და იდეები საფუძვლად დაედო არა მარტო ინგლისის, არამედ მრავალი სხვა სახელმწიფოების ეკონომიკურ პოლიტიკას. კეინსის მოღვაწეობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდის მანძილზე კეინსს ეკავა ინგლისის ბანკის დირექტორის თანამდებობა, მონაწილეობდა ვერსალის საზავო კონფერენციის მუშაობაში, ანტანტის უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოში და ა. შ. კეინსის აქტიური მონაწილეობის შედეგად ჩამოყალიბდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (იგივე მსოფლიო ბანკი)

1906 წლიდან იგი მოღვაწეობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც ა.მარშალი ს შეხედულებები იყო გაბატონებული. მიუხედავად იმისა, რომ კეინსი საკუთარ თავს მარშალის მიმდევრად თვლიდა, "კემბრიჯის სკოლის" კრიზისის შემდეგ მან უკვე დაიწყო მარშალის იდეების გაკრიტიკება. 1936 წელს გამოქვეყნდა მისი მთავარი ნაშრომი "დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია". 1944 წელს ა. შ. შ-ში, ბრეტონ-ვუდსში ჩატარებულ კონფერენციაზე იგი დიდი ბრიტანეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

საზოგადოების ნორმალური განვითარებისათვის კეინსი მიზანშეწონილად თვლიდა სახელმწიფოს აქტიურად ჩარევას, ანუ ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებას. იგი მიიჩნევდა, რომ სრული დასაქმების მიღწევა, ასევე უმუშევრობისა და კრიზისების ლიკვიდაცია ამ გზით იყო შესაძლებელი.

კეინსი მრავალი ნაშრომის ავტორია, მათგან აღსანიშნავია: „ინდოეთის ვალუტა და ფინანსები“, „ვერსალის საზავო ხელშეკრულების ეკონომიკური შედეგები“, „ტრაქტატი ფულის რეფორმის შესახებ“ და სხვა. საერთოდ, კეინსის ნაშრომებში დიდი ადგილი ეთმობა ფულის თეორიის საკითხებს, იგი იცავდა ფულის ნომინალისტურ თეორიას.