სუჯუნის სინაგოგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუჯუნის სინაგოგა — არქიტექტურული ძეგლი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში.

სინაგოგა გეგმით სწორკუთხაა, კვადრატული დარბაზითა და აღმოსავლეთით ერთ რიგში განლაგებული ექვსი სვეტით შემდგარი პორტიკით. დარბაზის ცენტრში ოთხი სვეტია განლაგებული, რომლებზეც ხის კონსტრუქციით ამოყვანილი გუმბათია დაყრდნობილი. სინაგოგაში შესასვლელი აღმოსავლეთიდან, პორტიკის მხრიდან არის მოწყობილი. მის ოთხივე კედელში დიდი ზომის სამ-სამი ფანჯარაა გაჭრილი. ამათგან თითო ფანჯარა აღმოსავლეთით, კარის თავზეა წარმოდგენილი, ხოლო დასავლეთით მის პირდაპირაა განლაგებული. სინაგოგა ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით. ორსაფეხურიანი ცოკოლი პროფილირებულია. კედლის წყობაში რიგები ზუსტად არის დაცული. სინაგოგას ასევე პროფილირებული კირქვის კარნიზი ერთვის. პორტიკისა და დარბაზში აღმართული სვეტები გეგმით წრიულია, მას პროფილირებული ბაზისი და კაპიტელები ერთვის. პორტიკის იატაკი სუფთად გათლილი ქვიშაქვით არის მოწყობილი, დარბაზის იატაკი კი ბეტონისაა. ის შელესილი და შეღებილია, მთელს პერიმეტრზე კი პროფილირებული კარნიზი მიუყვება. დარბაზის ჭერი ფიცრულია. ხოლო გუმბათი წრის მეოთხედი მოხაზულობის მქონე ნივნივებზე აკრული ფანერით არის მოწყობილი. უყელო სფეროს მქონე გუმბათს, ქუსლთან, ფანერში ნაკვეთი ორნამენტი გასდევს. გუმბათი გარედან არ იკითხება, ის სხვენის სივრცეშია მოქცეული. ნაგებობის სახურავი თუნუქისაა, ნივნივებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8383