ლევან ასათიანი (იურისტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან გიორგის ძე ასათიანი (დ. 3 აპრილი, 1887, თბილისი, — გ. 9 მაისი, 1971, იქვე) — ქართველი იურისტი და ეკონომისტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ეკონომიკური განყოფილება 1911 წელს. 1922 წლამდე იურისტად მუშაობდა მოსკოვსა და თბილისში. 1918 წლის დეკემბერში არჩეული იყო თბილისის მაზრის ხმოსნად. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს სენატის წევრი, მუშაობდა სამოქალაქო სამართლის საკასაციო დეპარტამენტის სენატორად. შემდეგ მოღვაწეობდა ეკონომიკის დარგში სხვადასხვა სამეურნეო ორგანიზაციაში. ამავე დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში კითხულობდა ლექციების კურსს ეკონომიკაში.

1942 წლიდან ასათიანი სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრაზე. აქვე დააარსა და ხელმძღვანელობდა ეკონომიკური ინფორმაციის მექანიზებული დამუშავების კათედრას. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება ეკონომიკის ინფორმაციის მანქანური დამუშავების საკითხებს. ასათიანმა შექმნა გამოთვლითი ცხრილები, შეადგინა სახელმძღვანელოები. ავტორია 4 გამოგონებისა, აქედან — „მოწყობილობას საანგარიშო გამოთვლებისათვის“ მიენიჭა სპეციალური პრემია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 226.
  • ქანთარია ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 38.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]