მუნისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინდინარეობის დამაარსებელი სონ მიუონგ მუნი.

მუნიზმი — რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც თავისი საპროგრამო დოქტრინით ნახევრად სოციალურ-პოლიტიკური გაერთიანებაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნისტთა სექტის დამაარსებელია სონ მიუონგ მუნი. იგი ჩრდილოეთ კორეაში, პრესვიტერიანულ ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდობაში სხვადასხვა სექტის წევრი იყო. 1950 წელს დამოუკიდებელ რელიგიურ მოღვაწეობას იწყებს და სამხრეთ კორეაში აარსებს თავის ორგანიზაციას. მსოფლიოში პირველმა კონსერვის ცარიელი ქილებისგან ააგო საკუთარი ეკლესია. ოთხჯერ გაასამართლეს და ოთხჯერ იჯდა ციხეში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ხუთჯერ დაქორწინებულიყო. მეხუთედ ცოლად შეირთო სეულის უნივერსიტეტის სტუდენტი, 18 წლის ქალიშვილი, რომელთანაც მრავალი შვილი გააჩინა.

მუნმა დიდ წარმატებას მიაღწია აშშ-ში, სადაც თავისი ანტიკომუნისტური პროპაგანდის წყალობით 72 სხვადასხვა ქალაქის საპატიო მოქალაქედაც კი აირჩიეს, მაგრამ ბოლოს აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა. იგი საფრანგეთში წავიდა. სწორედ საფრანგეთში ჩამოაყალიბა თავისი მოძღვრება. მუნის აზრით, რაკი ქრისტემ ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა და მემკვიდრის დატოვება, რაც, თუ განხორციელდებოდა, საწინდარი იქნებოდა ამქვეყნად ღვთიური მეუფებისა, ამიტომ ამ მისიის შესრულება მას დაეკისრა და საბოლოოდ თვითონ იხსნიდა კაცობრიობას. ამის გამო თავის თავს "ახალი მესია" უწოდა და განაცხადა, მე დავამარცხებ სატანასო.

თავისი მისიის აღსასრულებლად მუნის კონკრეტულად უნდა გაერკვია ქრისტეს მეორედ მოსვლის ადგილსამყოფელი, რადგანაც ეს ახალი "აღთქმული მიწა" მისი რელიგიური სიდიადის დასტურიც უნდა გამხდარიყო. ამ მიზნით ბევრი "იმუშავა" ახალი აღთქმის წიგნებზე და განაცხადა, ეს ადგილსამყოფელი აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანა იქნება: ან კორეა, ან იაპონია, ან ჩინეთიო. თუმცა იაპონია ვერ იქნება "აღთქმული მიწა", ვინაიდან მთელი ისტორიის მანძილზე მზის ქალღმერთს ეთაყვანებოდა, ხოლო როგორც ფაშისტური სახელმწიფო, კორაში ქრისტიანობას დევნიდა; ჩინეთი კომუნიზმის კერაა და ამიტომ ვერც ის გამოდგება "აღთქმულ მიწად"' სამაგიეროდ კორეა იქნება ის ქვეყანა, სადაც ქრისტე მეორედ მოვაო.

მუნმა მალე ყურადღება მიაპყრო ახალგაზრდობის პრობლემებს. სათავე დაუდო ასობით და ათასობით ახალგაზრდა წყვილთა ერთდროულ ჯგუფურ ქორწინებებს სტადიონებსა და დიდ სასახლეებში. მუნის მოწოდებით ადამიანი ერთადერთ ნამდვილ ოჯახს მხოლოდ მის რელიგიურ გაერთიანებაში შექმნიდა. სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი მუნისტური ორგანიზაციები თავიანთ თავსაც "ოჯახს" უწოდებდნენ, ხოლო ხელმძღვანელებს - მუნსა და მის მეუღლეს - "მამას და დედას".
მუნისტურ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველმა ფული უნდა გადარიცხოს მუნის "ეკლესიაში" და ამის შემდეგ მიაქცევს ყურადღებას ახალი თემი და მისი მამა. მუნი ქრისტიანობის წინააღმდეგია. იგი ამბობდა, რომ მისი მიმდევრები ქრისტიანობას გასრესდნენ, შემდეგ კი უფალს დედამიწაზე მოიხმობდნენ და მათი იქნებოდა მთელი მსოფლიო, რომ კაცობრიობის ისტორიაში იყვნენ წმინდანები, მოციქულები, მრავალი დიდი რელიგიური ლიდერი, მაგრამ მე ყველაზე დიდი ვარ, უფრო დიდიც, ვიდრე იესო ქრისტეო. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მუნიზმი ვრცელდება სამხრეთ ამერიკაში. ქ.სეულში ჩატარდა მუნისტების "საერთაშორისო კონფერენცია მეცნიერების ერთობისათვის", რომელშიც 109 ქვეყნის 800 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის სახელმწიფოთა ყოფილი ლიდერები, ელჩები, მეცნიერები, ჟურნალისტები.

მუნის ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნის ორგანიზაცია ყოველ წელს 100 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს თავისი "ეკლესიის" საჭიროებისათვის. ამერიკაში, ევროპასა და აზიაში უზარნაზად ქიბებას ფლობს, აქვს მრავალი ბეჭდვითი ორგანო, რომლებიც უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ენაზე ვრცელდება, აქვს ასევე საარაკო კაპიტალის მქონე საწარმოო გაერთიანებები.

მუნის მიზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნის დაბადების 80 წლისთავი ქ. სეულში დიდი ზარ-ზეიმით ჩატარდა. მან სიტყვაში ხაზი გაუსვა თავის მესიანურ მისიას და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 16 წლისამ ლოცვითი კავშირი დაამყარა უფალთან. ამქვეყნად კი იმისთვის მოვიდა, გაეგო კაცობრიობის უბედურების მიზეზი(შეიძლება პარალელი გავავლოთ გაუტამა ბუდას მოღვაწეობის დასაწყისთან), გაიგო კიდევაც ეს მიზეზი და ახლა კაცობრიობის დასახსნელად იბრძვის, გახდა კაცობრიობის ნამდვილი მშობელი მამა და მხოლოდ სხვებისთვის ცხოვრობდა, როგორც ღმერთის წარმოგზავნილი.

მუნისტები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნისტური სექტა გარკვეულწილად საქართველოშიც შემოვიდა. მათ სცადეს "განათლების საერთაშორისო ფონდის" სახელით ქართულ სკოლებში თავიანთი სწავლების გავრცელება დაეწყოთ. დაგეგმეს კიდევაც "საგანმანათლებლო" კონფერენციის ჩატარება თბილისის სკოლების მასწავლებელთათვის, მაგრამ კონფერენცია ჩაიშალა. მუნისტები ქუჩებში უფასოდ არიგებენ ფურცლებს, რომელთაც ასეთი სათაური აქვთ: "ჭეშმარიტი ოჯახის პირობა", ხოლო ორგანიზაციას უწოდებენ ოჯახის ფედერაციას. [1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]