ლუციუს პრისკუს ტარკვინიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ლუციუს ტარკვინიუსი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლუციუს ტარკვინიუსი.
ლუციუს ტარკვინიუსი

ლუციუს პრისკუს ტარკვინიუსი (ლათ. Lucius Tarquinius Priscus) რომის მეხუთე მეფე. მეფობის წლები (ძვ. წ. 616 - ძვ. წ. 579)

წარმოშობა და მეფედ არჩევა[რედაქტირება]

ლუციუსი იყო კორინთოელი დემარატის ვაჟი, მამამისი კორინთოდან სამოქალაქო ომის დროს გაიქცა და ეტრუსკულ ქალაქ ტარკვინიუსში დასახლდა. აქ მან ცოლი მოიყვანა და ორი ვაჟი, ლუკუმონუსი (მოგვიანებით ლუციუსი) და არუნტი შეეძინა. ლუკომონუსის ძმა ადრე მოკვდა, ამიტომ იგი თავისი მამის ქონების ერთადერთი მემკვიდრე გახდა. მამის სიკვდილის შემდეგ მან ცოლად დიდგვაროვანი ქალი ტანაკვილი მოიყვანა. პატივმოყვარე ქალისთვის რთული იყო იმასთან შეგუება რომ მისი მეუღლე არ სარგებლობდა ქალაქში სათანადო პატივით. ლუკუმონუსიც არ იყო პატივმოყვარეობას მთლად მოკლებული. მისმა მეუღლემ მიიჩნია რომ რომი მისი ჭკვიანი და ენერგიული ქმრის თვისებების გამოსავლენად და განსადიდებლად საუკეთესო ადგილი გახდებოდა, ვინაიდან ეს ქალაქი ახალი დაარსებული იყო და შესაბამისად იქაური არისტოკრატიაც ახალი წარმოშობილი იყო, თან მათ თავისი ადგილი საზოგადოებაში მხოლოდ პირადი დამსახურებებით მიიღეს.

ამრიგად ცოლქმარი რომში გადასახლდა. ახლად ჩამოსულები ქალაქში კარგად მიიღეს. აქ ლუკუმონუსმა სახელი შეიცვალა და ლუციუს ტრანკვინუსი დაირქვა, მოგვიანებით კი მას პრისკუსი ანუ ძველი შეარქვეს რათა მეორე ლუციუს ტარკვინიუსისგან განეხვავებინათ. ტანაკვილი არ შეცდა არჩევანში, ლუციუსმა მალე მიიპყრო რომაელთა ყურადღება და მეფე ანკუს მარციუსთან დაახლოვდა. იგი ქალაქის საბჭოებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და მალე მეფის ნდობა და მეგობრობაც დაიმსახურა. ამგვარად მარციუსის გარდაცვალების შემდეგ იგი მისი ვაჟების მეურვე გახდა.

ტარკვინიუსი ყველანაერად ეცადა ახალი მეფის არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო, ხოლო არჩევნების დღისთვის ანკუსის ვაჟები სანადიროდ გაუშვა. არჩევნებზე იგი ისეთი შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა, რომ სენატმა იგი მეფედ აირჩია.

მმართველობა[რედაქტირება]

ტარკვინიუსმა სენატი ახალი სენატორებით შეავსო. პირველი ომი მას ლათინებთან ჰქონდა, რომში იგი დიდძალი ნადავლით დაბრუნდა და აქამდე არნახული სიმდიდრის თამაშები მოაწყო. ცირკისთვის მან გამოყო ადგილი, რომელზეც მოგვიანებით დიდი ცირკი აშენდა. დღეს ეს გრანდიოზული ნაგებობა არაა შემორჩენილი, მაგრამ იმ ადგილზე კარგად ჩანს ცირკის კონტურები. ამ დროიდან რომში შემოვიდა ყოველწლიური თამაშების ჩატარების ტრადიცია, ამ თამაშებს რომაული ანუ დიდი ეწოდა.

ტარკვინიუსს ამის გარდა სურდა ქალაქის გარშემო ქვის გალავნის აგება, მაგრამ მას საბინელებთან გაჩაღებულმა ომმა შეუშალა ხელი. ომი იმდენად უეცრად დაიწყო, რომ რომაელებმა სათანადოდ მომზადება ვერც კი მოახერხეს. პირველ ბრძოლაში ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა, მაგრამ უპირატესობა ვერცერთმა ვერ მოიპოვა. ტარკვინიუსმა განსაზღვრა რომ რომაულ ჯარს აკლდა კარგი მხედრები, ამიტომ არსებულ სამ ცენტურიას მან მხედრები მიამატა.

მეორე ბრძოლა მდინარე ანიენის პირას გაიმართა. ჯარის გაძლიერებასთან ერთად რომაელებმა გამოიყენეს ეშმაკობაც: წინასწარ გაგზავნეს ხალხი, რომლებმაც მდინარის პირას მიმოფანტულ მორებს ცეცხლი წაუკიდეს და ტივებით წყალში გაუშვეს, ქარმა გააღვივა ცეცხლი, ტივები კი ხიდის ბურჯებში გაიჩხირა. ხიდს ცეცხლი წაეკიდა. ამან შეაშინა საბინელები და გაქცევაში ხელი შეუშალა. მდინარეში ჩაძირული საბინებელის აღჭურვილობა დინებამ რომთან გამოიტანა, ამრიგად ქალაქში გამარჯვების შესახებ უფრო ადრე შეიტყვეს ვიდრე ლაშქარი დაბრუნდა. თვითონ ბრძოლაში კი მხედრებმა გამოიჩინეს თავი.

ამ ომის შედეგად რომაელებმა საბინელებს კოლაცია (რომიდან 7-8კმ აღმოსავლეთით) წაართვეს. საბინელებთან ომის შემდეგ, ტარკვინიუსი ტრიუმფით დაბრუნდა რომში. ამის შემდეგ მან ძველი ლათინების წინააღმდეგ გაილაშქრა. ამ ომში დიდი ბრძოლები არ მოხმხდარა, მეფემ სათითაოდ აიღო ლათინების ქალაქები და ასე დაიპყრო მთელი ერი.

ომების დასრულების შემდეგ მან ააშენა ქალაქის გარშემო ქვის გალავანი, დააშრო ფორუმის გარშემო დაბალი ადგილები და ააშენა დრენაჟების სისტემა, რათა ტიბრის ადიდებისას წყალდიდობები თავიდან აეცილებინა. კაპიტოლიუმზე მან იუპიტერის ტაძრის მშენებლობა დაიწყო.

ტარკვინიუსმა დაიახლოვა და აღზარდა როგორც საკუთარი შვილი, მის სახლში მცხოვრები მონა-ქალის ვაჟი სერვიუს ტულიუსი. მოგიანებით კი მან თავისი ქალიშვილი გაათხოვა შვილობილზე. ანკუს მარციუსის ვაჟები თვლიდნენ რომ ტარკვინიუსმა მათ მამის ტახტი უკანონოდ წაართვა, ხოლო ის რომ მისი მემკვიდრე მონად დაბადებული შეიძლებოდა გამხდარიყო, მათ აღმაშფოთებლად მიაჩნდათ. ამიტომ მათ განიზრახეს მეფის მოკვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

ამ მიზნისთვის მათ ორი თავზეხელაღებული მწყემსი აირჩიეს. მწყემსებმა სასახლის წინ საშინელი აყალმაყალი ატეხეს და მეფეს მოუხმობდნენ. როდესაც მეფემ ეს გაიგო, მან ბრძანა შემოეშვათ მწყემსები. მათ მეფის წინაშეც განაგრძეს წივილ კივილი, ლიქტორებმა ისინი დააშოშმინა და უბრძანა რიგრიგობით ელაპარაკათ. პირველმა მწყემსმა წინასწარ გამზადებული ისტორიის მოყოლა დაიწყო, სანამ მეფე მას ყურადღებით უსმენდა, მეორე მწყემსმა ნაჯახი ამოიღო და ტარკვინიუსს თავში ჩაარტყა.

მწყემსები იქვე შეიპყრეს, მაგრამ მეფე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. ტანაკვილმა ბრძანა ჩაეკეტათ სასახლე და არავინ შემოეშვათ. როდესაც იგი დარწმუნდა რომ ქმარი კვდება, მან მიმართა სერვიუსს ტულუსს, რათა მეფის სიკვდილი არ დარჩენილიყო დაუსჯელი. ტარანკვილმა ყველაფერი იღონა, რათა სიძე გამხდარიყო მეფე, და მხოლოდ ამის შემდეგ ამცნო ხალხს ტარკვინიუსის გარდაცვალების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ტიტუს ლივიუსი "რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან"


წინამორბედი რომის მეფე შემდგომი
ანკუს მარციუსი ძვ. წ. 641-ძვ. წ. 617 სერვიუს ტულიუსი