ცენტრალური უნივერმაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სააქციო საზოგადოება ცენტრალური უნივერმაღი — სავაჭრო ცენტრი თბილისში.

თბილისის ცენტრალური უნივერმაღი გაიხსნა 1935 წლის 1 სექტემბერს არქიტექტორ ალექსანდრე როგოისკის პროექტით აშენებულ ყოფილი „ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების სახლის“ შენობაში (1910 წელს). ცენტრალური უნივერმაღის შენობა გეგმით მომრგვალევული კუთხით „მოდერნის“ სტილშია გადაწყვეტილი და დღემდე მთლიანად შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე. იგი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და მკაფიოდ გამოირჩევა თბილისის განაშენიანებაში. საქართველოში მას ფილიალების საკმაოდ ფართო ქსელი ჰქონდა. უნივერმაღში სამრეწველო საქონლის რამდენიმე განყოფილება იყო; ქსოვილების, მზა ნაწარმის, გალანტერიის, ტრიკოტაჟის, პარფიუმერიის, ფეხსაცმლის, კულტსაქონლის და საოჯახო საქონლის, ავეჯის და ბავშვთა სამყარო. თავდაპირველად თბილისის უნივერმაღი მოსკოვის „მთავარუნივერმაღის“ სამმართველოს ექვემდებარებოდა. 1955 წელს საკავშირო ვაჭრობის სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრალური უნივერმაღი დაექვემდებარა საქართველოს ვაჭრობის სამმართველოს. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით 1994 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზოგადოება ცენტრალური უნივერმაღი, რომლის საწესდებო კაპიტალი 21,3075 აშშ დოლარს შეადგენს. აუქციონერები არიან უნივერმაღის კოლექტივი „თიბისი ჯგუფი“ და ირლანდიური კომპანია „ICT International group“.

ცენტრალური უნივერმაღი სავაჭრო-კომერციულ საქმიანობას ახორციელებს: ვაჭრობს ფართო ასორტიმრნტის არასასურსათო საქონლით და სასურსათო პროდუქტებით ეწევა კომერციულ, საბროკერო, საშუამავლო, სამაეკეტინგო, საინფორმაციო-სარეკლამო საქმიანობას და სხვა. უნივერმაღში არის სხვადასხვა სახის ფასიანი და სერვისული მომსახურება.

ცენტრალური უბივერმაღის სავაჭრო ფართობია 3300 კვ. მეტრი. სავაჭრო დარბაზები განლაგებულია შენობის მე-4 სართულზე. სასაწყობო მეურნეობა (3200 კვ. მეტრ ფართობზე) მოთავსებულია შენობის სარდაფში, მეორე სართულზე და ეზოში.

ქვეყნის ეკონომიკურმა კრიზისმა უნივერმაღის სამეურნეო საქმიანობა შეაფერხა. საკუთარი საბრუნავი საშუალებების უქონლობის გამო უნივერმაღში კომერციული საქმიანობა ძირითადად ფიზიკურ და იურიდიულ პირების მიერ საკომისიო საფუძველზე შემოტანილი საქონლით განისაზღვრება. 1998 წლიდან კი გაიზარდა საცალო საქონელბრუნვის მოცულობა და სავაჭრო საქმიანობისაგან მიღებული შემოსავალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]