ნაზი დუმბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნათელა (ნაზი) დუმბაძე (დ. 21 ივნისი, 1938 — გ. 27 დეკემბერი, 2006) — ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967). ღირსების ორდენის კავალერი (2000)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაზი დუმბაძე დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული და ესპანური ენების განხრით 1955 წელს.

რაც შეეხება უშუალოდ სიმღერას დაიწყო ინსტიტუტის თვითმოქმედ კოლექტივში. ის 1956 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. ნაზი დუმბაძე მღეროდა სხვადასხვა საესტრადო კოლექტივში, მათ შორის „ლალე“ (1956-1957 წლებში, ხელმძღვანელი სეფაშვილი), „რერო“ (1957-1969, ხელმძღვანელი პევზნერი), „დიელო“ (1969-1971 წლებში, ხელმძღვანელი ებრალიძე), „ჯაზ-ქორალი“ (1971-1972, ხელმძღვანელი კილაძე). მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რომელთაგან აღსანიშნავია: დიმიტრი არაყიშვილის „ურმული“, გოგი ცაბაძის „ჯარისკაცის დედა“, „ლალე“, „პაემანზე“. ასევე თევდორაძის „სიყვარული მოგვრევია“.

ნაზი დუმბაძეს ჰქონდა ფართო დიაპაზონის ხმა და შესრულების თავისებური მანერა. მომღერალს თავისი მონაცემები ხელს უწყობდა შეესრულებინა დიდი ოსტატობით, ქართული, ესპანური, ფრანგული, ინგლისური, პოლონური, რუსული და ქართული სიმღერები.

1956 წელს იგი გახდა სტუდენტთა ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი.

1967 წელს ნაზი დუმბაძეს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება.

ნაზი დუმბაძე მიეკუთვნებოდა იმ მომღერალთა ჯგუფს, რომელთა შესრულებაც ვინილზე მინიმალურად აღიბეჭდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მათი სტუდიური და სატელევიზიო ჩანაწერები მაინც შემოგვრჩა. ნაზი დუმბაძის მუსიკა მომდევნო ათწლეულებში გამოიცა. მისი სიმღერებიდან განსაკუთრებით ცნობილია „სად იყავი მაშინ“ და ასევე „მექსიკური სიუიტა“.

ნაზი დუმბაძე გარდაიცვალა 2006 წელს, 68 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.509
  • ენციკლოპედია თბილისი, გვ.457

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]