ხაშხაში (Papaver somniferum) — ერთწლოვანი ბალახოვანი დეკორატიული მცენარე ყაყაჩოს გვარისა. მისი სიმაღლე 80-150 სმ აღწევს. მთავარღერძიანი ფესვი, სუსტად დატოტვილი სწორმდგომი ღერო, ღერომხვევი ფოთოლი. ღერო და ფოთოლი დაფარულია ცვილისებრი ნაფიფქით. ყვავილი დიდია, მარტოული, 4 გვირგვინის ფურცელი აქვს, ჩვეულებრივ თეთრია ან იისფერი.
ნაყოფი კოლოფია, უმეტესად უხსნადი. თესლი წვრილია, მომრგვალო ან კვირტისებრი. 1000 ცალის მასაა 0,24-0,45 გ. მცენარის სავეგეტაციო პერიოდია 85-135 დღე. თესლი შეიცავს 40-50% ცხიმს. მისი ზეთი კარგი პროდუქტია, იყენებენ საკონდიტრო-საკონსერვო მრეწველობაში, აგრეთვე საღებავების დასამზადებლად. ხაშხაშის ზოგიერთი ჯიშისგან იღებენ ოპიუმსა და ალკალოიდებს, რომელთაც მედიცინაში იყენებენ ძილის მომგვრელ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად.