რომან ზუკაკიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან ზუკაკიშვილი
დაბადების თარიღი 31 ივლისი, 1959
პატარძეული
ეროვნება ქართველი
პროფესია მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე
მეუღლე(ები) თინათინ ბუჩაშვილი
შვილ(ებ)ი დემეტრე ზუკაკიშვილი, გიორგი ზუკაკიშვილი

რომან ზუკაკიშვილი(დ. 31 ივლისი, 1959, პატარძეული) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წელს დაამთავრა პატარძეულის საშუალო სკოლა. 1978 წელს დაამთავრა სართიჭალის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. ამავე წელს გარდაეცვალა მამა და ის ჩაება შრომით საქმიანობაში. 1978-1981 წლებში მუშაობდა თბილისის ქარხანა „ელექტროიზოლიტში“ მუშად, სადაც გამოჩენილი მუყაითობისთვის არაერთგზის დაჯილდოვდა საპატიო სიგელით და მისი წარმატებები გაშუქდა გაზეთებში: „თბილისი“, „ ვეჩერნი ტბილისი“ და „ახალგაზრდა კომუნისტი“.

1981 წლიდან 1985 წლამდე მუშაობდა პატარძეულის მევენახეობის მეურნეობის ახალგაზრდული ბრიგადის ბრიგადირად და ამავე პერიოდში იყო სავალდებულო სამხედრო შეკრებებზე აზერბაიჯანში. 1985 წელს ჩააბარა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხოური ენების ინსტიტუტში, რომელიც 1990 წელს წარჩინებით დაამთავრა (ფრანგული და ინგლისური ენების სპეციალობით). სტუდენტობის პერიოდში ის იყო ფაკულტეტის ლიდერი და რამდენჯერმე დაჯილდოვდა საპატიო სიგელით სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისთვის. სტუდენტობისას თარგმნა ქართულიდან ფრანგულად ილია ჭავჭავაძის რამდენიმე ლექსი, რამაც გაამარჯვებინა შესაბამის კონკურსში. 1991 წელს წარჩინებით ჩააბარა გამოცდები ამავე ინსტიტუტის ასპირანტურის განყოფილებაში, თუმცა ოჯახური პირობების გამო სწავლა აღარ გაუგრძელებია. 1991 წელს წარმატება ხვდა წილად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა სოფლის პირველი პირის თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. მუშაობდა პატარძეულის საშუალო სკოლის დირექტორად, საგარეჯოს რაიონის განათლების განყოფილების უცხოური ენების მეთოდისტად. იმ პერიოდში ატესტაციების შედეგად მიენიჭა პედაგოგის უმაღლესი კატეგორია. აქვს პედაგოგიური მუშაობის 15 წლის სტაჟი. 1999 წლის მარტში არჩეულ იქნა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, სადაც დღემდე მუშაობს. იგი ამ ორგანიზაციის მიერ დაჯილდოებულია, როგორც საუკეთესო ლიდერი.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლექსების წერა დაიწყო 8 წლის ასაკში. მას შთააგონებდნენ თავისი სოფლის ლამაზი ბუნება და ისტორიული ძეგლები. ადრეულ ასაკში ხატავდა კიდეც, მაგრამ ამ გზას არ გაჰყოლია. მისი პირველი ლექსები და ჩანახატები, აგრეთვე ნაკვესები და ქარაგმები ქვეყნდებოდა რაიონულ გაზეთ „ივრის განთიადში“, ხოლო შემდეგ პერიოდულად ჩნდებოდა მისი ნაწარმოებები სხვადასხვა რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებშიც („კვალი ნათელი“, „ელმავალმშენებელი“, „სოფლის ცხოვრება“, „ნიანგი“, მოგვიანებით „ლიტერატურული საქართველო“, „ანეული“, „ოლე“, „მწერლის გაზეთი“, „კვირის იპალიტრა“). მისი იუმორები გამოჩნდა კალენდრის ფურცლებზეც. პოეტის თითო ლექსი შესულია რამდენიმე წიგნში ერთ-ერთია მწერალთა კავშირის მიერ გამოცემული კრებული „შენ ხარ ვენახი“.

იგი არის საქართველოს მწერალთა კავშირისა და რუსთაველის საზოგადოების წევრი, საქართველოს სამეცნიერო აკადემია „ფაზისის“ აკადემიკოსი, 15 პოეტური კრებულის ავტორი, ერთი მიუზიკლისა და ასამდე საესტრადო სიმღერის ტექსტის ავტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და გალაკტიონის, გიორგი ლეონიძისა და ანა კალანდაძის სახელობის ლიტერატურული პრემიები. არის „საპატიო გარეჯელის წოდების“ მფლობელი. რომან ზუკაკიშვილის ლექსების მცირე ნაწილი თარგმნილია გერმანულ და რუსულ ენებზე. პოეტის პირველ ლექსებს გაეცნენ და გზა დაულოცეს შოთა ნიშნიანიძემ, რევაზ ინანიშვილმა და მედეა კახიძემ. არაერთხელ გაიმართა შემოქმედის პოეზიის საღამო საგარეჯოს რაიონულ ცენტრში, კულტსახლში, ახალგაზრდობის ცენტრსა თუ სკოლებში. აგრეთვე მშობლიური სოფლის კულტსახლში. მისი წიგნების პრეზენტაციები ტარდებოდა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის ცენტრში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არტჰოლში და საპატრიარქოს ტელევიზიაში.

რომან ზუკაკიშვილის წიგნების რედაქტორები და წინასიტყვაობის ავტორები არიან: სილოვან ნარიმანიძე, ემზარ კვიტაიშვილი, შოთა ხოდაშნელი, მზია ხეთაგური, თემურ ჩალაბაშვილი, ბაღათერ არაბული, რევაზ მიშველაძე, რევაზ დანელია, ერეკლე საღლიანი, დიანა შალამბერიძე, ლუიზა ბოჩკოვა, ბელა შალვაშვილი, რუსუდან კენჭოშვილი. პოეტის პოეზიის საღამოები გაშუქდა ტელეიმედის, ტელემაესტროს, მედიაკავშირ ობიექტივის, აგრეთვე საზოგადოებრივი რადიოს მიერ. რამდენჯერმე იქნა მიწვეული საზოგადოებრივი რადიოს გადაცემებში: „ჩვენი საგანძური“ (ივანე ჯაფარიძესთან), „თავისუფალი ლიტერატურა“ და სხვა. მის ლექსებზე დაიწერა სიმღერები კომპოზიტორების: ვაჟა დურგლიშვილის, ზურაბ ჩინჩალაძის, მაია კუსიანი-მაჩაბლის, ნუგზარ თუშიშვილის მიერ. მან უძღვნა ლექსი გადაცემა „ეტალონს“ ჰიმნისთვის, აგრეთვე დაწერა ლექსები გარეჯის მხარისა და კასპის ჰიმნებისთვის. რომან ზუკაკიშვილის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს მღერიან მანანა თოდაძე, თემურ წიკლაური, რობერტ ბარძიმაშვილი, თემურ თათარაშვილი, ეკა მამალაძე, ტატო გოდერძიშვილი, ზურაბ ჩინჩალაძე, გია სურამელაშვილი, ლაშა რამიშვილი, სულხან გველესიანი, რაულ ფარსადანაშვილი, ირმა მიქაია, ნიკა დოლენჯაშვილი, და სხვა მრავალი მომღერალი.

გარდა ამისა, იგი ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. გამოიცა წიგნი „ირლანდიური პოეზიიის ანთოლოგია“, რომელშიც შესულია XX საუკუნიდან მოყოლებული დღემდე პერიოდის გამორჩეული ირლანდიელი 62 პოეტის ქართულად თარგმნილი 162 ლექსი. პროექტი განახორციელა ქართულ-ირლანდიურმა ცენტრმა და თარგმანებზე მუშაობდნენ რომან ზუკაკიშვილი, დიანა და ნანა შალამბერიძეები.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს ოჯახი. მისი მეუღლე, თინათინ ბუჩაშვილი, პედაგოგია. ასევე ჰყავს 2 შვილი: დემეტრე და გიორგი, რომელთაგან დემეტრე იურისტია და მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ხოლო გიორგი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია. რძალი თამარ კაპანაძე ჟურნალისტია. ჰყავს ერთი შვილიშვილი ერეკლე.

2004 წელს დაუსვეს თვალის იშვიათი და უმძიმესი სნეულების დიაგნოზი. ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გრძელდებოდა და 2015 წლისთვის მდგომარეობა უკიდურესი გახდა. მიუხედავად ამისა, პოეტმა გააგრძელა ჩვეული აქტიურობა, როგორც საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ, ასევე შემოქმედებით საქმიანობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]