ლომისა (ღვთაება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომისა (მრავალმნიშვნელოვანი).

ლომისა, წინაქრისტიანული ღვთაება მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, მეორე — სოფ. მლეთაში. ლომისას დღესასწაული იმართებოდა აღდგომის მე-7 კვირას.

ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებოდნენ მთელი აღმოსავლეთი საქართველოდან. დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და „ფერხისას“ სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმ. გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისასსახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხსავე ბოლოზე სოლარული სიმბოლოები — ბურთები ჰქონდა მიმაგრებული. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და ხელში მათრახი უჭირავს, რომლის დაკვრითაც წვავს ბოროტს. ლომისა გენეტიკურად უკავშირდება მონადირე, მხედარ ღვთაებას, რომელთა კულტი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ჩანს გავრცელებული საქართველოში. ლომისას კულტს სინკრეტიზაციის რთული გზა აქვს გავლილი და ქრისტიანობის ხანაში წმ. გიორგის სახელს დაუკავშირდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაკალათია ს., მთიულეთი, ტფ., 1930;
  • Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верованиа и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957;