მაღაროსკარის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღაროსკარის პირველი ეკლესია — არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროსკარიდან ჩრდილოეთით, 4 კილომეტრზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას, ნასოფლარი კართანასთან, მთის თხემზე. განეკუთვნება X-XI საუკუნეებს. 1974 წელს გაითხარა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში შირიმის თლილი ქვებიცაა გამოყენებული. გრძივი კედლებისა და დასავლეთი კედლის დიდი ნაწილი დანგრეულია, ჩაქცეულია კამარა. გარედან სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების მნიშვნელოვან ნაწილს მიწაყრილი ფარავს. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე კარი გარედან ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. შიგნით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ მკვეთრად შევიწროვებული თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ნიშია. ჩრდილოეთის ნიში გადახურულია ერთმანეთზე მიყრდნობილი ორი ქვის ფილით. სამხრეთის ნიში სწორკუთხაა, საკმაოდ ღრმაა და გეგმით ტეხილის ფორმა აქვს. საკურთხევლის ბაქანი ერთი საფხეურით ამაღლებულია. საკურთხეველში შემორჩენილია ფიქლის ფილებით მოგებული და კირხსნარით მოსწორებული იატაკის ფრაგმენტები. საკურთხევლის შუაში შირიმის ბლოკებით ნაგები ტრაპეზის მცირე ნაწილია. შირიმით ნაწყობი კანკელისგან საფუძველიღაა შემორჩენილი. სატრიუმფო თაღი, რომლის უმეტესი ნაწილი შირიმის ქვითაა ნაწყობი, ეყრდნობა შირიმის პროფილირებულ იმპოსტებს. გრძივ კედლებზე ორ-ორი ორსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრების წინა საფეხურზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით დარბაზის კამარა სამ ტოლ ნაწილად იყოფოდა. პილასტრებს შორის თითო ნახევარწრიული ყრუ თაღია გამოყვანილი, რომელთა იმპოსტების პროფილს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე შეადგენს. ეკლესიის შემორჩენილი კედლები შიგნით და გარეთ შელესილია.

ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენი ეკვროდა, რომლისგანაც მხოლოდ კვალია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]