მიხეილ ტვერელი
| მიხეილ ტვერელი | |
|---|---|
| მიხეილ ტვერელის ხატი | |
| დაიბადა | 1272 |
| გარდაიცვალა | 1318, ოქროს ურდო |
| წმიდ. შერაცხვა | 1549 |
| ხსენების დღე | 5 დეკემბერი |
მიხეილ ტვერელი - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 22 ნოემბერი, ახალი სტილით - 5 დეკემბერი. კეთილმსახური მთავარი მიხეილ ტვერელი წმინდა ალექსანდრე ნეველის (ხს. 6 დეკემბერს) ძმისწული იყო. იგი დაიბადა 1272 წელს. მამის - დიდი მთავრის იაროსლავ იაროსლავის ძის გარდაცვალების შემდეგ მიხეილის დედამ, ქსენიამ წმინდანის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს კლიმენტის მიანდო.
მიხეილი ტვერის სამთავროს ტახტზე ძმას, სვიატოსლავს შეენაცვლა. წმინდა მთავრის ღვთივსათნო ცხოვრების მოშურნე და საკუთარი ამბიციებით გონებადაბინდულმა მოსკოვის მთავარმა იურიმ ჯერ ომი დაიწყო ტვერის სამთავროს წინააღმდეგ, შემდეგ კი, დამარცხებით გაბოროტებულმა, ცილისმწამებლური ბრალდებებით ოქროს ურდოში დაასმინა წმინდა მიხეილი. განრისხებულმა ხანმა თავისთან იხმო წმიდანი. უფლის რჩეულმა არ ისურვა, ხანთან უთანასწორო ბრძოლაში რუსი მეომრების სისხლი დაეღვარა და მორჩილებით გაემართა ოქროს ურდოში, სადაც უეჭველი სიკვდილი ელოდა. გამგზავრების წინ ის გამოემშვიდობა ოჯახს, ტვერელებს და სულიერი მოძღვრისგან - იღუმენ იოანესგან მოწამეობრივ ღვაწლზე ითხოვა კურთხევა.
ურდოში წმინდა მთავარს ხანის ურჩობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. საპყრობილეში მიხეილი, ჩვეულებისამებრ, გამუდმებით ფსალმუნებს კითხულობდა, უფალს მადლობდა მისთვის წარმოგზავნილი სატანჯველებისათვის და წინამდებარე მოწამეობრივ ღვაწლში შემწეობას სთხოვდა. დატყვევებული წმინდა მთავარი მოთმინებით იტანდა გვემას და შეურაცხყოფას. მას გაქცევაც შესთავაზეს, მაგრამ ნეტარი გაბედულად უპასუხა:
|
„„სიცოცხლეში მტრებს არასდროს გავქცევივარ! მე რომ გადავრჩე, ჩემს ხალხს კი უბედურება ეწიოს, ჩემთვის რა სახელი იქნება? იყოს ნება ღვთისა!““
|
წმინდა მიხეილს ხშირად აკითხავდნენ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები. ნეტარი ყოველ კვირას ამბობდა აღსარებას და ეზიარებოდა. ერთ საღამოს დატყვევებულ წმინდანთან მკვლელები შეიჭრნენ. მახვილით განგმირეს და გული ამოაჭრეს (1318 წელი). იმავე ღამეს ბევრმა ცხადად იხილა, თუ როგორ დაადგა ნათლის ორი ღრუბელი იმ ადგილს, სადაც მარტვილი ესვენა. ურდოდან წმინდა მიხეილის ნეშტი მოსკოვში გადაასვენეს და კრემლის მაცხოვრის ტაძარში დაკრძალეს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1319 წელს შეიტყვეს ტვერელებმა, თუ რა ბედი ეწია მათ მთავარს. წმინდანის მეუღლის, მთავარი ანას (ხს. 2 ოქტომბერს) სურვილითა და ტვერელთა თხოვნით ნეტარი მიხეილ ტვერელის წმინდა ნაწილები 1320 წლის 6 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქში, მის მიერვე აგებულ უფლის ფერისცვალების ტაძარში დაკრძალეს. კეთილმსახური მთავარი 1549 წელს შერაცხეს წმინდანად, 1632 წლის 24 ნოემბერს კი მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
1912 წელს თბილისში აიგო კეთილმსახური მთავრის, მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
სტატიის