ყუფთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყუფთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუფთაში, მდ. შამბიეთის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფიქალით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია ფლეთილი ქვა. დუღაბი თხელია.

დარბაზული ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სა-რკმელი. ამჟამად ამოქოლილია და დატანებული აქვს მცირე ზომის წრიული ღიობი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. შემორჩენილია სფერული კონქის მცირე ნაწილი და სატრიუმფო თაღის ქვედა ქვები (შირიმის). საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხრებით.

ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო განიერი სწორკუთხა ნიშაა, დასავლეთის ნიშის თავზე სარკმელია გაჭრილი. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია მოთავსებული. შესასვლელის თავზე მცირე ზომის სარკმელია. ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან სწორკუთხა მინაშენები აქვს. მათგან შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1-1,5 მეტრს აღწევს. ეკლესიის სამხრეთით 2-3 მეტრში შემორჩენილია გეგმით სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი. ნაგებობა სამი სათავსისაგან შედგებოდა. იგი ძლიერაა დაზიანებული. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფიქალი და ფლეთილი ქვა. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები დაბზარულია. ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 210-211