წკერეს კვირაცხოვლის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წკერეს კვირაცხოვლის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეს ჩრდილო-დასავლეთით, მაღალი მთის წვერზე, ისტორიულ გზაზე, რომელიც მთიულეთ-ფშავის კავკასიონზე არსებული მილიონას გადასასვლელით უკავშირდებოდა სოფელ კობს. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის ეკლესია, ზურგიანი კოშკი და გალავანი.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია. ჩაშენებულია გალავნის დასავლეთ კედელში ისე, რომ მისი დასასვლეთ კედელი გალავნის ნაწილია. შენობა აგებულია რუხი ფერის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებში, კარ-სარკმელთა საპირეებისა და ლავგარდნისათვის მოწითალო თლილი ქვაა გამოყენებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ეკლესიის ერთადერთი სარკმელი. მის ქვემოთ ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. ორი ნიშია დასავლეთ კედელში. შიგნით ეკლესია გადახურულია ფერდებგაბრტყელებული კამარით, რომლის ფერდების შეერთებასთან, წვერში, მართი კუთხე იქმნება. ეკლესიის კედლებზე. შიგნით და გარეთ, შელესილობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ფასადები სადაა, ჩრდილოეთ და სამხრეთის ფასადებზე ამოკაწრულია ჯვრის სქემატური გამოსახულებები. ჩრდილოეთის ფასადზე ორი ჯვარია, სამხრეთის ფასადზე ერთი. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.

კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკი ზურგიანია, დგას ეკლესიის ჩრდილოეთით. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეზი ქვით. კოშკის ზურგის ნაწილი დანგრეულია. სწორ (სამხრეთ) კედელში, რომელიც ორი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. მიწიდან 4 მეტრზე სწორკუთხა კარია გაჭრილი, მის ზემოთ კი მომდევნო სართულის ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. გალავანი გეგმით ოთხკუთხაა, ნაშენია ნატეხი ქვის მშრალი წყობით. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. გალავნის დასავლეთ კედელში. ეკლესიასთან ახლოს, ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ამ კედლის პარალელურად, ეკლესიასა და კოშკს შორის. ორი ოთხკუთხა ბურჯისა და კედლის ნაწილია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]