თეოდორ შტაინჰაილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შტაინჰაილი, თეოდორ)
თეოდორ შტაინჰაილი
დაბადების თარიღი 26 ნოემბერი, 1870(1870-11-26)
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 1946(1946-02-11) (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი დრეზდენი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
განათლება კიევის უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი
პარტია კადეტები, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია
საქმიანობა საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, მეცენატი, არქეოლოგი, მუზეუმთმცოდნე
მამა რუდოლფ შტაინჰაილი

თეოდორ შტაინჰაილი (დ. 26 ნოემბერი, 1870, სანქტ-პეტერბურგი — გ. 11 თებერვალი, 1946) — საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცენატი, არქეოლოგი, მუზეუმთმცოდნე, ბარონი. 8 წლიდან დროგამოშვებით ცხოვრობდა კიევსა და სოფელ ჰოროდოკში (ახლანდ. რივნეს ოლქის რივნეს რაიონი). სწავლობდა კიევისა და ვარშავის უნივერსიტეტების ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტებზე.[1]

გატაცებული იყო არქეოლოგიითა და მხარეთმცოდნეობით. 1896 წლის 25 ნოემბერს სოფელ ჰოროდოკში დააარსა ვოლინში პირველი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ვოლინის გუბერნიის ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით განახორციელა 53 ყორღანის არქეოლოგიური გათხრები. მათი შედეგები აისახა მუზეუმის სამ ანგარიშში, რომლებიც მიკოლა ბილიაშივსკიმ შეადგინა. 1914 წელს მუზეუმის ექსპონატები ევაკუირებულ იქნა ყუბანში, ძმის, ვ. შტაინჰაილის მამულში. მათი შემდგომი ბედი უცნობია.[1]

დაკავებული იყო ქველმოქმედებითა და მეცენატობით. სოფელ ჰოროდოკში ააშენა და საკუთარი სახსრებით ინახავდა ორკლასიან სასწავლებელს, სამკითხველოს, წყლის წისქვილს, საავადმყოფოს, ფულს სწირავდა ეკლესიათა მშენებლობებზე. ყოველთვიურ პენსიას უხდიდა ავადმყოფებსა და ღარიბებს.[1]

დაკავებული იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობითაც. 1906 წელს აირჩიეს რუსეთის 1-ელი მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატად ქალაქ კიევიდან. შედიოდა საკონსტიტუციო-დემოკრატიული ფრაქციისა და დუმის უკრაინული სათვისტომოს შემადგენლობაში. 1-ელი მოწვევის დაშლის შემდეგ ხელი მოაწერა დეპუტატების მიერ შედგენილ ვიბორგის მოწოდებას (1906 წლის 22(9) ივლისი). მიესაჯა 3-თვიანი თავისუფლების აღკვეთა და ჩამოერთა საარჩევნო უფლებები. 1908 წლიდან იყო უკრაინელი პროგრესისტების ამხანაგობის წევრი. სრულიად რუსეთის ქალაქების სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის კომიტეტის თავმჯდომარე (1915–1917). აქ სამუშაოდ მოიწვია უკრაინელი მოღვაწეები. 1917 წლის მარტში აირჩიეს კიევის საქალაქო დუმის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. შედიოდა უკრაინის პირველი ცენტრალური რადის შემადგენლობაში (7 მარტი – 7 აპრილი, 1917). მუშაობდა სრულიად უკრაინის ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმში (1917). სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის შექმნის შემდეგ დატოვა კადეტთა პარტია და ამ პირველს შეუერთდა. 1918 წლის 10 ივნისიდან 4 დეკემბრამდე იყო უკრაინის სახელმწიფოს ელჩი გერმანიაში.[1]

პავლო სკოროპადსკის რეჟიმის დამარცხების შემდეგ პოლიტიკური ცხოვრებიდან წავიდა. 1939 წლამდე ცხოვრობდა თავის მამულში, სოფელ ჰოროდოკში, სადაც აგრძელებდა საქველმოქმედო საქმიანობას. 1939 წელს ოჯახთან ერთად გერმანიაში წავიდა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Кузьмина І. В., Штейнгель Федір Рудольфович // Енциклопедія історії України, т. 10, К.: В-во «Наукова думка», 2013.