მშვილდსაკინძი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანული ფიბულა, V საუკუნე
ძველ-ბერძნული ფიბულა, ქრისტეშობამდე 300-250 წლები
VI საუკუნის არწივის ფორმის ფიბულები, ნაპოვნია ესპანეთში

მშვილდსაკინძიტანსაცმლის შესაკრავი ღეროვანი ან ფირფიტოვან-რკალიანი საკინძი. წარმოადგენს ფიბულის ძირითად სახეობას. ქართული მშვილდსაკინძი შეესატყვისება ევროპულ სპეციალურ ლიტერატურაში ნახმარ „მშვილდისებურ ფიბულას“ (Bogen fibel), „მშვილდისებურრკალიან ფიბულას“ (Bogen bügelfibel) და მრავალ სხვა. მშვილდსაკინძი ფართოდ იყო გავრცელებული გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი) ადრინდელი ფეოდალური ხანის ჩათვლით და განიცდიდა ცვლილებებს. მზადდებოდა ბრინჯაოსაგან, რკინისაგან, ზოგჯერ ძვირფასი ლითონისაგან. დღემდე მოაღწია ე. წ. „ინგლისური ქინძისთავის“ სახით. სამკაულის ფუნქციასაც ასრულებდა. მშვილდსაკინძს მიაწერენ აგრეთვე თავდაპირველ საკულტო დანიშნულებას (ავგაროზის ჩამოსაკიდებელი).

მშვილდსაკინძის სამშობლოდ სამხრეთ ევროპა ითვლება. გვხვდება ერთწევრა და ორწევრა მშვილდსაკინძეები. ეს უკანასკნელი უფრო არქაულია და დამახასიათებელია ჩრდილოეთ ევროპის ბრინჯაოს ხანისათვის, ერთწვერა მშვილდსაკინძეები კი — სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის. მშვილდსაკინძის მთავარი ნაწილებია მშვილდი (რკალი), ენა (ნემსი), ზამბარა და ენის ბუდე (ნემსის წვერის დამჭერი) დროთა განმავლობაში მშვილდსაკინძის ფორმები გართულდა, გაჩნდა ახალი დეტალები. ჰალშტატის კულტურის ბოლოსა და ლატენის კულტურის ხანაში ჩნდება ფიგულრკალიანი (მაგ. გველისებრი, ცხოველის ფორმის) ფიბულები. რკალზე, ნემსზე და გრძელ ბუდეზე ცხოველის, ნიღბის გამოსახულებები და სხვადასხვა ორნამენტია, ზოგჯერ რკალზე წამოცმულია სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული მძივები.

კავკასიაში, კერძოდ საქართველოში, მშვილდსაკინძი გაჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში. უძველესი ნიმუშები სამთავროს სამაროვნიდან თარიღდება ძვ. წ. XII—XI საუკუნეებით. ადრინდელ კავკასიურ ფიბულებს სუბმიკენური ხანის ბერძნული ფიბულებიდან (ძვ. წ. XII—X სს.) წარმოქმნილად მიიჩნევენ. არსებობს მოსაზრებაც მათი ადგილობრივი წარმოშობის შესახებ. მშვილდსაკინძეები განსაკუთრებით დამახასიათებელია კოლხურ-ყობანური კულტურისათვის. ისინი ერთწევრაა. ანტიკური ხანიდან მრავლადაა ორწევრა, ე. წ. ბუდეაბმული, ცხოველის სკულპტურულფიგურიანი და სხვა ფორმები. ადრინდელი შუა საუკუნეებში კი გაბატონდა ბრინჯაოსა და რკინის ბუდეაბმული და ბუდეაუბმელი, ცალმხრივ ვიწროდ წაგრძეკებული, ზამბარიანი და უზამბარო მშვილდსაკინძეების ვარიანტები. მათი ძირითადი, ე. წ. ლატენური ტიპი დასავლეთ საქართველოში ჩანს ძვ. და ახ. წელთაღრიცხვათა მიჯნაზე, აღმოსავლეთ საქართველოში კი — III—IV საუკუნეებიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ე. გოგაძე, ქსე, ტ. 7, გვ. 247-248, თბ., 1984
  • Binding, Ulrike. Band 16: Studien zu den figürlichen Fibeln der Frühlatenzeit. Rudolf Habelt, Bonn, 1993.
  • Blinkenberg, Chr. [Lindiaka V] Fibules grecques et orientales. Bianco Lunos Bogtrykkeri, Kobenhavn, 1926.
  • Bohme, Astrid. Die Fibeln der Kastelle Saalburg und Zugmantel in Saalburg Jahrbuch, XXIX, 1973.
  • Dudley, Dorothy. Excavations on Nor'Nour in the Isles of Scilly, 1962-6 in The Archaeological Journal, CXXIV, 1967. (includes the description of over 250 Roman fibulae found at the site)