ფლატირონ ბილდინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფლატირონი (2004)
შენობა 1902 წელს

ფულერის შენობა, ანუ უფრო ცნობილი როგორც ფლატირონ ბილდინგი (სიტყვასიტვით - შენობა-უთო) იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკში მისი მშენებლობის დასრულების დროს 1902 წელს. შენობის პროექტი ეკუთვნის ჩიკაგოელ დენიელ ბარნჰემს და შესრულებულია ბოზ-არტ სტილში სამკუთხა ბლოკ-კუნძულზე 23-ე ქუჩის, მე-5 ავენიუსა და ბროდვეის შორის, მედისონ სქვერის კუთხეში. კლასიკური ბერძნული კოლონადის სტილის თანახმად მისი კირქვისა და მოჭიქული ტერა-კოტის ფასადი ჰორიზონტალურად დაყოფილია სამ ნაწილად.

ადგილობრივებმა შენობისადმი ინტერესი სწრაფად გამოამჟღავნეს და ნიძლავს დებდნენ იმაზე თუ რა პერიმეტრზე გაიფანტებოდა შენობის ნანგრევები იმ შემთხვევაში თუ ნიუ-იორკის განუყრელი ქარი მის წაქცევას მოახერხებდა, დაარქვეს რა მას „ფლატირონი“ (ინგლ. ბრტყელი უთო) იმ დროინდელ უთოსთან მსგავსების გამო. მომრგვალებული წვეტის ბოლოში შენობის სიგანე მხოლოდ 2 მეტრია. 22 სართულიანი შენობა 87 მეტრის სიმაღლისაა და მას მანჰეტენზე ყველაზე ძველ დღემდე შემორჩენილ ცათამბჯენად მიიჩნევენ, თუმცა ფაქტობრივად შედარებით ძველი პარკ-როუ ბილდინგი (1899) რამდენიმე სართულით მაღალია.

შენობის აეროდინამიულმა სტრუქტურამ ორპირი ქარის ეფექტი წარმოშვა მის გარშემო მდებარე ქუჩებზე. ამბობენ, რომ შენობის ადრეულ დღეებში, როცა ქალბატონის შიშველი წვივის დანახვა დიდ აჟჲოტაჟს იწვევდა, უსაქმურები დაეწყობოდნენ ხოლმე შენობის ტროტუართან თვალწარმტაცი სანახაობის მოლოდინში. პოლიციის თანამშრომლები დროდადრო გამოივლიდნენ სეირის მომლოდინეთა გასაფანტავად მათი 23-ე ქუჩის სათვალთვალო პოზიციებიდან; სწორედ ამის გამო ამ ადგილს ტროტუარზე „23 სკიდუ“ (23 skidoo) დაექვა.

ამჟამად ფლატირონი პოპულარული ადგილია ტურისტთა ფოტოგრაფირებისთვის, ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობა და ასევე ფუნქციონალური საოფისე შენობაა, რომელშიც რამდენიმე გამომცემლობა მდებარეობს გაერთიანუბული "ჰოლცბრინკ პაბლიშერზ" სახელით. აღდგენითი სამოუშაოების გამო ფლატირონის წვეტიანი კუთხე 2005 წლის დეკემბრიდან ხარაჩოებზე აკრული შავი ტილოთია დაფარული.

წარმტაცი შენობის ზეგავლენით მანჰეტენის მიმდებარე უბანს „ფლატირონ დისტრიქტი“ ჰქვია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]