ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლას მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგარევში

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე და წარმოადგენს დიდ დარბაზულ ეკლესიას, რომელიც ნაშენია თლილი კვადრებით. წყობის თარაზულობა დაცულია. კედლებს ეტყობა შელესილობის კვალი. დასავლეთ კარის თავზე სამშენებლო წარწერაა: "სოფლის ნაგარევის შტატის წმინდის მთავარანგელოზის ეკლესია. ოსტატი იოსებ ხერეკაშვილი და აღშენება ჩყპგ-სა წელსა".

ნაგებობა გეგმით წაგრძელებულია, რომელიც აღმოსავლეთით ბოლოვდება ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდით. მის ღერძზე სამი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. გვერდებზე ნიშებია დატანილი. დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული, რომელიც შემაგრებულია საბჯენი თაღებით. გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებითაა დანაწევრებული, რომლებზეც დეკორატიული თაღებია გადაყვანილი. ისინი პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობიან. სამივე კარი შიგნიდან თაღოვანი, გარეთ არქიტრავულია. ფასადზე ისინი შეწყვილებული ლილვებითაა გაფორმებული. ეკლესია სამსაფეხურიან ცოკოლზეა აღმართული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9329