სატორგეს მონასტრის გუმბათიანი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სატორგეს მონასტრის გუმბათიანი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

სატორგეს სამონასტრო ქვაბული მდებარეობს დასავლეთიდან აღმოსავლეთით გაწოლილ ყაჯირის ქედზე, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, დალის მთის წყალსაცავის დასავლეთით. მონასტრის ქვაბულები, ისევე როგორც დავითგარეჯის სხვა მონასტრების შემთხვევაში, ძირითადად ქედის სამხრეთ და აღმოსავლეთ ფერდზეა ნაკვეთი, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და დაახლოებით 8 კმ-ზე გრძელდება. ქვაბულები ჯგუფ-ჯფუფადაა ნაკვეთი და ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე ძირითადად მიუვალია. ამ დრომდე სატორგედან ცნობილი იყო ერთი გუმბათიანი ეკლესია, რომელიც XX საუკუნის 80-იან წლებში პირველად დააფიქსირა შალვა ლეჟავამ. ის ამ კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ეკლესია ქედის ჩრდილოეთის განშტოებაზე, მის აღმოსავლეთ ფერდზე, ზედა იარუსზეა გამოკვეთილი. საკურთხევლის მხარე ჩამონგრეულია, ამიტომ მის გადაწყვეტაზე საუბარი შეუძლებელია. ამჟამად დარჩენილია დარბაზი, რომელიც კვადრატული ფორმისაა. დარბაზის თითოეული კედელი ორსაფეხურიანი დეკორატიული თაღითაა მოჩარჩოებული. დარბაზი დასრულებულია კონუსისებრი გუმბათით, რომელიც სამსაფეხურიან გუმბათის ყელშია ჩასმული. გუმბათის პირველი საფეხური ვიწრო და სადაა. მეორე საფეხური 16 ჩაკვეთილი წრითაა გაფორმებული, მესამე საფეხური კი კუთხეებში ჩაკვეთილი ოთხი წრით. ტაძრის სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეში ფართო და ოდნავ მშვილდისებრი მოყვანილობის თაღით დასრულებული კარია გაჭრილი. კარის ღიობი ახლა ნაშალი ფენითაა ამოვსებული, თუმცა აშკარაა, რომ ეკლესიას სამხრეთის ეგვტერი ქონია. ამას ადასტურებს ეკვდერის მხარეს ქედის ფასადზე არსებული ღიობიც. გუმბათიანი ეკლესიის მსგავსი ორსაფეხურიანი თაღებით კედლის მოჩარჩოება გვხვდება მრავალწყაროს ღვთისმშობლის ეკლესიაში, ოღონდ იქ კედლებში ნიშების ჩასაკვეთადაა გამოყენებული ორსაფეხურიანი თაღები.

ეკლესია IX საუკუნით თარიღდება. ასეთივე რომაგი თაღებითაა მოჩარჩოებული საბერეების მეშვიდე ეკლესია, რომელიც ასევე IX საუკუნით თარიღდება. გარეჯში გუმბათების კვეთა გვხვდება მრავალწყაროში და საბერეების მეექვსე, მეშვიდე და მერვე ეკლესიებში. თუმცა, გუმბათის ყელის მსგავსი გაფორმება არც ერთგან არ ფიქსირდება. ამ მსგავსებების მიხედვით, სატორგეს გუმბათიანი ეკლესია IX-XX საუკუნეებით უნდა დათარიღდეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38210