წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმისაქართველოში პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა, რომელიც დაარსებულია 1883 წელს ილია წინამძღვრიშვილის თაოსნობითა და მოწინავე ქართველი ინტელიგენციის მხარდაჭერით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში.

სკოლაში სწავლა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი წესდებით და ნიკო ცხვედაძის მიერ შემუშავებული პროგრამებით მიმდინარეობდა. სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: მიწათმოქმედება, მებაღეობა, მევენახეობა, მეღვინეობა, მებოსტნეობა, მეაბრეშუმოება, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა და მეტყევეობა.

1924 წელს სკოლას დაემატა სპეციალური კლასი და სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი ეწოდა, 1928 წლიდან უკვე წინამძღვრიანთკარის ცენტრალური საცდელ-საჩვენებელი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი ეწოდება. 1933 წლიდან სასწავლებელს ეწოდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, ხოლო 1966 წლიდან ეწოდება წინამძღვრიშვილის სახელობის წინამძღვრიანთკარის საბაზო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.

1993 წლიდან სასწავლებელი გადაკეთდა წინამძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილის სახელობის ჰუმანიტარულ-ეკოლოგიურ კოლეჯად, ხოლო 2008 წლიდან ორი სასწავლებლის რეორგანიზაციის (მცხეთის პროფესიული ლიცეუმის და წინამძღვრიანთკარის ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური კოლეჯის) შედეგად, ჩამოყალიბდა სსიპ წინამძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილის პროფესიული სწავლების ცენტრი. 2010 წელს მოხდა სასწავლებლის ლიკვიდაცია.

2014 წლის 17 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დაფუძნდა საჯარო-სამართლის იურიდიული პირი — ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი.

2015 წლის 22 მაისს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი[1], ხოლო 2020 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]