რუალ ამუნდსენი
რუალ ამუნდსენი (16 ივლისი 1872 - 18 ივნისი 1928) ნორვეგიელი მოგზაური, პოლარეთის მკვლევარი.
დაიბადა ვერვენის გემთსაშენის მფლობელი კაპიტნის ოჯახში. 1890-1892 წლებში სწავლობდა ქალაქ კრისტიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პირველმა გაიარა (1903-1906 წწ) ხომალდით "იოა" ამერიკის ჩრდილოეთ სანაპირო გრენლანდიიდან ალასკამდე (ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელით) და გამოიკვლია კანადის არქტიკული არქიპელაგის რამდენიმე კუნძული . ჩაატარა ანტარქტიკული ექსპედიცია (ხომალდით "ფრამი"), პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს 1911 წლის 14 დეკემბერს (ერთი თვით დაასწრო ინგლისელ რობერტ სკოტს). 1918-1920 წლებში ხომალდ "მოდით" გაიარა ევრაზიის ჩრდილოეთ სანაპირო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. 1926 წელს განახორციელა პირველი ტრანსარქტიკული გადაფრენა დირიჟაბლით "ნორგე" - მარშრუტით: შპიცბერგენი - ჩრდილოეთ პოლუსი - ალასკა. 1928 წელს ჰიდროთვითმფრინავ "ლატამით" გაემგზავრა უმბერტო ნობილეს იტალიური ექსპედიციის მოსაძებნად და დაიღუპა ეკიპაჟთან ერთად ბარენცის ზღვაში. ამუნდსენის პატივსაცემად მისი სახელი დაერქვა ზღვას, მტასა და აშშ-ს სამეცნიერო სადგურს (ამუნდსენ-სკოტი) ანტარქტიდაში, აგრეთვე ყურესა და ქვაბულს ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- Roald Amundsen, a full biography by Tor Bomann-Larsen, 2006, ISBN 0-7509-4343-2
- Scott and Amundsen – Duel in the Ice by Rainer-K. Langner, Haus Publishing, London, 2007, ISBN 978-1-905791-08-8
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]