ქართული ოთხთავი (1070)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთხთავის ყდის პირი
ოთხთავის ყდის ზურგი

ოთხთავი 1070 წლისა (შიფრი: Щук. 760) — ქართული ოთხთავი, გადაწერილი კონსტანტინოპოლში 1070 წელს, კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან I-ის ძმის აბაზისათვის. ამჟამად ინახება რუსეთის ისტორიულ მუზეუმში[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხთავი შედგება ეტრატის 373 ფურცლისაგან (ზომები: 19.8×14.8 სმ.). ტექსტი შესრულებულია ნუსხურით. ყდა კომბინირებულია, კერძოდ, XIX საუკუნის ყავისფერ ტყავგადაკრულ ფრთებზე დაკრულია გადაწერის თანადროული რელიეფური მოჭედილობა: ზედა ფრთაზე გამოსახულია ჯვარცმა, ქვედა ფრთაზე — ვედრების სცენა.

ოთხთავი გადაწერილია რომანას მოხასტერში, გადამწერ თეოდორეს მიერ. ოთხთავი გიორგი ათონელის რედაქციისაა. ბოლოში ერთვის საკითხავთა კალენდარული საძიებელი. წიგნი განეკუთვნება ე.წ. „საზეიმო“ ხელნაწერთა რიცხვს, საგანგებოდაა გადაწერილი და შემკული. მინიატიურები განაწილებულია კლასიკური ხანის ოთხთავებისთვის დამახასიათებელი წესის მიხედვით: აყვავებული ჯვარი, ევსებიოსის წერილი კარპიანესადმი, სახარების კანონთა 12 კამარა, თითოეული სახარების წინ მახარებელთა გამოსახულება. ტექსტი გაფორმებულია დეკორირებული საზედაო ასოებით. ხელნაწერი განკუთვნილია კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან I-ის ძმის, აბაზისათვის. ოთხთავს ერთვის გადამწერის ვრცელი ანდერძი და გვიანდელი მინაწერები. წიგნის გადაწერის თარიღის, ადგილისა და ოთხთავის მფლობელის ვინაობის შესახებ ცნობებს გვაწვდის გადამწერის ანდერძი:

...მე, სულითა საწყალობელმან თეოდორე მთავარანგელოზელმან, დავწერე წმიდაჲ ესე სახარებაჲ სრული ყოვლითავე ფერითა... ესე დავწერე და მოვაჴსენე ბრწყინვალესა მეფესა აბაზს, უმბრწამესსაჲ შვილსა სულკურთხეულისა გაგიკ მეფისა... დავწერე და განვასრულე სანახებსა კოსტანტინეპოლისსა, სოჴასტერსა რომანისსა, საჴელსა წმიდისა ღმრთისმშობელისსა, რომელსა მეგეთონა ეწოდების, მეფობასა ბერძენთა ზედა დეოგენესისასა, და აფხაზთა და ქართველთა ზედა – ბაგრატ სევასტოსისა და გიორგი კურაპალატისა, ძისა მისისსა, და კახთა და რანთა ზედა – ხსართანან კურაპალატისა და ძმათა მისთა...

ხელნაწერი XVI საუკუნეში დაცული იყო სამხრეთ საქართველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ, შეადგინეს მ. კარანაძემ, ვლ. კეკელიამ, ლ. შათირიშვილმა და ნ. ჩხიკვაძემ, მეორე შევსებული გამოცემა, თბილისი, 2023, გვ. 151
  • კლდიაშვილი 2005: კლდიაშვილი დ., გარეჯა-კონსტანტინეპოლი; თეოდორე გარეჯელის მიერ რომანას მონასტრის ქართულ სკრიპტორიუმში 1070 წელს გადაწერილი ოთხთავი, საქართველოს სიძველენი, 7-8 ( 2005), გვ. 143-162.
  • Стерлигова И., Чеканный оклад грузинского Тетраевангелия государственного Исторического Музея (Щук. 760). Хризограф. Сборник статей к юбилею Г. З. Быковой, Москва, 2003, ст. 308-320.
  • Добрынина, Неизвесная лицевая рукопись из Государственного Исторического Музея (Щук. 760). Хризограф. Сборник статей к юбилею Г.З. Быковой, Москва, 2003, ст. 259-307.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]