მრავალჟამიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მრავალჟამიერი — ქართული ხალხური სამხმიანი სუფრული სიმღერა და სასულიერო საგალობელი. სუფრული მრავალჟამიერი ორგვარია — სოფლური და ქალაქური. არის აგრეთვე გრძელი და მოკლე მრავალჟამიერი.

გრძელ მრავალჟამიერს ვხვდებით ქართლურ და კახურ სასიმღერო შემოქმედებაში. იგი ფორმის, ფაქტურის, სტრუქტურის დახვეწილობით, მხატვრული გამომსახველობის საშუალებათა სიმდიდრით ქართული მუსიკალური ფოლკლორის მშვენებაა. ამ სიმღერის ლაღად გაშლილ ჰანგს ამთავრებს 2 ზემოთა ხმა, რომლებიც გაბმული ბანის ფონზე ერთიმეორეს ხან ენაცვლებიან, ხან პარალელურად მოჰყვებიან და ქმნიან კონტრაპუნქტულ შეხამებებს. საყურადღებოა მეტრის ცვალებადობა, კილოური გადასვლები, სამოდულაციო ხერხები, რომელთა საშუალებით მრავალჟამიერი ყოველ გამეორებისას თითო საფეხურით მაღლდება, ემოციური ზემოქმედება მატულობს და სიმღერა საზეიმო ხასიათს იღებს. მრავალჟამიერის პოეტური ტექსტი ნებისმიერია, ხშირად მიმართავენ აფორიზმებს.

მოკლე მრავალჟამიერი კუპლეტური ფორმისაა. მას არ გააჩნია პოეტური ტექსტი, შემოფარგლულია მიმართვით იმისდამი, ვისი სადღეგრძელოც შეისვა — „მრავალჟანიერ ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე“, რომელსაც მისდევს სამადლობელი — „მადლობელი ვარ სადღერგრძელოსთვის“. აღმოსავლეთ საქართველოში მას ხმათა ჰომოფონიურობა ახასიათებს, დასავლეთ საქართველოში — პოლიფონიური შეხამება.

ქალაქური მრავალჟამიერი წარმოიშვა XIX საუკუნეში ევროპული მუსიკისა და რუსული საეკლესიო გალობის ზეგავლენით. ამას ადასტურებს მრავალჟამიერის პოპულარული სახელწოდებები „ცეტური“, რომელიც მომდინარეობს გერმანული სამუსიკო ტერმინისაგან „ცე დურ“ (დო მაჟორი) და „ცერკოვნი“, რომელიც ცხადია, მომდინარეობს რუსული „церковный“-დან. სხვა ქალაქური მრავალჟამიერებიც მსგავს მუსიკალურ მასალაზეა აგებული.

სასულიერო მრავალჟამიერი საზეიმო ხასიათის საგალობელია, სრულდება ეკლესიაში, რომელიმე პიროვნების ან მოვლენისადმი მიძღვნილი პარაკლისის დროს. ტექსტი შედგება მხოლოდ ერთი სიტყვისაგან — „მრავალჟამიერ“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]