უკანასკნელი ფოთოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უკანასკნელი ფოთოლი“
The Last Leaf
ავტორი ო. ჰენრი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1905, სრული სახით 一 1907

უკანასკნელი ფოთოლი (ინგლ. The Last Leaf) 一 ამერიკელი მწერლის, ო. ჰენრის მცირე მოთხრობა, რომელიც პირველად 1905 წელს, ნიუ-იორკის გაზეთში გამოჩნდა, თუმცა სრული სახით ის ორი წლის შემდეგ, 1907 წელს გამოქვეყნდა. [1][2] მოთხრობის სიუჟეტი ნიუ-იორკის ე.წ. გრინვიჩის ხელოვანთა კოლონაში მიმდინარეობს, რომელიც გასული საუკუნის ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთ საკულტო კვარტლად იყო მიჩნეული. [3]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი ახალგაზრდა ქალი, სიუ და ჯონსი, ნიუ-იორკში ერთად ქირაობდნენ ოთახს ცნობილ გრინვიჩ-ვილიჯის უბანში, სადაც, როგორც წესი, ხელოვანი ადამიანები იდებდნენ ბინას. მათი პაწაწინა თავშესაფარი უკანასკნელ სართულზე იყო, სახურავის ქვეშ. სარკმლიდან მოჩანდა კედელი, რომელსაც ხვიარას ფოთლები ალამაზებდა.

შემოდგომაზე, ნოემბრის ცივ და წვიმიან დღეებში, ჯონსს ფილტვების ანთება დაუდგინდა. ავადფმყოფობამ სძლია ქალიშვილს, სიცოცხლის წყურვილი დაუკარგა, გოგონა თვალსა და ხელს შუა დნებოდა. ექიმის დასკვნაც არაფერს კარგს უქადდა ავადმყოფს: „მხოლოდ ერთი შანსია ათიდან, რომ გადარჩება. თუ მთელი ძალით მოინდომებს გამოჯანმრთელებას და ავადმყოფობას მძაფრ წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ, იმედია, გადარცება“. ჯონსი კი სრულ აპათიაში იყო 一 არ სვამდა, არ ჭამდა, არაფერი აინტერესებდა, მხოლოდ მიშტერებოდა ხვიარას, ფანჯრიდან რომ მოჩანდა, თვალს ადევნებდა, როგორ ფარფატებდნენ ჰაერში ქარისგან მოწყვეტილი მისი ფოთლები და იმედგადაწყვეტილი ირწმუნებოდა, უკანასკნელ ფოთოლს რომ მოგლეჯს ქარი, მეც მოვკვდებიო.

იმავე სახლში, პირველ სართულზე, მოხუცი მხატვარი ბერმანი ცხოვრობდა. ბერმანი მთელი სიცოცხლე ოცნებობდა შედევრის შექმნაზე, მაგრამ მუდმივად უკმაყოფილო იყო თავისი ნამუშევრებით. სიუ მოუყვა ბერმანს ჯონსის მძიმე ავადმყოფობასა და უცნაურ ახირებაზე, რომ ხვიარას უკანასკნელ ფოთოლთან ერთად მისი სიცოცხლეც გაფრინდებოდა. მოხუცი მხატვარი იმდენად შეაწუხა ამ ამბავმა, რომ ხატვის სეანსზე უარიც კი უთხრა სიუს, რომელსაც სურდა, მეზობელი ოქროსმაძიებელი განდეგილის მოდელად გამოეყენებინა.

ფოთლები თითქმის სულ შემოეძარცვა ხვიარას და დადგა დღე, როდესაც მას ერთადერთი, ნახევრად გაყვითლებული ფოთოლიღა შერჩა. ჯონსი მონუსხული უყურებდა, როგორ ებრძოდა ეს უკანასკნელი ფოთოლი ზუზუნა ქარის შემოტევას. ჩამობნელდა, ღამით ძლიერი თქეში წამოვიდა და ჯონსი დარწმუნებული ყიო, რომ უკანასკნელი ფოთოლიც გაქრებოდა. მაგრამ იგი შეცდა: მამაცი ფოთოლი კვლავ გააფთრებით ებრძოდა ავდარს. ავადმყოფს საკუთარი თავის შერცხვა: იგი ხომ ასე ადვილად დანებდა სნეულებას. ქალიშვილში სიცოცხლის წყურვილმა იფეთქა. ექიმს არ გამოჰპარვია ქალიშვილის მდგომარეობის გაუმჯობესება, სიუ დაარიგა, როგორ მოევლო მეგობრისთვის და თანაც ერთი სამწუხარო ამბავი შეატყობინა: ბერმანი საშინლად გაციებულიყო, მასაც ფილტვების ანთება დაუდგინდა, მაგრამ მოხუცის ორგანიზმი ვერ ებრძვის ავადმყოფობას და მხატვრის გადარჩენის შანსი აღარ არსებობსო.

ჯონსი გამოჯანმრთელდა. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სიუსგან შეიტყო გოგონამ ბერმანის სიკვდილის შესახებ: იგი გაცივდა ქარ-წვიმიან ღამეს, როდესაც ხვიარამ თავისი უკანასკნელი ფოთოლი დაკარგა. მოხუცმა შექმნა თავისი შედევრი: მუშამბაზე დახატა ნახევრად ყვითელი ფოთოლი ისე, რომ ნამდვილისგან ვერ გაარჩევდი, და მაგრად მიამაგრა იგი ხვიარას ტოტს იმ თავსხმაში. ეს სწორედ ის ფოთოლი იყო, ჯონსი რომ გადაარჩინა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. O. Henry's Full House. American Film Institute. ციტირების თარიღი: July 15, 2021
  2. The Last Leaf. The FictionMags Index. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 15, 2021. ციტირების თარიღი: July 15, 2021
  3. A Summary and Analysis of O. Henry’s ‘The Last Leaf’ en-US (2022-01-24). ციტირების თარიღი: 2022-05-01