უჯარმის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უჯარმის ეკლესია.

უჯარმის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირას, ტყიანი მთის კონცხზე. ეკლესიის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, ივრის ჭალებისკენ მკვეთრი, ტყიანი ფერდობები ეშვება, დასავლეთით კი (ნაწილობრივ სამხრეთითაც), რელიეფი სწორია.

ეკლესია ორნავიანია (9,1x6,9 მეტრი). შენობის აღმოსავლეთ ნაწილში, როგორც სტრუქტურულად, ისე საშენი მასალის სახეობით და წყობის ხარისხით, აშკარადაა გამიჯნული ორი ძირითადი სამშენებლო ფენა. თავდაპირველი ფენა, რომელიც სავარაუდოდ ადრიან შუა საუკუნეებს უნდა უკავშირდებოდეს, არსებითად მხოლოდ აღმოსავლეთ კედელს შემორჩა - დაახლოებით 2,5-3 მეტრის სიმაღლის მონაკვეთი (დანარჩენი კედლებიდან, მიწის ზემოთ, ამ ფენის მცირე ნაწილი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ბოლოებშიც შეიმჩნევა) იგი გამოყვანილია წესიერი მოყვანილობის ერთმანეთს კარგად მორგებული, ქვიშაქვის ქვების სწორხაზოვანი რიგებით, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში პირობითად „უჯარმულ წყობას“ უწოდებენ. კედლის დანარჩენი ნაწილი სრულიად დაუმუშავებელი, შემთხვევითი ფორმის, ნატეხი ქვიშაქვიის ირეგულარული წყობითაა ნაგები, რომელიც სიმაღლეში სხვადასხვა პერიოდის ორ მონაკვეთად იყოფა. კედლის ქვედა ნაწილი (სიმაღლე - დაახლოებით 2 მეტრი) მომრგვალებულია და თითქმის საკურთხევლის შიდა მოხაზულობას იმეორებს, ზედა, გვიანი ნაწილი კი ბრტყელია. ნაწილებს შორის ფორმათა სხვადასხვაობის გამო, კედლის ზედა ნაწილის ჩრდილო კუთხე, ქვედას მიმართ, დაახლოებით 1 მეტრითაა გამოშვერილი (კედლის სამხრეთ ნაწილი მონგრეულია და მისი გადაწყვეტა არ ჩანს).

ეკლესიის ამჟამინდელი გეგმა ორიგინალური არ არის. შემორჩენილი ნაწილების მიხედვით ჩანს, რომ თავდაპირველად აქ მდგარა, გეგით სწორკუთხა მოზრდილი ზომის (სიგრძე — 6,9, სიგანე — გათხრა-გასუფტავების გარეშე არ დგინდება), ნალისებრი ბრაფსიდიანი დარბაზული ეკლესია რომელიც დანგრეულა და მოგვიანებით (სავარაუდოდ, გავითარებულ შუა საუკუნეებში) აღუდგენიათ, მაგრამ არა პირვანდელი სახით. სიგრძეში ეკლესია რამდენადმე დაუმოკლებით, ინტერიერის სამხრეთ ნახევარში მთელ სიგრძეზე (აფსიდის ჩათვლით), ჩაუშენებიათ სამი თაღოვანი მალით გახსნილი კედელი და შიდა სივრცე ორ ნავად გაუყვიათ. მათ შორის ჩრდილოეთისა, თითქმის ორნახევარჯერ უფრო განიერია, ვიდრე სამხრეთისა. გარდა ამისა ჩრდილო ნავი სამხრეთ ნავთან შედარებით, გაცილებით მაღალიცაა და ორკალთა სახურავითაა დასრულებული, სამხრეთ ნავის სახურავი კი ცალკალთაა.

ეკლესია მოგვიანებით (როგორც ჩანს გვიან შუა საუკუნეებში) შეუკეთებიათ. ამ დროსაა აღდგენილი ჩრდილო-დასავლეთ კუთხე და დასავლეთ გასადის ჩრდილო ნაწილი. ამჟამად დასავლეთ ფასადს არსებული და აღდგენილი ნაწილების საზღვარზე, მთელ სიაღლეზე, ფართო ზღვარი აუყვება.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: თავდაპირველი ნაგებობის კედლების უმეტესი ნაწილი მიწითაა დაფარული. ჩამოშლილია ორივე ნავის სახურავის საფარი და ალაგ-ალაგ კამარებიც მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები თითქმის მთლიანად არის ჩამოშლილი სამხრეთ ნავის სამხრეთ კედლის საპირე წყობა. დასავლეთ და ჩრდილო ფასადები, დაახლოებით 1,2 მეტრის სიმაღლეზე, მიწითაა დაფარული. ინტერიერში იატაკის დონე მნიშვნელოვნადაა აწეული. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ კარს გარეთა გადახურვა ჩამოშლილი აქვს. შიგნითა კი, როგორც ეს კედლის შემორჩენილი ნაწილებიდან ჩანს, თარაზულად იყო გადახურული. დასავლეთ კარი ორივე მხრიდან ოთხკუთხაა. გარედან იგი თხელი, არაწესიერი ფორმის, ქვიშაქვის მთლიანი ქვითაა გადახურული, შიგნიდან კი ხის ძელებით.

აღმოსავლეთ ფასადის გარდა, შენობის ნაწილების ქრონოლოგია აფსიდშიცაა გამოხატული, აფსიდის კედელი მხრებთად ერთად დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლეზე. თავდპირველ ფენას ეკუთვნის, ამ ნაწილშია გაჭრილი დაბალი გარეთკენ შევიწროვებული სარკმელი, რომელიც ბრტყლადაა გადახურული და ოდნავ დაქანებული ძირი აქვს. სარკმლის ჩრდილოეთით მცირე ზომის, კვადრატული ნიშაა, რომელიც ასევე გვიანდ ნაწილშია მოქცეული. აფსიდი გადახურულია ძლიერ დადაბლებული პროპორციების კონქით, რომლის თაღი თითქმის სამკუთხა ფორმისაა. მსგავსი ფორმისაა კამარაც. საკურთხევლის სარკმლის გარდა, ჩრდილო ნავს კიდევ სამი, ბრტყლად გადახურული სარკმელი აშუქებს. მათგან ერთი დასავლეთ კედლის შუაშია გაჭრილი, ორი - სამხრეთ კედელში, რომლებიც სამხრეთ ნავის სახურავის თავზე გადის. ნავის ჩრდილო და დასავლეთ კედლებს სამოციოდე სანტიმეტრის სიმაღლის ხარისხი გაუყვება. ნავის დასავლეთ ნახევარში მოზრდილი ქვევრია ჩაფლული (გამოჩნდა ნავის ჩრდილო ნაწილის ნაწილობრივი გასუფთავების შედეგად).

ნავების დამაკავშირებელი თაღები სამ ოთხკუთხა ბურჯზეა გადაყვანილი, რომელთა შორის დასავლეთის კედელზეა მიყრდნობილი, აღმოსავლეთის კი კედლიდან დაახლოებით 1,5 მეტრის მანძილზეა. თაღები ნახევარწრიული ფორმისაა. მათ ქუსლებთან გამოყოფილია ქვიშაქვის დაბალი მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) მქონე იმპოსტები. აღმოსავლეთ თაღი დანარჩენ თაღებთან შედარებით, ოდნავ უფრო განიერია და მაღალი. ამ თაღის მეშვეობით სამხრეთ ნავიდან ჩრდილოეთ ნავის აფსიდში ვხვდებით. თვით თაღის დასავლეთით ქუსლი ნავების გამყოფ ბურჯზეა დაყრდნობილი, აღმოსავლეთის ქუსლი კი აფსიდის კედელს ერწყმის.

სამხრეთ ნავი ორ ნაწილადაა გაყოფილი, რათა შორის აღმოსავლეთის რამდენადმე ვიწროა და ოდნავ უფრო დაბალი. მათ შორის საზღვარი თავდაპირველი ეკლესიის აფსიდის მხრების ხაზზე გადის. ორივე ნაწილი გადახურულია ცალ-ცალკე კამარით. აღმოსავლეთ ნაწილის კამარა, დასავლეთ ნაწილის კამარისგან გამყოფილია ნახევარწრიული თაღით. რომლის ერთი ბოლო თავდაპირველი ეკლესიის სამხრეთის მხარზეა დაყრდნობილი, ხოლო მეორე ნავების გამყოფ კედელზე. ამავე კედელზეა დაყრდნობილი ნავის დასავლეთ მონაკვეთის კამარაც, ოღონდ მისი ქუსლი, დაახლოებით 20 სანტიმეტრით, კედლის სიღრმეშია შეჭრილი. ამის გამო, კამარის ქუსლის დონეზე, მთელ სიგრძეზე, საფეხბურია შექმნილი.

ეკლესიის შემორჩენილი კედლები გარედან სადაა, მოკლებულია დეკორატიულ სამკაულს. ჩრდილოეთ ფასადის ქვედა ნაწილში, კარგად მოჩანს თავდაპირველი ეკლესიის შესაბამისი კედლის მცირე ნაწილი, რომელიც მასზე დაშენებულ კედელთან სხვა სიბრტყეშია. ამავე ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში, შემორჩენილია წყობიდან გადმოშვერილი ქვიშაქვის ერთი თხელი ქვა (ლავგარდნის ნაწილი?).

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ზედაპირულად ფიქსირდება ნასახლარების კვალი.

ძეგლი საინტერესოა როგორც არქიტექტურული ისე არქეოლოგიური თვალსაზრისითაც. ხუროთმოძღერილი ნიშნებით ეკლესიის თავდაპირველი ფენა, სავარაუდოდ, ვახტანგ გორგასლის ეპოქას უნდა უკავშირდებოდეს (V საუკუნის ll ნახევარი). შესაძლოა იგი ეკუთვნოდეს იმ ეკლესიას რომელიც მატიანეს მიხედვით მეფე ვახტანგის ერთ-ერთ მოწოდებაშია ნახსენები. მატიანეს მიხედვით, საქართველოში სპარსეთის ლაშქრის შემოჭრის დროს, მეფე კათალიკოს პეტრეს ასე მიმართავს - „დადეგ ეკლესიასა შინა რაჟდენ წმიდისასა, რომელ არს პალატსა შინა უჯარმოსასა რომელი აღმიშენებია“. უ. ი. სასახლის, ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე. კონსტანტინე მელითაური, ქართლის ცხოვრების მარიამისეულ ნუსხაზე დაყრდნობით, რომელშიც პალატის ნაცვლად გამოყენებულია სიტყვა — „რაბატასა“ (რაც ქალაქის გარეუბანს ნიშნავს), ფიქრობს, რომ „უჯარმის ვაკესა და ფერდობებზე გაშლილ ჩრდილოეთის ნაწილს“ რაბატი ეწოდებოდა.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილი კვალის მიხედვით ჩანს, რომ მდინარის ეს ნაპირი ადრე დასახლებული ყოფილა. გამორიცხული არ არის, რომ იგი ქალაქის ერთ-ერთ გარეუბნადაც ითვლებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]