შილდის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შილდის ეკლესია.

შილდის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი შილდის ჩრდილო-დასავლეთით, 2 კილომენტრზე, ნასოფლარ ვეძისხევის ტერიტორიაზე, მდინარე ვეძისხევის მარჯვენა ნაპირას, სწორ ადგილზე, თარიღდება VI საუკუნით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის და რიყის ქვის შერეული წყობით. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილი ყოფილა.

შენობის გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილია სამი განცალკევებული ნავი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენს. შუა ეკლესია, დანარჩეებთან შედარებით, უფრო ფართო და მაღალია. შესასვლელები მას დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი განიერი და მაღალია. ისინი შიგნიდან ნალისებრი თაღითაა დასრულებული, ხოლო გარედან - მოზრდილი ქვის ზღურდით. საკურთხევლის აფსიდი, რომელიც საფეხურითაა შემაღლებული, გეგმით ნახევარწრიულია. მასში მოწყობილია ვიწრო, შიგნიდან და გარედან ბრტყლად გადახურული სარკმელი და ორი მცირე, კვადრატული ნიშა. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის თაღი ნალისებრი ფორმისაა და რიყის ქვის თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია,რომელთა თავი კამარის ქუსლის დონეზეა. ორივეს გადახურვა ჩამონგრეული აქვს. შემორჩენილი კვალის მიხედვით, ისინი თარაზულად ყოფილა გადახურული.

შუა ეკლესიის სამივე კედელს მთელ სიგრძეზე გასდევდა ჩამოსაჯდომი საფეხური.

ეკლესიის კამარა ეყრდნობა ორ განიერ საბჯენ თაღს, რომელთაგან ერთი ნავის შუაშია, მეორე - დასავლეთ კედელთან. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ჩრდილოეთ ეკლესიაში გასასვლელი მაღალი, ნალისებრთაღიანი კარია, რომელიც ჩრდილოეთ ეკლესიის მხრიდან ბრტყლადაა გადახურული.

გვერდითა ეკლესიები ვიწრო, გრძელი დერეფნებია. მათგან სამხრეთისა, აღმოსავლეთით, ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული, ჩრდილოეთისა კი - სწორი კედლით. სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედლებში მოწყობილია ფართო შესასვლელი - ორმაგი ნალისებრი თაღი მრგვალ ბოძზე. აფსიდში გადაჭრილია ბრტყლად გადახურული სარკმელი, რომლის ქვემოთ, კედელზე, ქვის ტრაპეზია მიშენებული. ნალისებრი ფორმისაა აფსიდის კონქის თაღიც. მის ქუსლებთან თაროსებრი იმპოსტებია გამოყოფილი. ორივე ეკლესიის კამარა ოდნავ ნალისებრი ფორმისაა და დაყრდნობილია ნავის შუაში მოწყობილ შეკიდულ საბჯენ თაღზე. ჩრდილოეთ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია თარაზულად გადახურული, ვიწრო, მაღალი სარკმელი. გრძივ კედლებს და დასავლეთ კედელს ქვის ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. გარეთა კედლები დასრულებული იყო ნატეხი ქვით ნაწყობი, მაღალი, ორსაფეხურიანი ლავგარდნით. შენობა გადახურული იყო ბრტყელი და ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]