ცხნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხნარი — ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს, ახლანდელი სოფ. ფიტარეთის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დასავლეთით დაახლოებით 3 კმ-ზე.

წყაროებში პირველად იხსენიება XVI საუკუნეში. ისტორიულ ცხნარის მიდამოებში რამდენიმე ძეგლია: სამხრეთ-დასავლეთით, გორაკზე, ციხის ნანგრევებია. ნასოფლარის განაპირას შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან გვიანდელი პერიოდის მინაშენი აქვს. ეკლესია მოჩუქურთმებულია. აქვს ორი წარწერა. ერთის მიხედვით, იგი სოფლის მოსახლეობას აუგია მეფე დავით VII ულუსა და ფეოდალ ვარამ გაგელის დროს (XIII ს.). მეორე, ეკლესიის სამხრეთ მინაშენში ჩაყოლებული ქვაჯვრის ასომთავრული წარწერის თანახმად, ჯვარი აღმართულია კოჟოლის ძეთა მიერ (ფაქტი უნდა მიუთითებდეს, რომ XII საუკუნემდე აქ სხვა ტაძარი იდგა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 255.
  • ბერძენიშვილი დ., წარწერები სოფ. ცხნარიდან, «ძეგლის მეგობარი», 1977, № 43-44;
  • ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 1-2, ტფ. 1935;