სამართალი სომხური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამართალი სომხური — ძველი სომხური სამართლის ქართული ვერსია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში მესამე ნაწილად შეტანილი საკანონმდებლო ძეგლი. ვახტანგ VI-მ „მოაღებინა... ეჩმიძინით სომეხთ მეფეთა წიგნი სამართლისანი“. აქედანაა გადმოღებული ქართული ვერსიის სომხეთის კანონები. ისინი, კანონმდებლის სიტყვით, „სრულნი და უკლებელნი“ არიან. არსებითად თარგმანი თავისუფალია, არაა ზედმიწევნით სწორი, ზოგან შემოკლებულია, ზოგან კი — დანართებით დამახინჯებული, ბევრგან ქართული ტექსტი სომხურ დედანს არ შეესატყვისება. მთარგმნელს არ სცოდნია ქართული იურიდიული ტერმინოლოგია. მისი ვინაობა უცნობია (ტექსტის ენა შეიცავს ქართლური კილოს თბილისურ ქცევასა და თბილისელ სომეხთა ქართულ ჟარგონს).

სომხური სამართლის ქართული ვერსია ორნაწილიანი საკანონმდებლო კრებულია. პირველია სირიულ-რომაული სამართალი (მმ. 1 - 150) — ამ ძეგლის სომხური რედაქციის გადმოქართულებული ვარიანტი (თვით სომხური რედაქცია XII საუკუნის ბოლოს შეიქმნა V საუკუნის დამლევს შედგენილ და აღმოსავლეთში მიღებულ რომაულ კანონთა საფუძველზე). მეორე ნაწილი არის ქართულად გადამუშავებული მხითარ გოშის სამართლის წიგნი (მმ. 151 - 431) XII XIII საუკუნეების მიჯნაზე შედგენილი იურიდიული კრებული, რომელიც საეკლესიო და საერო კანონდებულებებს შეიცავს. სომხურ დედანში ეს ორი ძეგლი ნაწილების აღუნიშნავად ყოფილა გაერთიანებული და ისინი ქართულადაც ასევე გადმოუღიათ, თუმცა-კი მართებული წარმოდგენა ჰქონიათ ტექსტის შედგენილობაზე.

ქართული ვერსიის სომხურ კანონებს გავლენა არ მოუხდენია ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის სხვა ნაწილებზე, კერძოდ საკუთრივ ვახტანგისეულ სჯულმდებლობაზე.

„სამართალი სომხური“ შესაბამის სომხურ ტექსტებს შეუდარა და პირველად ცალკე გამოსცა ლ. მელიქსეთ-ბეგმა (1927). იგი ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის დანარჩენ ნაწილებთან ერთად გამოაქვეყნა ი. დოლიძემ (1963). ამ კრებულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის სახით „სამართალი სომხური“ XIX საუკუნეში ითარგმნა და ორჯერ გამოიცა რუსულად (რუსეთის სენათის სამსახურებრივი გამოცემა — Законы грузинские; ა. ფრენკელისა და დ. ბაქრაძის 1887 გამოცემა — Сборник Законнов грузинского царя Вахтанга VI).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, ი. დოლიძის გამოც., თბ., 1963;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1, ტფ., 1928;