ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ქვერიგი:  ნაირმჭამელი ხოჭოები
ოჯახი:  ცხვირგრძელასებრნი
გვარი:  Bothynoderes
სახეობა:  ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელა
ლათინური სახელი
Bothynoderes punctiventris (Germar, 1824)

ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელა (ლათ. Bothynoderes punctiventris) — მწერი ცხვირგრძელასებრთა ოჯახისა. საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გვხვდება მეტნაკლები რაოდენობით, ჩვეულებრივ იქ, სადაც მოჰყავთ ჭარხლის კულტურა. ზრდასრული ხოჭოს სიგრძე 1,2–1,6 სმ-ია. მისი ხორთუმი ბლაგვია, ბოლოში ცოტა გაგანიერებული, სიგრძივი კილი მკაფიოდ ემჩნევა. ულვაშები მუხლისებურია, მიმაგრებული თავის ფუძესთან. მკერდის ფარს სწორად განლაგებული ტლანქი წერტილების სიგრძივი რიგები მისდევს. ხოჭოს სხეული შავი ფერისაა, თუმც, უფერული ქერცლის გამო, ერთი შეხედვით ნაცრისფრად მოჩანს. მატლი სიგრძით 20 მმ-მდეა, უფეხოა, თეთრი ფერის და რკალივითაა მოღუნული. თავი მურა ფერის აქვს. მატლის სხეული 12 რგოლისაგან შედგება.[1]

ძირითადად ზამთრობს იმაგოს ფაზაში, მცირე ნაწილი — მატლისა და ჭუპრისაშიც, თუმცა მათი უმრავლესობა ყინვების შედეგად იღუპება. ხოჭო ზამთრს ნიადაგში ატარებს, სხვადასხვა სიღრმეზე, რაც დამოკიდებულია ნიადაგის ტიპსა და რაიონის აგრო ეკოლოგიურ თავისებურებებზე. ერთი ნაწილის გამოზამთრება ხდება გაზაფხულზე, როდესაც ნიადაგის ზედა ფენაში ტემპერატურა 9–10°C-ს მიაღწევს. მეორე ნაწილი ხანგრძლივ დიაპაუზას განიცდის და დაახლოებით 1–2 წლის განმავლობაში რჩება ნიადაგში.[1] მავნებელი მასიურად გამოდის და ჭარხლის ნათესებს ედება მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 18–20°С გახდება.[2] მეზამთრეობიდან გამოსული ხოჭოები კვერცხის ფორმირებისათვის საჭიროებენ დამატებით კვებას და იკვებებიან როგორც ჭარხლის ნათესებით, ისე სხვადასხვა სარეველა ბალახით. მავნებელი წელიწადში ერთ ან ორ თაობას იძლევა;[1] შეწყვილების შემდეგ ცხვირგრძელა 100-დან 750-მდე კვერცხს დებს საკვებ მცენარესთან ახლოს.[2] მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ჭარხლის კულტურისათვის: ხოჭოები აზიანებენ მის ფოთლებს, მატლები კი — ძირხვენებს. ხოჭოების მოქმედება განსაკუთრებით დამღუპველია მაშინ, როდესაც მცენარე ახალი აღმოცენებულია. ამ დროს ხოჭო ღრღნის აღმონაცენს ლებნის ქვევით, რის შედეგადაც მცენარე იღუპება.[1] ჭარხალს მსგავს ზიანს აყენებს ჭარხლის რუხი ცხვირგრძელა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ლობჟანიძე მზაღო, ტყებუჩავა ზაირა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2009. — გვ. 16–17.
  2. 2.0 2.1 2.2 Кручина, С. Н.. СВЕКЛОВИЧНЫЕ ДОЛГОНОСИКИ. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-02. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2021