წოფის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წოფის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ წოფის სამხრეთით 1 კმ-ზე. მდინარე ბანუშჩაის მარცხენა კონცხისებურ ტერასაზე. ძეგლს 1965, 1969 და 1976 წლებში სწავლობდა ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპდიცია ტარიელ ჩუბინიშვილის ხელმძღვანელობით.

გათხრების შედეგად მიწისზედა ნაგებობების კვალი არ გამოვლენილა. შედარებით დაცულ ფართობზე აღმოჩნდა 27 ორმო, რომელთა დიამეტრი 1,80 მ-ს არ აღემატება.

ძეგლზე მოპოვებული კერამიკა ძირითადად უხეშია, ქილის ფორმის, ბრტყელი დაბალქუსლიანი ძირით, იშვიათად შემუკილია კოპებით გვხვდება სფერულტანიანი, პირგადაშლილი, ძაბრისებურყელიანი ჭურჭელი, რომელთა შორის ზოგს ტალღისებური პირი აქვს. თიხის ნაწარმს კეცში შერეული აქვს დანაყილი კვარცი და ობსიდიანი, არის ბზენარევი კერამიკაც. აქვე გვხვდება წმინდა თიხისაგან ნაძერწი თხელკედლიანი, ვარდისფრად შეღებილი და გაპრიალებულზედაპირიანი ჭურჭლის ფრაგმენტები.

ქვის ინდუსტრია წარმოდგენილია ხელსაფქვავებით და მცირე ზომის სანაყით, ქვის გახეხილ გაპრიალებული ცულებით. ობსიდიანის ნაწარმში გვხვდება რეტუშირებული ლამელები, ანატკეცები გამოყენების კვალით. იარაღებში მრავლადაა საჭრისები, საფხეკები და სახვრეტები. საინტერესოა აქ აღმოჩენილი ხარის ფიგურა. ორმოების შევსებაში გვხვდება აშკარად მოგვიანო ხანის სამეთუნეო ჩარხზე დამზადებული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ამ მასალისა და უძველესი იერის მქონე ინვენტარის ერთად აღმოჩენა ტერასის გადარეცხვით შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაბამისად, ძეგლზე დარღვეული კულტურული ფენებია წარმოდგენილი. ამ მოსაზრებას ადასტურებს ორი გარემოება: 1. ძეგლზე დაფიქსირებული ორმოების მხოლოდ ქვედა ძირის ნაწილებია შემორჩენილი, ზოგიერთ შემთხვევაში ორმო წარმოდგენილია მოყვითალო გრუნტზე შესამჩნევი მუქი ლაქით. თვით ორმოს მაქსიმალური სიმაღლე 40 სმ-ს არ აღემატება. 2. კორდოვანი ფენის ქვემოთ, თითქმის მთელ გათხრილ ფართობზე, დადასტურებულია ღორღნარევი ფენა(10-16 სმ). იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჯერ გადარეცხილია ენეოლითური მასალის შემცველი ორმოები, შემდეგ კი მასზე დაფენებულია არქეოლოგიური მასალის შემცველი ღორღნარევი შრე.

წოფის ნამოსახლარზე აღმოჩენილია 1600-მდე ნატკეცი ობსიდიანი, რომელთაგან მესამედზე მეტი მოდის მზა იარაღებზე; 3%-ით ნაკლებს შეადგენს ნუკლეუსები, დანარჩენი ინვენტარი წარმოდგენილია ანატკეცებით, ლამელებისა და ობსიდიანის ნამტვრევების სახით, მეორადი დამუშავების გარეშე. ამ ნამოსახლარის იარაღთა ნამზადებად გამოყენებულია წვრილი ანატკეცები, ძირითადად ოთხკუთხა მოყვანილობის; საშუალო და ფართო მსხვილი ლამელები, რომელთა შორის ჭარბობს სწორი პროფილის პრიზმული ლამელები.

ნუკლეუსები უმეტესად წარმოდგენილია წვრილი პრიზმული ორმხრივი დაწახნაგებით, გვხვდება აგერთვე დისკოსებური მოყვანილობის წვრილი ნუკლეუსები.

წოფის ნამოსახლარის იარაღთა მეორადი დამუშავება ხასიათდება წვრილი დამაბლაგვებელი და წვრილი წამახვილებული რეტუშით, რომელიც დატანილია უპირატესად ერთ ან ორ გვერდზე ზურგის, იშვიათად მუცლის მხრიდან.

იარაღის ტექნიკურ-მორფოლოგიური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ მათი ძირითადი სახეობების ერთ ან ორგვერდრეტუშირებული და გვერდამოღარული ლამელები. თითქმის ერთნაირი რაოდენობით არის წარმოდგენილი ისეთი სახეობის იარაღები, როგორიცაა რეტუშირებული ანატკეცები, ანატკეცებზე ნაკეთები ასტამები, საფხეკები და საჭრისები.

საფხეკებს შორის დამახასიათებელია ლამელებსა და ანატკეცებზე ნაკეთები ბოლოკიდურა საფხეკები, ერთეული ეგზემპლარებია ანატკეცებზე ნამზადები მომრგვალო მიკროსაფხეკები. საჭრისებს შორის ჭარბობს ლამელის გადატეხის კუთხეზე ან ანატკეცებზე ნაკეთები. შემდეგ მოდის გვერდის, შუალა, კუთხოვანი და კომბინირებული საჭრისები. ინვენტარში მნიშვნელოვანი ოდენობით გვხვდება წვეტანები. ასიმეტრიული, ძირითადად ლამელებზე ნაკეთები სხვა ტიპის იარაღები წარმოდგენილია ერთეული ცულებით — გეომეტრიული მიკროლოთები დაბალი სეგმენტის ფორმით, სამკუთხა მოყვანილობის სწორფუძიანი ორმხრივდამუშავებული ისრისპირი, გახეხილ-გაპრიალებული სოლისებური მოყვანილობის ცული.

გამოირკვა, რომ წოფის ნამოსახლარზე პრაქტიკულად ერთნაირი რაოდენობითაა იარაღის ძირითადი ჯგუფები: დანები, ნამგლის ჩასართები და საფხეკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქეოლოგია, ტ. II, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., 1992, გვ. 55-57.