შაქრიანის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაქრიანის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანის ჩრდილოეთით, ერთი კილომეტრის მანძილზე. თარიღდება VI-VII საუკუნეებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვირაცხოვლის ეკლესია სამეკლესიიანი ბაზილიკაა, გარშემოსავლელით სამივე მხრიდან, რომლის გვერდითი ფრთები დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენს. ჩრდილოეთ ეკლესიას აღმოსავლეთიდან ეკვრის განცალკევებული, პატარა სათავსი, რომელიც სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. შენობა ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით, კარ-სარკმლები გამოყვანილია შირიმის სუფთად გათლილი ქვებით.

შუა ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს — სამხრეთი ეკლესიიდან და დასავლეთი გარშემოსავლელიდან. ორივე კარი შიგნიდან შირიმით ნაწყობი, ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, გარედან კი არაწესიერი ფორმის, მოზრდილი ქვით. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, რომელშიც გაჭრილია პარალელურწირთხლებიანი, თაღოვანი სარკმელი. ორი მსგავსი სარკმელი სამხრეთკედელშიცაა. მათი ნაწილი კამარის მრუდშია მოქცეული. აფსიდი დასრულებულია წესიერი ფორმის კონქით. მის თაღს სრული ნალის ფორმა აქვს და დაყრდნობილია აფსიდის მხრების დამაგვირგვინებელ, შირიმის მაღალ იმპოსტებზე, რომელთა პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. შუა ეკლესიის გრძივი კედლები ერთნაირია, დაუნაწევრებელი. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ კიდეში, აფსიდის კუთხესთან, ბრტყლად გადახურული კარია, რომელიც სამკვეთლოში გადის. სამკვეთლო უაფსიდო, ცილინდრული კამარით გადახურული სათავსია, განათებულია აღმოსავლეთის პარალელურწირთხლებიანი სარკმლით. იგი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან კი შირიმის ქვაში გამოკვეთილი თაღი ხურავს, რომელიც შემკულია რელიეფური, ჰორიზონტალურბოლოებიანი ვიწრო წარბით.

სამხრეთი ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთი ეკლესიის აღმოსავლეთ ბოლოში ნახევარწრიული აფსიდია, რომლის შუაში სარკმლის ძირია შემორჩენილი.

ჩრდილოეთი ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთი ეკლესია მოგრძო, უსარკმლო დერეფანია. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით.

სარეაბილიტაციო სამუშაოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ძეგლზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი, არქიტექტორ-რესტავრატორი ზ. ქუფარაშვილი). აღდგა მთავარი და ჩრდილოეთი ეკლესიის კედლების მონგრეული ნაწილები და გადახურვა, დაკონსერვდა გარშემოსავლელის შემორჩენილი კედლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]