ჩაისის მეგალითური კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაისის მეგალითური კომპლექსი — არქეოლოგიური ძეგლი თურქეთში, ჩილდირის რაიონში, ისტორიულ ჯავახეთში, სოფელ ჩაისში, თანამედროვე სოფელ კაიაბეის დასავლეთით 900 მეტრზე, მდინარე ყარასუს მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ბორცვზე შემორჩენილია დიდი ზომის, უხეშად დამუშავებული მეგალითებით ნაშენები ნაგებობის (41°12'26.88"N; 43° 7'23.23"E.) კუთხის ფრაგმენტი და მრუდხაზოვანი კედელი, რომელიც თხემს მიუყვება. შემორჩენილი კუთხის ფრაგმენტი ბორცვის ჩრდილოეთ ნაწილშია. ბორცვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არის კლდეში ნაკვეთი ქვევრის ფორმის ღრმულები, რომელნიც, ჩანს, წყლის შესაგროვებლად გამოიყენებოდა. ტერასებზე აღმოჩნდა ათამდე ამგვარი წყალსატევი, რომელთაც საგანგებო წვიმის წყლის შემკრები არხები უკავშირდება. აქვე შეიმჩნევა მცირე ზომის ნაგებობების კვალი, შესაძლებელია, ისინი საცხოვრებლები ყოფილიყო, მომრგვალებული გეგმარების და მცირე ზომის შესასვლელებით. ამგვარი ნაგებობები მიშენებულია კლდეებზე, ან ნახევრად მღვიმეს წარმოადგენს. ნაგებობების კლდოვან კედლებზე, ძირითადად ზედა ნაწილში, ნაკვეთია მცირე ფოსოები, ალბათ გადახურვის კონსტრუქციისათვის. ერთ-ერთ სათავსში თაღოვანი ნიშაა აქვე კლდეზე ამოკვეთილია ცხენის გამოსახულება. ტერასებზე განლაგებული ნახევრად კლდეში ნაკვეთი კომპლექსის წინა ნაწილი მონგრეულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]