ხელოსანთა უბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხელოსანთა უბანი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს თელავის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, „ძველი გალავნის“ სახელწოდებით ცნობილ უბანში, ციხე-დარბაზის სამხრეთი. ქვედა ფენა თარიღდება VIII-X საუკუნეებით, ზედა XI-XIII საუკუნეებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადაზვერვო თხრილში გამოვლინდა რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობის ნაშთი, რომლის ერთ-ერთი კედლის ძირში დადასტურდა ადამიანის ჩონჩხი ბრინჯაოს სადა ბეჭდითა და რკინის სამაჯურით, კერამიკისა და მინის საგანთა მრავალი ნატეხი და კერამიკული საელოსნოს ნაშთი. სახელოსნო მოიცავდა 50-მდე მ2-ს, თხრილის ფართობი დაფარული იყო ღორღით. აღმოჩნდა რიყის ქვითა და კირით ნაშენი კედელი, ღარისებრი კრამიტების ნატეხები. კრამიტყრილის ქვეშ - ყვითელი, სქელი, კირქვიანი და თიხანარევი ნიადაგი, ყვითელ, ოვალურბოლოიან ქანში, ამოჭრილი იყო მცირე ფოსოები, რომელშიც ორწმკრივად თიხის მოუჭიქავი ჭურჭელი იყო ჩადგმული. ნაგებობას გვერდიდან საბურველივით ჰქონდა დატანებული ქვით გადახურული კარი, ორი გვერდი კი რიყის ქვით ჰქონდა ამოშენებული. ტერიტორიაზე დადასტურდა დანახშირებული ძელები.

ქურის გათხრისას, კერამიკის მასალის მმიხედვით, გამოიყო ორი ფენა, პირველში, მიწის ზედაპირიდან 0,8-1 მეტრ სიღრმეზე, გამოვლინდა მოჭიქული და მოუჭიქავი, ერთფერი და მრავალფეროვანი ორნამენტითა და სხვადასხვა ტექნიკით შემკული ჯამეები, ლანგრები, სამტუნა და სწორპირიანი ხელადების, კოკების, ქოთნების, ჭინჭილების, საექველების, ქილების, ტუჩიანი, სადა ბადიის, წერნაქიანი თეფშების, თხელკედლიანი ჭურჭლის მთლი და ფრაგმენტული ნიმუშები, II ფენაში, რომლის იატაკი მიწის ზედაპირიდან 1,7 სმ სიმარლეზე იყო შემორჩენილი, გამოიკვეთა საბერვლის კარი. აღმოჩნდა 1 ფენისგან სრულიად განსხვავებული, ერთმანეთის გვერდით ჩალაგებული, თიხის მოუჭიქავი ჭურჭელი. აღმოჩენილი კერამიკა ადგილზევე უნდა იყოს ნაწარმოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]