ცეცხლისჯვრის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცეცხლისჯვრის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის ჩრდილო-დასავლეთით 200 მეტრზე, ზამთრეულად წოდებულ ადგილზე, კლდის ვიწრო თხემზე. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, კოშკი, დარბაზული ეკლესია და სადგომთა ნაშთები. ღვთისმშობლის ეკლესია დგას კომპლექსის აღმოსავლეთ კიდეში. თარიღდება IX-X საუკუნეებით. ნაგებია ფიქლითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნით და გარედან ბრტყელადაა გადახურული.

ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლითაა დარულებული, რომელიც დარბაზისგან გამოყოფილია ვიწრო მხრებითა და მათზე დაყრდნობილი ბრტყელი თაღით. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც ბრტყელი გადახურვა და საფეხურებად დამუშავებული ძირი აქვს. სარკმლის ქვემოთ კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიშენებული, ასეთივე ფორმის ტრაპეზია საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშიც, რომელიც სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. ჩრდილო კედელში მცირე, კვადრატული ნიშია. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს დაბალი საფეხური გასდევს. სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. ინტერიერი შემაღლებული პროპორციებისაა. გადახურულია სხმული კამარით, რომელსაც განივკვეთში ბრტყელი თაღის ფორმა აქვს. შიგნით კედლები შელესილია.

გარედან ეკლესიის კორპუსი ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება, რის გამოც კოშკს წააგავს. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის თაღოვან ღიობს ნალესობით გამოყვანილი, ნახევარწრიული ფორმის თავსართი აქვს - ჰორიზონტალური გადანაკეცებით ბოლოებთან. შენობა ფიქლის ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესიიდან დასავლეთით, 15 მეტრზე, დგას გვიანდელი შუა საუკუნეების კოშკი. იგი გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: შემორჩენილია დასავლეთ კედელი და გვერდითი კედლების მცირე ნაწილი. I სართულზე, სამხრეთ ნაწილში. ვიწრო გასასვლელი დერეფანია, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. სწორკუთხა კარის წირთხლებში შემორჩენილია საურდულე ხვრელები. ამავე სართულის ჩრდილოეთ კედელში შემორჩენილია შესასვლელის დასავლეთ წირთხლის ნაწილი. II სართულის ორი შესასვლელიდან, რომლებიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ყოფილა მოწყობილი, მხოლოდ დასავლეთ წირთხლებიღაა შემორჩენილი. დასავლეთ კედელში პარალელურწირთხლებიანი ხვრელობია. იგი კოშკის დასავლეთით მდგარი დარბაზული ეკლესიის საკურთხევლის სარკმელს უსწორდება.

დარბაზული ეკლესია დგას კოშკის დასავლეთით კედლიდან 0,2 მეტრის მოშორებით. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. მოგვიანებით განახლებულა ჩრდილოეთი და დასავლეთ კედლები და კამარა, რის შედეგადაც შიდა სივრცე რამდენადმე დადაბლებულა. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით, განახლებული ნაწილები ფიქლისაა. ძლიერაა დაზიანებული: დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების დიდი ნაწილი, კამარის სამხრეთ გვერდი და გადახურვა. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, განახლებული კედლის ჩრდილოეთ ნაწილში. კარის ღიობი ორივე მხარეს თითო მოზრდილი ქვითაა გადახურული. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული ძირი აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიშენებული. საკურთხევლის ორივე კუთხეში თითო კვადრატული ნიშია, რომელთაც ძირებთან პატარა ქვის თაროები აქვს მოწყობილი. ერთი მცირე ნიში საკურთევლის სამხრეთ კედელშია. ჩრდილოეთის ნიშის ქვემოთ, აღმოსავლეთ კედელზე. მიშენებულია პატარა ტრაპეზი, რომელიც სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. საკურთხეველს წესიერი ფორმის კონქი ხურავს. კონქის ნახევარწრიული მოხაზულობის საფუძველზე გადასვლა განხორციელებულია საკურთხევლის ორივე კუთხეში მოწყობილი თითო მოზრდილი ტრომპით. კონქის ნალისებრი თაღი ეყრდნობა ფიქლის თაროსებრი ფორმის იმპოსტებს. კონქის არეში მცირე ზომის ხვრელობია, რომლებიც აღმოსავლეთის გასადზე გადის. დარბაზის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია.

მოგვიანებით, კამარის განახლების დროს, მისის გამაგრების მიზნით, დარბაზის გრძივი ღერძის ხაზზე ორი უზარმაზარი ბურჯია აღმართული, რომელთაგან დასავლეთისა ზემოთ თანდათან განიერდება. აღმოსავლეთ ბურჯი დაშენებულია შირიმის კუბურ ქვაზე, რომლის სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის წახნაგში, სიღრმეში ერთმანეთთან დაკავშირებული თითო თაღოვანი ნიშია, რომლებსაც შესაძლოა რელიკვიების საცავად იყენებდნენ. ნიშებს წინიდან ტიმპანი აქვთ გამოყვანილი. სამხრეთის ნიშის ტიმპანზე ამოღარულია ერთი ნახევარწრიული თაღი. დასავლეთის ნიშის ტიმპანზე - ორი, ჩრდილოეთისა კი სადაა. ქვის ოთხივე წახნაგი დასრულებულია მარტივი პროფილის თაროთი. ეკლესიის განახლებულ კამარას განივკვეთში ბრტყელი თაღის ფორმა აქვს. შენობის აღმოსავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის შემორჩენილი ნაწილი სახურავის მიმართ რამდენადმე შემაღლებულია და სახურავს პარაპეტის მსგავსად საზღვრავს.

ეკლესიას დასავლეთიდან ნანგრევებად ქცეული მოგრძო ნაგებობა ეკვრის, რომელიც სამი სხვადასხვა ფართის სათავსოსგან შედგება. მაშასადამე დასავლეთით მდებარე სათავსს, რელიეფიდან გამომდინარე, ერთი კედელი მომრგვალებული აქვს და ფართობით დანარჩენებს თითქმის სამჯერ აღემატება. აღმოსავლეთით მდებარე სათავსები ერთმანეთს გამიჯნავ კედელში მოწყობილი კარით უკავშირდებოდა. აღმოსავლეთით მდებარე სადგომის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი კარია, რომელსაც კომპლექსის ამ ნაწილში შესასვლელი ბილიკი ადგება. ორივე სადგომის სამხრეთ კედელი მთლიანად დანგრეულია. დასავლეთ სადგომის კედლები მოგვიანებით განახლებული და მთლიანად იზოლირებულია. სადგომს სამი კუთხე, სწორი აქვს. ერთი მახვილი სამხრეთ კედელში ერთი ფართო ღიობია, ხოლო ჩრდილოეთისაში - სამი, რომლებიც კედლის მომრგვალებულ ნაწილშია გაჭრილი ერთმანეთთან ახლოს. კომპლექსის აღმოსავლეთით, 100-150 მეტრზე, კლდეში, შერჩეულ ადგილას, ჩადგმულია შირიმის კუბური ფორმის მორდილი ქვა. მის ზედა წახნაგში ჯვრის ცასადგმელი მოზრდილი ღრმულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]