წითლობის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წითლობის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში.

ეკლესია დარბაზულია. ის მიეკუთვნება ბერძნულ სტილს. ნაშენებია ფლეთილი ქვით, ქართული აგურით და კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებული თლილი ქვით. დაზიანებულია, ფასადებს ბზარები აქვთ, განსაკუთრებით სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადებს. კამარა და კონქი ჩამონგრეულია, კედლების ზედა ნაწილები ადგილობრივმა მოსახლეობამ ცემენტით და ქვებით აამაღლა, გრძივ კედლებზე რკინის კოჭები გასდო და ნახევარცილინდრული რკინაბეტონის კამარა დაადგა. ინტერიერი: აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდაა ცენტრში მაღალი, განიერი თაღოვანი სარკმელით. აფსიდის ჩრდილოეთ კუთხეში ერთი ვიწრო და სწორკუთხა ფორმის და ერთი მაღალი, განიერი და თაღოვანი ნიშაა, სამხრეთ ნაწილში დიდი, სწორკუთხა ნიშაა იატაკიდან დაწყებული. აფსიდას არა აქვს კონქი. შემორჩენილი დეტალებიდან აშკარაა, რომ ის ქართული აგურისა იყო, ისევე, როგორც სარკმელების პირები. აფსიდის იატაკი ქართული აგურით არის მოგებული. აფსიდის იატაკი ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე და სამხრეთ კუთხეში შერჩენილი აქვს ქართული აგურით ნაგები კანკელის ფრაგმენტი. აღსავლის კართან იატაკზე დევს წრიული ფორმის ქვა - სოლეა. აფსიდას და საერთოდ ინტერიერის კედლებს შერჩენილი აქვთ შელესილობის ფრაგმენტები. დარბაზის იატაკი ქართული აგურით და რიყის ქვით არის მოწყობილი. ინტერიერის კედლების ქვედა ნაწილი რიყის და ფლეთილი ქვით არის ნაშენი, ზედა ქართული აგურით და რიყის ქვით. აფსიდა გრძივი კედლებისაგან მხრებით არის გამოყოფილი. გრძივი კედლების სიბრტყე განიერი პილასტრებით ორ-ორ ნაწილად იყოფა. აღმოსავლეთ ნახევრებში აფსიდის სარკმელის ანალოგიური სარკმელებია ჩასმული. პილატრებს თლილი ქვის მარტივი ბრტყელი კარნიზები აქვთ, რომლებზეც გადასულ თაღს ტრიუმფალურ თაღთან და დასავლეთ კედლის კუთხეებში დატანებულ ნახევარპილასტრებზე დაყრდნობილ ნახევართაღთან ერთად ეჭირათ ნახევარცილინდრული ფორმის კამარა, რომელიც, სავარაუდოდ ქართული აგურისა უნდა ყოფილიყო. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნახევარში სწორკუთხა ფორმის განიერი შესასვლელია, რომელსაც ინტერიერის მხრიდან ხის არქიტრავი აქვს. დასავლეთი კედელი ყრუა, სავარაუდოდ სარკმელი მის უკიდურეს ზედა ნაწილში უნდა ყოფილიყო, რომელიც არ შემორჩა.

ეკლესიას ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დადგმული აქვს რკინაბეტონის ნახევარცილინდრული კამარა და რკინის კარკასი, რომელიც აუცილებლად ექვემდებარება დემონტაჟს. ფასადები: აღმოსავლეთი ფასადის ცენტრში თაღოვანი სარკმელის ღიობია. სარკმელს ქართული აგურის საპირეები აქვს. ფასადის ქვედა ზოლი რიყის ქვისაა, მის ზემოთ ფლეთილი ქვის და მცირედ რიყის ქვის წყობაა, წყობაში ჩატანებულია ქართული აგურის ზოლები. ფასადის კუთხეებში შედარებით დიდი ზომის უხეშად დამუშავებული ადგილობრივი კლდის ჯიშის ქვებია გამოყენებული. ფასადის ზედა ნაწილში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაშენებულია ქართული აგურის და ბეტონის ფილების ზოლი და რკინაბეტონის უხეში სარტყელია მოწყობილი. სამხრეთი ფასადის ცენტრში თაღოვანი სარკმელის ღიობია, დასავლეთ ნაწილში შესასვლელი, რომელსაც გვერდითი წირთხლები თლილი ქვისა აქვს და ქართული აგურის თაღშემოვლებული თლილი ქვის ტიმპანი. ამ ფასადის ზედა ნაწილიც ისევეა დამახინჯებული, როგორც აღმოსავლეთი ფასადი. ჩრდილოეთის ფასადიც ანალოგიურია სამხრეთის ფასადისა, იმ განსხვავებით, რომ შესასვლელი არა აქვს. დასავლეთის ფასადი მთლიანად ყრუა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39409