ოთხთავი (S-962)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთხთავი (S-962)

ოთხთავი (S-962) — XI საუკუნის ქართული ხელნაწერი სახარება, ოთხთავი. გადაწერილია 1054 წელს კალიგრაფი მიქაელ მწერლის მიერ.

საწერ მასალად გამოყენებულია მაღალი ხარისხის ეტრატი. შეიცავს 266 ფურცელს, რომელთა ზომებია 14,59X11,4 სანტიმეტრი. ნაწერია კალიგრაფიული ასომთავრულით, ყავისფერი მელნით, საზედაო ასოები შესრულებულია სინგურით.

წიგნი შემკულია კამარებით, ფერადოვანი საზედაო ასოებითა და თავსამკაულებით. ბოლოსამკაულად გამოყენებულია მოხატული ჯვარი ბერძნული წარწერით. ახლავს წმიდა მარკოზ და ლუკა მახარებლის მინიატიურები. მოხატულობა, სავარაუდოდ, შავი მთის სალიტერატურო სკოლისათვის დამახასიათებელი ხელწერითაა შესრულებული.

ოთხთავი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში (S-962).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 42