ჭობარეთის სულთმოფენობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭობარეთის სულთმოფენობის ეკლესია — დარბაზული ეკლესია სოფელ ჭობარეთში, მზიანეთის უბანშია აგებული. ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. ფერდზე ტაძრისათვის საყრდენი კედლის მეშეეობით გაკეთებულია მცირე ტერასა. ტაძარი ნაგებია ბაზალტის ქვით. თლილი და პირმოსწორებული ქვა დიფერენცირებულია — თლილი ქვით შენობის კუთხეები, კარის და სარკმლის წირთხლებია ამოყვანილი. ხოლო პირმოსწორებული ქვით და სქელი ხსნარით საკმაოდ სქელი კედლებია ნაგები.

ტაძარში ერთი შესასვლელია, იგი სამხრეთიდან კედლის დასავლეთ ნაწილშია გაწეული. ფართოდ გაშლილ აფსიდში საკურთხევლის სარკმლის გეერდებზე ორი ღრმა და მაღალი ნიშია (დღეს ორივე ნიში ხის კარით იხურება). ერთი მცირე ნიში აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილშია. აფსიდის კონქში კერამიკული რეზონატორებია ჩასმული.

გრძივი კედლები კედლის სვეტებით სამ მონაკეეთადაა გაყოფილი, სვეტებს შორის არე თაღოვანია. ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები მარტივი პროფილის კაპიტელებს ეყრდნობა. ინტერიერი მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია კანკელის ხის კონსტრუქციით (ხატები კანკელიდან ამოღებულია). დარბაზი ოთხი საკმაოდ განიერი თაღოვანი სარკმლით ნათდება, თითო სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებშია გაჭრილი, ორი სარკმელი განთავსებულია სამხრეთის კედელში. იატაკზე ქვის ფილებია დაგებული. საკურთხევლის იატაკი ამაღლებულია ერთი საფეხურით.

ტაძრის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. შესასვლელის თავზე სწორკუთხა ნიშია. დასავლეთის კეხზე „დადგმულია“ ოთხ წრიულ სვეტზე დაბჯენილი და თაღებით გახსნილი პატარა გამჭოლი სამრეკლო (შესაძლოა ისიც ტაძრის აგების თანადროული იყოს).

ტაძარში შეტანილია საფლავის ქვა (აღმართულია აფსიდის წინ, ჩრდილოეთის კედელთან). მისი წარწერა სავარაუდოდ ჭობარეთის სულთმოფენობის ეკლესიის აგებას ეხება:

საფლავსა . ამას : შა . მდებარე ვარ.

ნიკოლაოზ ინასარიძე . ლე წლისა აგვისტოს ვ.

ნ. მიზეზ . ვარ. აღშენებასა. ამა. ტაძრისა ჩყმზ. წლს.

ნიკოლოზ (ან ნიკოლაოზ) ინასარიძე 35 წლისა 1847 წლის 6 აგვისტოს გარდაცვლილა და როგორც ეპიტაფია გავაუწყვბს „ნიკოლოზ მიზეზ ვარ აღშენებასა ამა ტაძრისა“. არქიტრავის ქვას სანგინით გაკრული ხელით 1893 წელი აწერია, უცნობია რას უკავშირდება ეს წელი. ეოველ შემთხვევაში ტაძრის აგების თარიღი (ან მშენებლობის დასაწყისად) 1847 წელი მეცნიერებს სარწმუნო ჰგონიათ. ტაძრის არქიტექტურაც XIX საუკუნეზე მიანიშნებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მარსაგიშვილი, „ჭობარეთის სულთმოფენობის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 518-519