ტოღნიანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტოღნიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ წინანდლის ჩრდილოეთით, ხუთიოდე კილომეტრზე, ძველ სასაფლაოზე. სავარაუდოდ, თარიღდება XVIII-XIX საუკუნეების მიჯნით.

ეკლესია დარბაზულია (10,3 x 7,2 მ), ნახევარწრიული აფსიდით აღმოსავლეთით. ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. აქვს ორი, ნახევარწრიულთაღოვანი შესასვლელი: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. განათებულია ოთხი, თაღოვანი სარკმლით, რომელთაგან ერთი აფსიდშია, თითო-თითო კი დანარჩენი კედლებში. საკურთხეველი ეკლესიის იატაკის მიმართ შემაღლებულია ორი საფეხურით და ორსაფეხურიანივე ამბიონი აქვს მოწყობილი. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ეყრდნობა პილასტრების სამ წყვილზე გადაყვანილ, საბჯენ თაღებს. იატაკზე დაგებულია კვადრატული აგური.

ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. აღმოსავლეთ ფასადის მთელ სიგანეზე საფეხურით შეღრმავებული არეა, რომელსაც აგვირგვინებს თანაბარი სიგანის, ბოლოებით ერთმანეთზე გადაბმული, სამი თაღი. მათ შორის შუა, რომელიც ფასადის ღერძზეა, გვერდითებზე ბევრად უფრო მაღალია და თითქმის ფრონტონის წვერომდეა ასული. თაღის არეში, საკურთხევლის სარკმლის ასწვრივ. აგურის წყობის შეღრმავებით, გამოსახულია მაღალ, საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი, წითლად შეღებილი ჯვარი, რომლის თავზე, პატარა, კვადრატული ხვრელია (როგორც ჩანს, კონქისზედა სივრცის ვენტილაციისთვის). თითო, ოღონდ სამკუთხა ხვრელი, შუა თაღის გვერდებზეცაა - ფრონტონის ფუძის დონეე ოდნავ ზემოთ.

გრძივი ფასადები დანაწევრებულია მარტივ პილასტრებზე დაყრდნობილი, სამ-სამი, დეკორატიული თაღით. ჩრდილოეთ ფასადზე თაღბი თანაბარი სიგრძისაა. სამხრეთ ფასადზე კი ორი - (აღმოსავლეთიდან პირველი და მეორე) ერთმანეთის ტოლია, მესამე კი მათზე ოდნავ უფრო განიერია. ამ უკანასკნელში შესასვლელია მოთავსებული. ყველა თაღი ნახევარწრიულია, ნაწყობია აგურით. აგურისაა ლავგარდანიც.

ეკლესიის სახურავის კეხის დასავლეთ კიდეში დადგმულია ვიწრო ხუთწახნაგოვანი სამრეკლო - ხუთ, მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი, ნახევარწრიული თაღებით გახსნილი ფანჩატური, რომლის სწორკუთხა საფუძვლის აღმოსავლეთ ნახევარი დასავლეთ კედელზეა დაყრდნობილი. დასავლეთ ნახევარი კი ეკლესიის დასავლეთ ფასადის შუაში გამოყვანილ შვერილზე, რომელიც ორი, მძლავრი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი თაღითაა შექმნილი. თვით შვერილი სიმაღლეში ორ, თაღოვან ნაწილად იყოფა, მათ შორის ქვედაში ეკლესიის შესასვლელია მოთავსებული, ზედაში კი - სარკმელი. სარმრეკლო შიგნიდან გუმბათოვანი კამარით, ხოლო გარედან აგურის, პირამიდული სახურავითაა გადახურული.

2010 წელს, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (რეაბილიტაციის პროექტის ავტორი ნ. ყანჩელი): კედლები, შიგნიდან და გარედან, გაიწმინდა გვიანდელი ნალესობის შემორჩენილი ნაშთებისგან, აღდგა კედლების მონგრეული ნაწილები და ლავგარდანი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]