წაღვლის მეორე საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის საცხოვრებელი სახლი.

წაღვლის მეორე საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის ზედა უბანში. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. ეკუთვნის შაქრო კაპანაძეს.

სახლი ორსართულიანია, ნაგებია ქვითა და აგურით. ქვედა სართული ნახევარსარდაფია. აქ მარანი და ერთი ოთახია. ორივე სათავსის კარ-სარკმელი გადის ეზოსკენ, აივანზე. გარედან მოდგუმლი ხის ერთმარშიანი კიბე ზედა სართულის აივანზე ადის. აქ ორი ოთახია. ოთახებში შესასვლელი აივნიდანაა. აივანზე გამოდის ოთახების სარკმლებიც. ერთ-ერთ ოთახს გვერდზე კიდევ ერთი სარკმელი აქვს. კარ-სარკმელი გარედან დასრულებულია რკალური თაღით. ოთახები ერთმანეთს ტიხარში დატანებული კარით უკავშირდება.

ეზოს მხრიდან სახლს მთელ სიგრძეზე საკმაოდ განიერი ხის აივანი გასდევს. ქვედა სართულის აივანს ჰქონია კვადრატული კვეთის მასიური სვეტები, რომლებიც ქვის ბალიშებს ეყრდნობოდა. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ერთი სვეტი, დანარჩენები შეცვლილია ლითონის მილებით. ზედა სართულის აივანს შვიდი რვაწახნაგა სვეტი აქვს. მოაჯირი შემკულია ჭვირული ორნამენტით. სვეტებს შორის, ზევით, ჭვირულორნამენტიანი თაღებია. გადახურვის შვერილ კოჭებს შორის არე შევსებულია კვეთილორნამენტიანი ფიცრით. კრამიტის სახურავი ნივნივებზეა მოწყობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]