ხაშურის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხაშურის კოშკი

ხაშურის კოშკი
მდებარეობა ხაშური, საქართველო
მასალა რიყის ქვა
თარიღდება XVIII საუკუნე

ხაშურის კოშკიარქიტექტურული ძეგლი ქალაქ ხაშურის ცენტრალურ ნაწილში. თარიღდება XVIII საუკუნით.

კოშკი სამსართულიანია, დაცვის გაადვილების მიზნით შესასვლელი მეორე სართულზე აქვს, აქედან კედელში მოთავსებული კიბით მოხვედრა შეიძლება, როგორც ქვედა ასევე ზედა სართულებზე. კოშკი მოხსენიებულია იოანე ბატონიშვილის "კალმასობაში":

ვიკიციტატა
„იხილა შორით (იოანემ) კოშკი მაღალი ხაშურისა.“

კოშკს ჰქონდა თავდაცვითი მნიშვნელობა, ასევე გამოიყენებოდა საცხოვრებლად. იგი საგვარეულო კუთვნილება იყო. ეკუთვნოდათ ხიდირბეგიშვილებს.

კოშკი ცილინდრული ფორმისაა (დიამეტრი 9 მ.). ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწიდან 3 მ. სიმაღლეზე. კარი თაღოვანია, მისი ნაპირები ქვიშაქვისაა. სართულები ერთმანეთს კედელში დატანებული კიბით უკავშირდება. პირველ სართულს ნიშები და 6 სათოფური აქვს. მეორე სართულზე 6 ნიშია, თითოეულში ორ-ორი სათოფური, ჩრდილოეთით ბუხარი და ორი სარკმელია. მესამე სართულზე 8 ნიშია, თითოეულში 2-2 სათოფური. სამხრეთით და ჩრდილოეთით ბუხრებია. მეოთხე სართულზე სათოფურები და ოთხი ნისკარტა სალოდეა. აქ აივნებზე გასასვლელი სამი კარია – აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით შემორჩენილია აივნების ძელების ბუდეები. კოშკის ფასადზე, შესასვლელის თავზე აგურის წყობაში ცისფერი მოჭიქული ქვებით გამოყვანილია ჩაღრმავებული ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ.,1990, გვ. 420.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10652