სიმაგრეულის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გომეწრის სიმაგრეულის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი გომეწრის სამხრეთით 1 კილომეტრზე, მაღალი მთის თხემზე, ხელოვნურად მოსწორებულ, ციცაბონაპირებიან მიუდგომელ ბაქანზე და მთის სამხრეთ კალთაზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. ციხე მდინარე ხორხის ხეობიდან მომავალი გზის დამცველის საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო.

ნაგებია ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. მისი ზედა ნაწილიდან შემორჩენილია ნანგრევებად ქცეული გალავნის კედლები და რამდენიმე სადგომის ნაშთი. ციხის ამ ნაწილის შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა - კლდეში გაჭრილი ვიწრო კარიდან. სამხრეთით 30 მეტრზე, ქვემოთ, სამ ბუნებრივ ტერასაზე. შემორჩენილია ქვითკირის ნაგებობათა ფრაგმენტები. უფრო ქვემოთ, ორ ხელოვნურ ტერასაზე კი - ერთი სწორკუთხა, ორი ზურგიანი კოშკი და ტერასის საყრდენი კედლების ნაწილები.

ქვედა ხელოვნურ ტერასაზე მდგარი სწორკუთხა კოშკი ნაგებია ნატეხი ქვით. მისი დასავლეთისკენ მიმართული კუთხე მთელ სიმაღლეზე ჩამოშლილია. შესასვლელი II სართულის დონეზე ჩრდილოეთიდანაა. კოშკიდან აღმოსავლეთით, 12 მეტრზე, მასთან სწორი კედლით დაკავშირებული ზურგიანი კოშკი დგას. ქვით ნაგები კოშკის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. კოშკის სწორი, სრულიად ყრუ კედელი მხოლოდ 5 მეტრი სიმაღლისაა. ამ კოშკიდან, აღმოსავლეთით 20 მეტრზე დგას მეორე ზურგიანი კოშკი. იგი დანგრეულია. შემორჩენილია ორნახევარი სართული, კარი არატიპურად, ზურგის მხარეს II სართულის დონეზეა. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]