ფორმულა ერთის სეზონი 2000

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხაელ შუმახერმა (ფოტო გადაღებულია 1998 წელს) მისი მე-3 და „ფერარის“ შემადგენლობაში 1-ლი ტიტული მოიპოვა. შემდეგ მან იგი ზედიზედ 4-ჯერ დაიცვა

ფორმულა ერთის 2000 წლის სეზონი — ფორმულა ერთის რიგით 51-ე სეზონი. იგი 2000 წლის 12 მარტს დაიწყო და 17 ეტაპის შემდეგ, 22 ოქტომბერს დამთავრდა. მიხაელ შუმახერმა სეზონის ბოლოს წინა ეტაპზე მისი რიგით მე-3 ტიტული მოიპოვა. იგი ასევე „ფერარის“ პირველ ჩემპიონად იქცა 1979 წლის შემდეგ. მე-2 ადგილზე 1998 და 1999 წლების ჩემპიონი, მიკა ჰაკინენი გავიდა, ხოლო მე-3 ადგილი მისმა თანაგუნდელმა, დევიდ კულტჰარდმა დაიკავა. „ფერარიმ“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატშიც გაიმარჯვა, მათ უკან „მაკლარენი“ აღმოჩნდა.

სეზონის პირველი სამი ეტაპი შუმახერმა მოიგო, სანამ „ფერარის“ უახლოეს კონკურენტს, „მაკლარენს“ ბოლიდების არასაიმედობის გამო სათანადო კონკურენციის გაწევა ვერ შეეძლო. შემდეგ პრობლემები შუმახერსაც გაუჩნდა. გერმანელმა ზედიზედ სამჯერ ვერ მოახერხა ფინიშირება, რითაც “მაკლარენის“ პილოტებმაც ისარგებლეს. ჰაკინენმა ზედიზედ ორი რბოლა მოიგო და შედეგად შუმახერს 6 ქულით გაუსწრო, თუმცა სეზონის ბოლო 4 ეტაპი გერმანელი პილოტის გამარჯვებით დასრულდა. მიხაელ შუმახერმა თავისი მე-3 ტიტული 8 ოქტომბერს, იაპონიის გრან-პრიზე გააფორმა.

მოქმედმა ჩემპიონმა მიკა ჰაკინენმა მე-2 ადგილი დაიკავა. შუმახერმა მას ჩემპიონატში 19 ქულით აჯობა
დევიდ კულტჰარდი (ფოტო გადაღებულია 1995 წელს) ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდა

2000 წლის სეზონში მონაწილეობას პილოტების რეკორდულად დაბალი რაოდენობა იღებდა. სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა პილოტებთა შემადგენლობის ცვლილება (ედი ირვაინს ავსტრიის ეტაპის გამოტოვება მოუწია, ამიტომაც იგი ლუჩანო ბურტიმ ჩაანაცვლა). ეს რეკორდი 2008 წელს მოიხსნა, როდესაც იაპონური გუნდი „სუპერ აგური“ მე-4 ეტაპის შემდეგ ფორმულა ერთიდან წავიდა. 2000 წლის სეზონი ფორმულა ერთის 2009 წლის ჩემპიონის, ჯენსონ ბატონის სადებიუტო სეზონი იყო.

გუნდები და პილოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის სეზონში ყველა გუნდი 3.0 ლ მოცულობის V10 ძრავებს იყენებდა.[1] გუნდებს საბურავებით Bridgestone ამარაგებდა.[2]

გუნდი კონსტრუქტორი შასი ძრავი პილოტები რაუნდები
სახელი
დიდი ბრიტანეთის დროშა West McLaren Mercedes მაკლარენი MP4/15 Mercedes FO110J 1 ფინეთის დროშა მიკა ჰაკინენი ყველა
2 დიდი ბრიტანეთის დროშა დევიდ კულტჰარდი ყველა
იტალიის დროშა Scuderia Ferrari Marlboro ფერარი F1-2000 Ferrari 049 3 გერმანიის დროშა მიხაელ შუმახერი ყველა
4 ბრაზილიის დროშა რუბენს ბარიკელო ყველა
ირლანდიის დროშა Benson & Hedges Jordan ჯორდანი EJ10

EJ10B

Mugen-Honda MF-301 HE 5 გერმანიის დროშა ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენი ყველა
6 იტალიის დროშა იარნო ტრული ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა Jaguar Racing F1 Team იაგუარი R1 Cosworth CR-2 7 დიდი ბრიტანეთის დროშა ედი ირვაინი 1-9; 11-17
ბრაზილიის დროშა ლუჩანო ბურტი 10
8 დიდი ბრიტანეთის დროშა ჯონი ჰერბერტი ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა BMW WilliamsF1 Team უილიამსი FW22 BMW E41 9 გერმანიის დროშა რალფ შუმახერი ყველა
10 დიდი ბრიტანეთის დროშა ჯენსონ ბატონი ყველა
იტალიის დროშა Mild Seven Benetton Playlife ბენეტონი B200 Playlife FB02 11 იტალიის დროშა ჯანკარლო ფიზიკელა ყველა
12 ავსტრიის დროშა ალექსანდრე ვურცი ყველა
საფრანგეთის დროშა Gauloises Prost Peugeot პროსტი AP03 Peugeot A20 14 საფრანგეთის დროშა ჟან ალეზი ყველა
15 გერმანიის დროშა ნიკ ჰაიდფელდი ყველა
შვეიცარიის დროშა Red Bull Sauber Petronas ზაუბერი C19 Petronas SPE 04A 16 ბრაზილიის დროშა პედრო დინისი ყველა
17 ფინეთის დროშა მიკა სალო ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა Arrows F1 Team ეროუზი A21 Supertec FB02 18 ესპანეთის დროშა პედრო დე ლა როსა ყველა
19 ნიდერლანდების დროშა იოს ვერსტაპენი ყველა
იტალიის დროშა Telefonica Minardi Fondmetal მინარდი M02 Fondmetal RV10 20 ესპანეთის დროშა მარკ ჟენე ყველა
21 არგენტინის დროშა გასტონ მაცაკანე ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა Lucky Strike Reynard BAR Honda ბარი 002 Honda RA000E 22 კანადის დროშა ჟაკ ვილნევი ყველა
23 ბრაზილიის დროშა რიკარდო ზონტა ყველა
წყარო:[3][4][5]

ცვლილებები გუნდებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრიტანული გუნდი „სტიუარტი“ Ford-მა იყიდა და მას „იაგუარი“ ეწოდა. Ford-ის ძრავებს, რომელსაც გუნდი იყენებდა, Cosworth-ის სახელით მოიხსენიებდნენ. „მინარდის შემთხვევაში“ მათი Ford-ის V10 ძრავების ახალი სახელი Fondmetal გახდა.
  • „უილიამსმა“ Supertec-ის ძრავები BMW-თი ჩაანაცვლა. Supertec-ის ძრავებს აგრეთვე იყენებდა „ბარი“, რომელმაც კონტრაქტი Honda-სთან გააფორმა. ეს უკანასკნელი 1992 წლიდან წასვლის შემდეგ დაბრუნდა, როგორც ძრავების ოფიციალური მიმწოდებელი. Supertec-ის ახალი კლიენტი „ეროუზი“ გახდა, რომელმაც ამ ძრავებით Hart-ის, Yamaha-სა და Arrows-ის ძრავები ჩაანაცვლა.

ცვლილებები პელეტონში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუბენს ბარიკელო „სტიუარტიდან“ „ფერარიში“ გადავიდა, სადაც მან ედი ირვაინი ჩაანაცვლა. წინა სეზონის ვიცე-ჩემპიონმა ახალშექმნილ „იაგუარში“ დაიკავა ბრაზილიელის ადგილი.
  • 1999 წლის სეზონის ბოლოს ფორმულა ერთიდან 1996 წლის ჩემპიონი, დეიმონ ჰილი წავიდა. „ჯორდანში“ იგი „პროსტიდან“ გადმოსულმა იარნო ტრულიმ ჩაანაცვლა. „პროსტმა“ თავისი მეორე პილოტიც, ოლივიე პანისიც დაკარგა, რომელსაც „მაკლარენში“ ტესტ-პილოტის სტატუსი ერგო. გუნდის ახალი პილოტები „ზაუბერიდან“ გადმოსული ჟან ალეზი და ფორმულა 3000-ის 1999 წლის ჩემპიონი, ნიკ ჰაიდფელდი გახდნენ. „ზაუბერში“ 1998 წლის შემდეგ პირველად გაატარა სრული სეზონი მიკა სალომ, რომელმაც მანამდე 3 რბოლაში რიკარდო ზონტა, ხოლო შემდეგ, 6 რბოლაში მიხაელ შუმახერი ჩააცვლა.
  • 2009 წლის ჩემპიონმა, ჯენსონ ბატონმა სადებიუტო სეზონი „უილიამსში“ გაატარა მას შემდეგ, რაც საცდელ სესიაზე გუნდის ტესტ-პილოტის, ბრუნო ჟუნკეირას მაჩვენებლებს აჯობა.[6] გუნდში ბრიტანელმა ალესანდრო ზანარდი ჩაანაცვლა.
  • ტორანოსუკე ტაკაგი ფორმულა ერთიდან ფორმულა ნიპონში გადავიდა, სადაც ჩემპიონის ტიტულიც მოიგო. „ეროუზში“ მისი ადგილი იოს ვერსტაპენმა დაიკავა. მაშინ ნიდერლანდელს ფორმულა ერთის გრან-პრიში მონაწილეობა ბოლოჯერ 1998 წელს მიეღო, როცა იგი „სტიუარტის“ პილოტი იყო.
  • გასტონ მაცაკანემ „მინარდიში“ ლუკა ბადოერი ჩაანაცვლა. ბადოერს „ფერარიში“ ერგო ტესტ-პილოტის სტატუსი. სტეფან სარაზენი, რომელიც 1999 წლის ბრაზილიის გრან-პრიზე „მინარდისთვის“ ასპარეზობდა, „პროსტის“ ტესტ-პილოტად იქცა.

ცვლილებები შუა სეზონში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავსტრიის გრან-პრიზე „იაგუარის“ ტესტ-პილოტის, ლუჩანო ბურტის დებიუტი შედგა. მან ედი ირვაინი ჩაანაცვლა, რომელსაც ავადმყოფობის გამო ეტაპის გამოტოვება მოუწია.

რეგულაციების ცვლილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფასების შემცირების მიზნით, 2000 წლიდან ყველა გუნდი ვალდებული გახდა, გამოეყენებინა მხოლოდ V10 ძრავი.[7]
  • შეიცვალა რბოლის დროს წითელი დროშის გამოჩენის შემთხვევაში გატარებული პროცედურა. თუ რბოლას მისი მეორე წრისა და საერთო დისტანციის სამი მეოთხედის შორის გააჩერებდნენ, მაშინ რესტარტისას ბოლიდები იმ პოზიციებიდან დაიძრებოდნენ, რომლებიც მათ წითელი დროშის აღმართვამდე ერთი წრით ადრე ეკავათ. რესტარტისთვის ბოლიდებს შორის დაშორება ანულირდებოდა.[8]
  • 7 სექტემბერს ფია-მ გრან-პრის დროს ცივი საწვავის გამოყენება აკრძალა.[9]
  • 2000 წლის სეზონი უკანასკნელი იყო იმათაგან, რომლის დროსაც ბოლიდებს არ გააჩნდათ ტრექშნ კონტროლის, ლაუნჩ კონტროლის სისტემები და სრულიად ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ამ სისტემებზე აკრძალვა მომდევნო ეზონებში მოიხსნა, თუმცა 2004 და 2008 წელს პილოტებს მათი გამოყენება კვლავ აეკრძალათ.

კალენდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეტაპი გრან-პრი ტრასა თარიღი
1 ავსტრალიის გრან-პრი ავსტრალიის დროშა ალბერტ პარკის წრე, მელბურნი 12 მარტი
2 ბრაზილიის გრან-პრი ბრაზილიის დროშა ჟოზე კარლოს პასეს სახელობის ავტოდრომი, სან-პაულო 26 მარტი
3 სან-მარინოს გრან-პრი იტალიის დროშა ენცო და დინო ფერარის სახელობის ავტოდრომი, იმოლა 9 აპრილი
4 ბრიტანეთის გრან-პრი დიდი ბრიტანეთის დროშა სილვერსტოუნის წრე, სილვერსტოუნი 23 აპრილი
5 ესპანეთის გრან-პრი ესპანეთის დროშა კატალუნიას წრე, მონტმელო 7 მაისი
6 ევროპის გრან-პრი გერმანიის დროშა ნიურბურგრინგი, ნიურბურგი 21 მაისი
7 მონაკოს გრან-პრი მონაკოს დროშა მონაკოს წრე, მონაკო 4 ივნისი
8 კანადის გრან-პრი კანადის დროშა ჟილ ვილნევის სახელობის ავტოდრომი, მონრეალი 18 ივნისი
9 საფრანგეთის გრან-პრი საფრანგეთის დროშა მანი-კურის (ნევერის) წრე, მანი-კური 2 ივლისი
10 ავსტრიის გრან-პრი ავსტრიის დროშა A1-რინგი, შპილბერგი 16 ივლისი
11 გერმანიის გრან-პრი გერმანიის დროშა ჰოკენჰაიმრინგი, ჰოკენჰაიმი 30 ივლისი
12 უნგრეთის გრან-პრი უნგრეთის დროშა ჰუნგარორინგი, მოდიოროდი 13 აგვისტო
13 ბელგიის გრან-პრი ბელგიის დროშა სპა-ფრანკორშამის წრე, სტაველო 27 აგვისტო
14 იტალიის გრან-პრი იტალიის დროშა მონცას საერთაშორისო ავტოდრომი, მონცა 10 სექტემბერი
15 აშშ-ს გრან-პრი აშშ-ის დროშა ინდიანაპოლისის წრე, სპიდუეი 24 სექტემბერი
16 იაპონიის გრან-პრი იაპონიის დროშა სუზუკას წრე, სუზუკა 8 ოქტომბერი
17 მალაიზიის გრან-პრი მალაიზიის დროშა სეპანგის საერთაშორისო წრე, სეპანგი 22 ოქტომბერი
წყარო:[10][11]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკა ჰაკინენი პირველ ორ ეტაპს მისი „მაკლარენის“ არასაიმედობის გამო გამოეთიშა. ორივე შემთხვევაში ის გამოთიშვამდე 1-ელ ადგილზე იყო

სეზონი ავსტრალიაში დაიწყო, სადაც კვალიფიკაციის შედეგად პირველ რიგში „მაკლარენის„ ბოლიდები მოექცნენ. მათ უკან, მე-4 და მე-6 ადგილებზე შუმახერი და ბარიკელო იყვნენ, ხოლო მე-5 და მე-6 ადგილები „ჯორდანის“ პილოტებმა, ფრენტცენმა და ტრულიმ დაიკავეს. რბოლის სტარტზე „მაკლარენის“ პილოტებმა თავიანთი პოზიციები შეინარჩუნეს, რაც ვერ შეძლო რუბენს ბარიკელომ. ბრაზილიელს ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენმა გაუსწრო. „მაკლარენის“ პილოტები თავიანთ პოზიციებს მე-10 წრემდე ინარჩუნებდნენ, როდესაც დევიდ კულტჰარდი რბოლას გამოეთიშა. ჰაკინენის ძრავი 9 წრის შემდეგ აფეთქდა, შედეგად შუმახერმა 1-ელ ადგილზე გადაინაცვლა. ვერც „ჯორდანის“ პილოტებმა შეძლეს ფინიშირება, შესაბამისად სეზონის პირველი ეტაპი შუმახერისა და ბარიკელოს დუბლით დასრულდა, ხოლო მე-3 ადგილი მიხაელის ძმამ, რალფ შუმახერმა დაიკავა.

ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენი ბრაზილიის გრან-პრიზე მე-3 ადგილზე გავიდა. ეს პირველი იყო მისი (და „ჯორდანის“) ორი პოდიუმიდან

ბრაზილიაში კვალიფიკაცია მელბურნის ეტაპის მსგავსად განვითარდა: პირველ რიგს კვლავ „მაკლარენის“ პილოტები იკავებდნენ, მათ უკან კი, შუმახერი და ბარიკელო იყვნენ. რბოლაში შუმახერმა 2 წრის შემდეგ 1-ელ ადგილზე გადაინაცვლა, რომელსაც მე-20 წრემდე იკავებდა, როცა გერმანელს პიტლეინზე უხმეს. იგი ტრასაზე ჰაკინენის უკან მე-2 ადგილზე დაბრუნდა. კულტჰარდმა ამით ვერ ისარგებლა, რადგან მის „მაკლარენს“ გადაცემათა კოლოფის პრობლემები გაუჩნდა. შუმახერის თანაგუნდელი, რუბენს ბარიკელო მისი გაჩერების მერე ძრავის აფეთქების გამო რბოლიდან გავარდა. ჰაკინენი 1-ელ ადგილს ინარჩუნებდა, სანამ მისი „მაკლარენიდან“ ზეთის ჟონვა არ დაიწყო. საბოლოოდ ბრაზილიის გრან-პრი მიხაელ შუმახერმა მოიგო, ხოლო მე-2 ადგილზე კულტჰარდი გავიდა. მე-3 ადგილი ბენეტონის პილოტმა, ჯანკარლო ფიზიკელამ დაიკავა. რბოლის შემდეგ მთლიანი ექვსეული (ფიზიკელას გარდა) დისკვალიფიცირებული იქნა ბოლიდის ხის ფიცრის დაზიანების გამო. გუნდებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. საბოლოოდ, ფია-მ დაასკვნა, რომ რომ კულტჰარდის ბოლიდზე წინა ფრთა დაშვებულზე ქვევით იყო განლაგებული. შედეგად, კულტჰარდის გარდა, ყველა პილოტს მოეხსნა დისკვალიფიკაცია, შესაბამისად, ფიზიკელამ მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მე-3 ადგილი ფრენტცენმა დაიკავა. ექვსეულში ასევე მოხვდა ჯენსონ ბატონი, რის გამოც იგი ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, რომელმაც ფორმულა ერთში ქულები დააგროვა.

ორი ეტაპის შემდეგ, შუმახერმა ქულების მაქსიმალური რაოდენობა (20) დააგროვა. მეორე ადგილზე ფიზიკელა იყო, რომელმაც 8 ქულა დააგროვა, ხოლო მე-3 ადგილზე ბარიკელო იყო 6 ქულით. „მაკლარენის“ პილოტებს ქულები არ დაუგროვებიათ. კონსტრუქტორთა ჩემპიონატში „ფერარი“ ლიდერობდა, მათ შემდეგ „ბენეტონი“ და „უილიამსი“ იყვნენ.

სეზონის ევროპული ნაწილი იმოლაში დაიწყო, სადაც პოულის პოზიცია კვლავ ჰაკინენმა დაიკავა. ორ „მაკლარენს“ შორის შუმახერი აღმოჩნდა, ხოლო მისი თანაგუნდელი ბარიკელო რბოლას მე-4 ადგილიდან იწყებდა. სტარტზე ჰაკინენმა და შუმახერმა თავიანთი პოზიციები შეინარჩუნეს. ამასობაში, ბარიკელომ კულტჰარდს გაუსწრო. ჰაკინენისა და შუმახერის ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. გერმანელმა ზედიზდე მესამე ეტაპი მოიგო, ჰაკინენი მე-2 ადგილზე გავიდა და „მაკლარენს“ სეზონში პირველი ქულები მოუტანა. მისმა თანაგუნდელმა კულტჰარდმა მე-3 ადგილი დაიკავა.

მეოთხე ეტაპს სილვერსტოუნის წრე იღებდა. ცვალებად ამინდში ჩატარებულ კვალიფიკაციაში საუკეთესო რუბენს ბარიკელო აღმოჩნდა. ბრაზილიელმა თავის კარიერაში მე-3 პოული დაიკავა. მან მე-2 ადგილზე გასულ ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენს მხოლოდ 3 მეათასედი წამით აჯობა. მეორე რიგი „მაკლარენის“ პილოტებმა დაიკავეს, ხოლო მათ უკან, მე-5 ადგილზე, შუმახერი იყო. სტარტზე მან 3 პოზიცია დაკარგა. მალე ფრენტცენი პიტლეინზე იხმეს, შედეგად ბარიკელოს უკან ჰაკინენი და კულტჰარდი აღმოჩნდნენ. ბარიკელომ პოზიცია 35-ე წრემდე შეინარჩუნა, სანამ იგი არ ამოსრიალდა. ბრაზილიელმა პიტლეინს მიაშურა, თუმცა „ფერარი“ ამ გადაწყვეტილებისთვის მზად არ იყო. პიტ-სტოპის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბარიკელოს მანქანის დაქოქვა ჰიდრავლიკის პრობლემების გამო არ შეეძლო, და რუბენსი რბოლას გამოეთიშა. რბოლის ახალი ლიდერი ფრენტცენი გახდა, თუმცა ექვსი წრის შემდეგ მისი ბოლიდის გადაცემათა კოლოფი გაფუჭდა და გერმანელი რბოლას გამოეთიშა. ბრიტანეთის გრან-პრი დევიდ კულტჰარდმა მოიგო, მე-2 ადგილზე მიკა ჰაკინენი გავიდა და „მაკლარენს“ ამ სეზონში მისი პირველი დუბლი მოუტანა. მე-3 ადგილი შუმახერმა დაიკავა.

გამარჯვების შემდეგ კულტჰარდმა ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. მას 14 ქულა ჰქონდა, მაგრამ ეს რაოდენობა შუმახერისას 20 ქულით ჩამორჩებოდა. ჰაკინენს მხოლოდ 12 ქულა დაუგროვებია, ხოლო რუბენს ბარიკელოსა და მიხაელ შუმახერის ძმას, რალფ შუმახერს ორივეს 9 ქულა ჰქონდათ.

ესპანეთის გრან-პრიზე მიხაელ შუმახერმა მისი ამ სეზონში პირველი პოულის პოზიცია დაიკავა და ჰაკინენს, ბარიკელოსა და კულტჰარდს აჯობა. სტარტზე შუმახერისა და ჰაკინენის პოზიციები არ შეცვლილა, თუმცა მათ თანაგუნდელებს რალფ შუმახერმა გაუსწრო. პიტ-სტოპების შემდეგ შუმახერს საბურავის პრობლემები გაუჩნდა და მან პირველობა ჰაკინენს დაუთმო. გერმანელმა რბოლა მე-5 პოზიციაზე დაამთავრა. მის წინ ჰაკინენი, კულტჰარდი, ბარიკელო და რალფ შუმახერი იყვნენ.

ევროპის გრან-პრი გერმანიაში, ნიურბურგრინგის წრეზე გაიმართა. იქ შუმახერს, ჰაკინენსა და ბარიკელოს დევიდ კულტჰარდმა აჯობა, რომელმაც პოული დაიკავა, თუმცა სტარტზე მას შუმახერმა გაუსწრო, რომელსაც, თავის მხრივ, ჰაკინენმა გაუსწრო. მალე გაწვიმდა, და მე-11 წრეზე შუმახერმა ჰაკინენს გაასწრო. ფინელმა კულტჰარდსაც დაუთმო პოზიცია, თუმცა იგი მალევე დაიბრუნა. ამასობაში რუბენს ბარიკელო მე-9 ადგილზე იყო. შედეგად ნიურბურგრინგში შუმახერმა გაიმარჯვა, პოდიუმზე კვლავ ავიდნენ ჰაკინენი და კულტჰარდი.

ჩემპიონატში კვლავ შუმახერი ლიდერობდა, 46 ქულით. მე-2 ადგილზე მიკა ჰაკინენი იყო 28 ქულით, ხოლო მე-3 ადგილზე – დევიდ კულტჰარდი, 24 ქულით. მე-4 ადგილზე მყოფ ბარიკელოს 16 ქულა ჰქონდა დაგროვებული. კონსტრუქტორების ჩემპიონატში „ფერარი“ ლიდერობდა, 62 ქულით, ხოლო „მაკლარენს“ მათზე 10 ქულით ნაკლები ჰქონდათ. დანარჩენებიდან საუკეთესო „უილიამსი“ იყო, რომელსაც 15 ქულა დაუგროვებია.

მეშვიდე რაუნდი მონაკოში ჩატარდა, სადაც პოულის პოზიცია შუმახერმა დაიკავა. მონაკოს ვიწრო ქუჩებში სისწრაფით „ჯორდანი“ გამოირჩეოდა: მე-2 ადგილი იარნო ტრულიმ დაიკავა. მისმა თანაგუნდელმა, ფრენტცენმა მე-4 უსწრაფესი რეზულტატი აჩვენა და ორ „მაკლარენს“ შორის აღმოჩნდა. სტარტზე ლიდერებმა თავიანთი პოზიციები შეინარჩუნეს, თუმცა შუა პელეტონში ჯენსონ ბატონსა და ჯანკარლო ფიზიკელას შორის მომხდარი ინციდენტი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ტრასაზე წითელი დროშები აღემართათ. რესტარტი ავარიების გარეშე ჩატარდა. „ჯორდანმა“ კვალიფიკაციაში არსებული ტემპი უეცრად დაკარგა; ტრული კულტჰარდს ანელებდა, მაგრამ ვინაიდან მონაკოს წრის სივიწროე გასწრებას თითქმის შეუძლებელს ხდის, დევიდს ტრულისთან მიმართებაში არაფრის გაკეთება შეეძლო. 37-ე წრეზე ტრულის გადაცემათა კოლოფი გაუფუჭდა და იგი რბოლას გამოეთიშა, შედეგად კულტჰარდმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მას ლიდერამდე 36 წამი აშორებდა. კულტჰარდმა 1-ელ ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 55-ე წრეზე შუმახერის ბოლიდს საკიდრები გაუფუჭდა და გერმანელიც რბოლიდან გავარდა. კულტჰარდის თანაგუნდელი, ჰაკინენი მე-5 ადგილზე იყო, სანამ მის „მაკლარენსაც“ პრობლემები გაუჩნდა და ფინელს სვლის შენელება მოუწია, თუმცა გუნდმა ამ პრობლემის გადაჭრა მაინც მოახერხა და მოქმედი ჩემპიონი ტრასაზე დაბრუნდა. ლიდერი კულტჰარდის უკან, მე-2 ადგილზე, ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენი იყო, თუმცა როცა რბოლის დამთავრებამდე 8 წრე იყო დარჩენილი, გერმანელი კედელს შეეჯახა და რბოლას გამოეთიშა. საბოლოოდ, მონაკოს გრან-პრიზე დევიდ კულტჰარდმა გაიმარჯვა, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილები რუბენს ბარიკელომ და ჯანკარლო ფიზიკელამ დაიკავა. კულტჰარდის თანაგუნდელმა, მიკა ჰაკინენმა, რბოლა მე-6 ადგილზე დაამთავრა.

მომდევნო ეტაპი კანადაში, ჟილ ვილნევის სახელობის ავტოდრომზე გაიმართა. კვალიფიკაციაში საუკეთესო რეზულტატი კვლავ შუმახერმა აჩვენა და კულტჰარდს, ბარიკელოსა და ჰაკინენს აჯობა. სტარტზე შუმახერმა და კულტჰარდმა თავიანთი პოზიციები შეინარჩუნეს, ხოლო მათ თანაგუნდელებს ჟაკ ვილნევმა გაუსწრო და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. მალე კულტჰარდმა 10 წამიანი „სტოპ-ენდ-გოუ“ ჯარიმა მიიღო, რადგანაც „მაკლარენის“ მექანიკოსები მის ბოლიდზე გასახურებელი წრის დაწყებამდე 15 წამზე ნაკლებით ადრე მუშაობდნენ. 25-ე წრეზე ვილნევს ბარიკელომ გაუსწრო, მაგრამ ბრაზილიელსა და შუმახერს შორის სხვაობა უკვე 27 წამს შეადგენდა. შემდეგ ვილნევმა თავისი პოზიცია ჰაკინენსაც დაუთმო. მალე მონრეალში გაწვიმდა და ყველა პილოტმა წვიმის საბურავები დაიყენა. პიტ-სტოპების შემდეგ შუმახერმა ლიდერობა შეინარჩუნა. ბარიკელოსა და ჰაკინენის წინ ფიზიკელა გაიჭრა, ხოლო მე-5 ადგილი ტრულიმ დაიკავა. ფიზიკელამ მე-2 ადგილი დიდხანს ვერ შეინარჩუნა, რადგანაც პილოტირებისას შეცდომა დაუშვა, რითაც ბარიკელომ ისარგებლა. რბოლაში კვლავ მიხაელ შუმახერმა გაიმარჯვა, მე-2 ადგილზე რუბენს ბარიკელო გავიდა და „ფერარის“ დუბლი მოუტანა, ხოლო ფიზიკელამ რბოლა მე-3 ადგილზე დაამთავრა.

სეზონის პირველი ნახევარი შუმახერმა დამაჯერებელი 22 ქულიანი ლიდერობით დაამთავრა. მე-2 ადგილზე დევიდ კულტჰარდი იყო, 34 ქულით. ჰაკინენსა და ბარიკელოს 32 და 28 ქულა დაეგროვებინათ. კონსტრუქტორთა ჩემპიონატში ლიდერობას „ფერარი“ ინარჩუნებდა, 84 ქულით, რომელიც „მაკლარენის“ ქულებთა რაოდენობას 18 ქულით აღემატებოდა. მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში „უილიამსს“ „ბენეტონმა“ აჯობა: მათი მაჩვენებელი 18 ქულას შეადგენდა.

შემდეგი ეტაპი საფრანგეთში გაიმართა. შუმახერმა ზედიზედ მესამეჯერ დაიკავა პოული. მის უკან კვლავ კულტჰარდი, ბარიკელო და ჰაკინენი იყვნენ. სტარტზე რუბენსმა კულტჰარდს გაუსწრო, თუმცა „მაკლარენის“ პილოტმა 22-ე წრეზე თავისი პოზიცია დაიბრუნა. პიტ-სტოპების შემდეგ ბარიკელომ პოზიცია ჰაკინენსაც დაუთმო. შუმახერს საბურავებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და კულტჰარდი მას სწრაფად უახლოვდებოდა. მალე მან მისი გასწრებაც სცადა, თუმცა მიხაელმა იგი ტრასის ფარგლების გარეთ გააგდო. რამდენიმე წრის შემდეგ, კულტჰარდმა შუმახერს იგივე მოსახვევზე გაუსწრო და რბოლაც მოიგო. ჰაკინენი მე-2 ადგილზე გავიდა, შუმახერი – მე-3 პოზიციაზე.

მეათე ეტაპს ავსტრია იღებდა. კვალიფიკაციის შედეგად პირველი რიგი ამჯერად ჰაკინენმა და კულტჰარდმა დაიკავეს, ხოლო მე-3 და მე-4 რეზულტატი შუმახერმა და ბარიკელომ აჩვენეს. სტარტზე ბარიკელოს უკნიდან იარნო ტრული შეეჯახა. ამასობაში რიკარდო ზონტამ შუმახერთან დაუშვა კონტაქტი და იგი ამოატრიალა. შუმახერი შემდეგ ტრულისთან მოჰყვა ავარიაში, და რბოლას ორივე პილოტი გამოეთიშა. ბარიკელო მე-9 პოზიციაზე ჩამოვარდა. ამასობაში მე-3 და მე-4 ადგილებზე მიკა სალო და პედრო დე ლა როსა აღმოჩნდნენ. მალე ამ უკანასკნელმა სალოს გაასწრო და მე-3 ადგილი დაიკავა, თუმცა მას ძრავი აუფეთქდა და იგი რბოლას გამოეთიშა, რის გამოც მე-3 ადგილი რუბენს ბარიკელოს ერგო, ხოლო „მაკლარენის“ პილოტებმა ეტაპი დუბლით დაამთავრეს. რბოლის შემდეგ გუნდს ჯარიმის სახით 10 ქულა ჩამოართვეს, რადგანაც ჰაკინენის ბოლიდზე ფია-ს ლოგოტიპი არ იყო განთავსებული. პილოტისთვის ქულები არ ჩამოურთვევიათ.

10 ეტაპის შემდეგ, შუმახერს 56 ქულა ჰქონდა დაგროვებული. მე-2 ადგილს კვლავ დევიდ კულტჰარდი იკავებდა, მას შუმახერზე მხოლოდ 6 ქულით ნაკლები ჰქონდა დაგროვებული. მე-3 ადგილზე ჰაკინენი იყო, 48 ქულით, ხოლო მე-4-ზე – რუბენს ბარიკელო, 36 ქულით. კონსტრუქტორების ჩემპიონატში „ფერარი“ ლიდერობდა, 92 ქულით. „მაკლარენმა“ ორ გუნდის მაჩვენებლებს შორის სხვაობა საგრძნობლად შეამცირა, და ახლა იგი „ფერარის“ ქულებთა რაოდენობას მხოლოს 4 ქულით ჩამოუვარდებოდა. მე-3 ადგილს „უილიამსი“ იკავებდა, 19 ქულით.

გერმანიაში, ჰოკენჰაიმის წრეზე პოულის პოზიცია დევიდ კულტჰარდს ერგო. ცვალებადი ამინდის პირობებში ჩატარებულ კვალიფიკაციაში შუმახერმა მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო მე-3 პოზიციდან რბოლას ჯანკარლო ფიზიკელა იწყებდა, რომელმაც მიკა ჰაკინენს აჯობა. სტარტზე მოქმედმა ჩემპიონმა პირველივე მოსახვევამდე მოახერხა 1-ლი ადგილის დაკავება, ხოლო შუმახერს უკნიდან ფიზიკელა დაეჯახა, რამაც რბოლიდან ორივეს გამოთიშვა გამოიწვია. 44-დან 25-ე წრისთვის „მაკლარენის“ პილოტები, რომლებიც 1-ელ და მე-2 ადგილებს იკავებდნენ, მე-3 პოზიციაზე მყოფ იარნო ტრულის ნახევარი წუთით უსწრებდნენ. ტრულის უკან პედრო დე ლა როსა და რუბენს ბარიკელო იყვნენ. ამასობაში, ტრასაზე გულშემატკივარი გამოვიდა, რომელსაც ხელში პლაკატი ეჭირა. ჰოკენჰაიმის წრეზე ყვითელი დროშები აღიმართა და პელეტონს წინ უსაფრთხოების ავტომობილი გაუძღვა, სანამ გულშემატკივარი დაიჭირეს და უკან დააბრუნეს. პილოტებმა პიტ-ლეინს მიაშურეს და პიტ-სტოპების სერიამ განსაკუთრებით დიდი დრო დააკარგვინა დევიდ კულტჰარდს, რადგანაც „მაკლარენის“ მექანიკოსებს მისთვისა და ჰაკინენისთვის მომსახურების ერთდროულად გაწევა არ შეეძლოთ. როდესაც რესტარტი შედგა, გაწვიმდა, თუმცა ეს ტრასის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ეხებოდა. ყველა პილოტმა, გარდა ბარიკელოსა და ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენისა, ბოქსებს კვლავ მიაშურა. ამან ბარიკელო 1-ელ პოზიციაზე გადაიყვანა, მას ფრენტცენი, ჰაკინენი, ტრული და კულტჰარდი მოსდევდნენ. ტრულიმ სტოპ-ენდ-გოუ ჯარიმა მიიღო ყვითელი დროშების აღმართვისას გასწრების გამო, ხოლო ფრენტცენს გადაცემათა კოლოფი გაუფუჭდა და იგი რბოლას გამოეთიშა. შედეგად ბარიკელომ თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა, მე-2 და მე-3 ადგილებზე ჰაკინენი და კულტჰარდი გავიდნენ.

მეთორმეტე ეტაპი უნგრეთში გაიმართა, სადაც კვალიფიკაციაში საუკეთესო რეზულტატი შუმახერმა აჩვენა. მე-2 ადგილი დევიდ კულტჰარდმა დაიკავა, მე-3 მიკა ჰაკინენს ერგო, ხოლო მე-4 და მე-5 ადგილები — რალფ შუმახერსა და რუბენს ბარიკელოს. ჰაკინენმა რბოლა კვლავ კარგად დაიწყო და 1-ლი ადგილი დაიკავა. კულტჰარდმა შუმახერის გასწრება რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა ვერ შეძლო. იგი გერმანელს განსაკუთრებით პიტ-სტოპების მეორე რაუნდის მერე მიუახლოვდა, თუმცა გასტონ მაცაკანესა და მარკ ჟენეს უკან ყოფნაში მან დიდი დრო დაკარგა. შედეგად რბოლა ჰაკინენმა მოიგო, მე-2 ადგილზე შუმახერი გავიდა, ხოლო დევიდ კულტჰარდმა მე-3 ადგილი დაიკავა.

ჰუნგარორინგში გამარჯვების შემდეგ ჩემპიონატში ახალ ლიდერად ჰაკინენი იქცა, 64 ქულით. შუმახერმა, 62 ქულით, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. შემდეგ მე-3 და მე-4 ადგილებზე კულტჰარდი და ბარიკელო იყვნენ, 58 და 49 ქულებით. ხოლო მე-5 ჯანკარლო ფიზიკელა იყო, 18 ქულით. ლიდერი კონსტრუქტორთა ჩემპიონატშიც შეიცვალა: „მაკლარენმა“, 112 ქულით “ფერარის“ მხოლოდ 1 ქულით გაუსწრო. მე-3 ადგილზე კვლავ „უილიამსი“ იყო, 24 ქულით.

მომდევნო ეტაპი ბელგიაში, სპა-ფრანკორშამის წრეზე გაიმართა, სადაც პოული ჰაკინენმა დაიკავა. შუმახერი და კულტჰარდი მხოლოდ მე-4 და მე-5 ადგილებით შემოიფარგლნენ, მათ იარნო ტრულიმ და ჯენსონ ბატონმა აჯობეს. წვიმიან ამინდში ჩატარებული სტარტი პირველმა ხუთეულმა რაიმე ცვლილებების გარეშე გაატარა. მე-5 წრეზე ბატონმა ტრულის გასწრება სცადა, თუმცა ეს მცდელობა ავარიით დამთავრდა. ტრული რბოლას გამოეთიშა, ხოლო ბატონმა რბოლის გაგრძელება შეძლო, თუმცა პოზიციები დაკარგა. შუმახერმა და კულტჰარდმა მე-2 და მე-3 ადგილებზე გადაინაცვლეს. გერმანელი ჰაკინენს სწრაფად უახლოვდებოდა, და მე-12 წრეზე მას გაუსწრო კიდეც, როდესაც ჰაკინენმა შეცდომა დაუშვა და თითქმის ამოსრიალდა. ტრასამ დაშრობა დაიწყო, და პილოტებმა ბოქსებს მიაშურეს, რათა საწვიმარი საბურავებიდან მშრალებზე გადაენაცვლათ. კულტჰარდმა თავდაპირველად პიტ-სტოპს ტრასაზე დარჩენა ამჯობინა და ამის გამო მე-3-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. მშრალ ტრასაზე ჰაკინენი შუმახერზე სწრაფი აღმოჩნდა. იგი გერმანელს ფინიშამდე 4 წრით ადრე დაეწია და გასწრება სცადა, თუმცა შუმახერმა მას ადგილი არ დაუტოვა და ჰაკინენს 200 კმ/სთ სიჩქარით ბალახზე გასვლა მოუწია. მომდევნო წრეზე მან კვლავ სცადა შუმახერის გასწრება. გრძელ პირდაპირ მონაკვეთზე ორ პილოტს შორის რიკარდო ზონტას ბოლიდი აღმოჩნდა, და მის გასასწრებად მათ ტრასის სხვადასხვა მხარე დაიკავეს. მომდევნო მოსახვევში ჰაკინენი წინ გაიჭრა და რბოლაც მოიგო, ხოლო შუმახერს მხოლოდ მე-2 ადგილით მოუწია დაკმაყოფილება. მისი ძმა რალფი მე-3 ადგილზე გავიდა, ხოლო მე-4 ადგილი დევიდ კულტჰარდმა დაიკავა.

იტალიაში, „ფერარის“ მშობლიურ მიწაზე კვალიფიკაციის შედეგად პირველი რიგი შუმახერმა და ბარიკელომ დაიკავეს. მათ უკან ჰაკინენი, ჟაკ ვილნევი და კულტჰარდი იყვნენ. შუმახერმა და „მაკლარენის“ პილოტებმა კარგი სტარტი ჩაატარეს, რაც ბარიკელომ და ვილნევმა ვერ შეძლეს. ფრენტცენმა გვიან დაამუხრუჭა და ტრულისა და ბარიკელოს უკნიდან დაეჯახა, რის გამოც სამივე პილოტი ამოსრიალდა. ამ ავარიამ ტრასაზე ერთ-ერთი მარშალი, პაოლო გიზლიმბერტი იმსხვერპლა. ავარიის შედეგად მონცას ავტოდრომზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რომელმაც ტრასაზე 10 წრე დაჰყო. რესტარტის შემდეგ ჰაკინენი შუმახერის გასწრებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. გერმანელმა მისი რიგით 41-ე რბოლა მოიგო და აირტონ სენას გამარჯვებებთა მაჩვენებელს გაუტოლდა. ჰაკინენმა მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო მე-3 ადგილზე რალფ შუმახერი გავიდა. მე-4 ადგილი „ეროუზის“ პილოტმა, იოს ვერსტაპენმა დაიკავა, და ამავდროულად გუნდის საუკეთესო რეზულტატი აჩვენა. რბოლის შემდეგ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე, როდესაც შუმახერს სენას რეკორდს გატოლება და ავარიის შედეგად მარშალის სიკვდილი შეატყობინეს, იგი ატირდა.

სეზონის დამთავრებამდე სამი ეტაპით ადრე, მიუხედავად შუმახერის მონცაში გამარჯვებისა, ჩემპიონატში ლიდერობას კვლავ ჰაკინენი ინარჩუნებდა. მე-3 ადგილი კვლავ კულტჰარდს ეკავა, 68 ქულით. მე-4 და მე-5 ადგილებზე ბარიკელო და რალფ შუმახერი იყვნენ. კონსტრუქტორთა ჩემპიონატშიც ლიდერობა „მაკლარენმა“ შეინარჩუნა. მის და „ფერარის“ შორის სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა. მე-3 ადგილს კვლავ „უილიამსი“ იკავებდა, 30 ქულით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2000 FIA Formula One World Championship – Provisional Entry List. FIA.com. Fédération Internationale de l'Automobile (10 February 2000). ციტირების თარიღი: 28 July 2015
  2. Dro, Pascal (2000). Formula 1 Yearbook 2000–2001. Bath, Somerset: Parragon, გვ. 20–41. ISBN 0-75254-735-6. 
  3. 2000 FIA Formula One World Championship – Provisional Entry List. FIA.com. Fédération Internationale de l'Automobile (10 February 2000). ციტირების თარიღი: 28 July 2015
  4. Dro, Pascal (2000). Formula 1 Yearbook 2000–2001. Bath, Somerset: Parragon, გვ. 20–41. ISBN 0-75254-735-6. 
  5. 12 Models in 2000. StatsF1. ციტირების თარიღი: 13 June 2023
  6. Jenson Button: F1 driver profile – retrieved 16 January 2011
  7. „WORLD MOTOR SPORT COUNCIL MEETING – JANUARY 15, 2000“ (PDF). www.fia.com. 15 January 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 3 June 2011. ციტირების თარიღი: 24 January 2016.
  8. 2000 FIA Formula One World Championship Sporting Regulations. Fédération Internationale de l'Automobile (FIA) (24 January 2000). ციტირების თარიღი: 25 November 2015
  9. 2000 FIA Formula One World Championship Sporting Regulations. Fédération Internationale de l'Automobile (FIA) (24 January 2000). ციტირების თარიღი: 25 November 2015
  10. 2000. Chicane F1. ციტირების თარიღი: 3 March 2022
  11. Formula One Calendar 2000. Motorsport Stats. ციტირების თარიღი: 3 April 2022