ლითონების დამუშავება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლითონების დამუშავება — სასურველი ფორმის, ზომის, ზედაპირის ხარისხისა და მექანიკური თვისებების მქონე ლითონის ნაკეთობის მიღება. ლითონების დამუშავებისთვის იყენებენ სხვადასხვა ტექნოლოგიას: სამსხმელო წარმოება, წნევით დამუშავება, ჭრით დამუშავება (იხ. ლითონსაჭრელი ჩარხი), თერმული დამუშავება.

სამსხმელო წარმოება ლითონების დამუშავების ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიაა. ჩამოსხმით მიიღება ლითონისაგან დამზადებული ნაკეთობების ნახევარზე მეტი. გავრცელებულია მიწის ყალიბში ჩამოსხმა, რომლის დროსაც საყალიბე მასად ძირითადად კვარცის ქვიშა გამოიყენება. არსებობს წნევით და ცენტრიდანული ჩამოსხმის მეთოდები. ამ შემთხვევებში ყალიბს ლითონისაგან ამზადებენ. ე. წ. ზუსტი ჩამოსხმისათვის ცვილის მოდელებს იყენებენ. ამ მეთოდით მიღებულ ნაკეთობას მექანიკური დამუშავება არ სჭირდება.

ლითონების წნევით დამუშავების ტექნოლოგიებია: გლინვა, ჭედვა, ტვიფრვა, ადიდვა, დაწნეხა; თერმული დამუშავების ტექნოლოგიებია: მოწვა, წრთობა, მოშვება, დისპერსიული განმტკიცება.

არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ლითონების დამუშავების ტექნოლოგიები უძველესი დროიდან ვითარდებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიები კი XX საუკუნის 60-იან წლებში დაინერგა. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ამოქმედდა სსრკ-ში პირველი რადიალური ტიპის უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარი და მსოფლიო პრაქტიკაში პირველად შეიქმნა კომპლექსურად ავტომატიზებული მილსაგლინავი აგრეგატი „400“ 1.2 კმ სიგრძის ტექნოლოგიური ხაზით. ამ აგრეგატის ამუშავებამ მინიმუმამდე დაიყვანა ხელით შრომა და შესაძლებელი გახადა დიდი დიამეტრის უნაკერო ფოლადის მილების მიღება. ამ მიღწევისათვის ს. შარაშენიძეს, ნ. გომელაურს, დ. შალიგინს, ი. ჟორდანიას, გ. გევორქიანს, პ. წერეთელს, ს. მალიშევს, კ. გრუშეცკის ლენინური პრემია მიენიჭათ (1969). შემდეგ წლებში მეტალურგიული ინსტიტუტის (ახლანდ. ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი) მონაწილეობით (ხელმძღვ. ა. ნოზაძე) დამუშავდა დიდი კვეთის მილნამზადის უწყვეტი გლინვის თეორია და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ამუშავდა უწყვეტი გლინვის დგანი. 80-იან წლებში რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში თერმომექანიკური დამუშავების გამოყენებით შეიქმნა ტიტანით მიკროლეგირებული რამდენიმე მარკის ფოლადი, რომლებიც დაინერგა მილების წარმოებაში (ვ. კოპალეიშვილი, ი. მირიანაშვილი, ი. კვირიკაძე).

XXI საუკუნის 10-იან წლებში, გასული საუკუნის 90-იანი წლების კრიზისის შემდეგ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო წარმოების აღდგენა. ამჟამად ლ. დ. მიმდინარეობს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიით. საწარმოს პროდუქცია გამოიყენება საქართველოში და გადის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამთო-მეტალურგიული ენციკლოპედია, ორ ტომად, თბ., 2020.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]